საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 22.07.2004
საქმის ნომერი
2კ-227აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
22.07.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 227-აპ 22 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გაბრიჩიძე (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,თ. კობახიძე

განიხილა მსჯავრდებულ კ. ბ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ რ. რ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მაისის განაჩენზე, რომლითაც მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 ნოემბრის განაჩენში კ. ბ-ის მიმართ შეტანილ იქნა ცვლილება.

აღწერილობითი ნაწილი:

საბრალდებო დასკვნით კ. ბ-ლს ბრალი დაედო განზრახ მკვლელობის ჩადენაში, კერძოდ:

2002წ. 10 მაისს, მცხეთის რაიონის სოფ. ---ში მცხოვრებ, მთვრალ კ. ბ-ლს ურთიერთშელაპარაკება მოუხვდა ასევე მთვრალ ძმასთან, გ. ბ-თან, რომელიც ჯერ არმატურისა და ელექტროდის წკირით იწევდა მასზე, შემდეგ კი _ ოთახიდან გამოტანილი პურის საჭრელი დანით. ქუჩაში ძმებს შორის კვლავ მოხდა ურთიერთშელაპარაკება და ჩხუბი, რა დროსაც კ. ბ-მა მის ხელთ არსებული დანა დაარტყა გ. ბ-ლს მუცლის არეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

საქმე პირველი ინსტანციით განიხილა მცხეთის რაიონულმა სასამართლომ და კ. ბ-ის ქმედება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლიდან გადააკვალიფიცირა იმავე კოდექსის 113-ე მუხლზე და შეუფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დაზარალებულმა მ. ხ-ამ და მსჯავრდებულმა კ. ბ-მა. სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 17 თებერვლის განჩინებით გაუქმდა რაიონული სასამართლოს განაჩენი და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. რ-მ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2003წ. 3 ივლისის განჩინებით გააუქმა სააპელაციო სასამართლოს განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადასცა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 ოქტომბრის განჩინებით მცხეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი კ. ბ-ის მიმართ კვლავ გაუქმდა და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს. სასამართლომ განჩინებაში მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმის სასამართლო განხილვისას დაირღვა დაზარალებულ მ. ხ-ას უფლებები, რაც საქმის ხელახალი განხილვისას უნდა გამოსწორდეს.

მსჯავრდებულ კ. ბ-ის საკასაციო საჩივრის საფუძველზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2003წ. 16 დეკემბრის განჩინებით გააუქმა თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის განჩინება და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადასცა იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მაისის განაჩენით მცხეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 1 ნოემბრის განაჩენში შევიდა ცვლილება. მსჯავრდებული კ. ბ-ლი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით (ნაცვლად 113-ე მუხლისა) და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი რ. რ-ე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამამართლებელი განაჩენის დადგენას.

პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ კ. ბ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. რ-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის დადგენა.

პროკურორმა გ. ქ-მა მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

დაზარალებულმა მ. ხ-ამ მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო გამოკვლევა ჩატარებულია სრულყოფილად და საპროცესო კანონმდებლობის დაცვით. გამოძიებისას და სასამართლო განხილვის დროს მსჯავრდებულის უფლებები არ დარღვეულა.

საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ გ. ბ-ის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია მსჯავრდებულ კ. ბ-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ, რასაც სწორი იურიდიული კვალიფიკაცია მისცეს გამოძიებამ და სასამართლომ.

საქმის მასალებით დადგენილია ისიც, რომ კ. ბ-მა გ. ბ-ლს მის ხელთ არსებული დანა დაარტყა მუცლის არეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, რაც მოცემულ კონკრეტულ შეთხვევაში, საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, არ შეიძლება შეფასდეს აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადაცილებით ჩადენილ განზრახ მკვლელობად, ვინაიდან, კ. ბ-ის მიერ გ. ბ-სათვის სასიკვდილო ჭრილობის მიყენება მოხდა ისეთ მდგომარეობაში, როცა ეს უკანასკნელი გაუვნებელყოფილი, დაწყნარებული იყო და აღარ წარმოადგენდა საშიშროებას კ. ბ-სათვის.

მოწმე მ. ნ-ის ჩვენებებით დადგენილია, რომ მთვრალი კ. ბ-ლი და გ. ბ-ლი ურთიერთშორის ჩხუბობდნენ. ვინაიდან ჩხუბის ხმა დიდხანს არ წყდებოდა, იგი იძულებული შეიქნა მისულიყო მათ ოჯახში. ეზოში შესვლისას შეხვდა კ. ბ-ლი, რომელსაც ხელში დანა ეჭირა. მ. ნ-ლმა უსაყვედურა კ. ბ-ლს ძმებს შორის ჩხუბის გამო და ურჩია გასცლოდა იქაურობას. კ. ბ-მა დაუჯერა მას და ორივენი გავიდნენ ქუჩაში. მ. ნ-მა მოსთხოვა კ. ბ-ლს გადაეცა დანა მისთვის და ის შეუნახავდა, რაზედაც ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა. მ. ნ-ლი შევიდა თუ არა ეზოში, ისევ ატყდა კივილი, რის გამოც გამოვიდა გარეთ, რა დროსაც დაინახა, რომ მისი სახლის ქვემოთ იდგა კ. ბ-ლი, ხოლო ზემოდან გამორბოდა გ. ბ-ლი ,,ელექტროდით” ხელში. გ. უცენზურო სიტყვებით აგინებდა კ.ს, რომელიც წამოვიდა ზემოთ, მიუახლოვდა გ.ს, რომელსაც აკავებდნენ დედა და და. მან ვერ დაინახა, თუ რა მოხდა. გაიგონა დედის კივილის ხმა და დაინახა გ., რომელსაც მოსდიოდა სისხლი. აღნიშნული ჩვენება წინასწარი გამოძიების დროს დაადასტურეს მოწმეებმა _ ვ., ა., ც. და მ. ბ-ებმა.

სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ გ. ბ-ის სიკვდილის მიზეზია გულის ჭრილობის შედეგად განვითარებული გულის ტამპონადა. ჭრილობის არხი მიემართება ქვევიდან ზევით, მარჯვნიდან მარცხნივ და შემავალია გულმკერდის ღრუსა და გულის მარჯვენა პარკუჭში. აღნიშნული ჭრილობა მიყენებულია რაიმე მჩხვლეტავ-მჭრელი იარაღის მოქმედებით. ეს დაზიანება მიეკუთვნება სიცოცხლისათვის საშიში მძიმე ხარისხს და მისგან დადგა სიკვდილი.

ალკოჰოლის მოხმარებისა და სიმთვრალის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების ოქმით დადგენილია, რომ მსჯავრდებული კ. ბ-ლი შემოწმებისას იმყოფებოდა მსუბუქი თრობის მდგომარეობაში.

მსჯავრდებულ კ. ბ-ის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულია ასევე ბიოლოგიური და ფიზიკო-ტექნიკური ექსპერტიზების დასკვნებითაც.

ამრიგად, პალატა თვლის, რომ გასაჩივრებული განაჩენით სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული გ. ბ-ის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას და სასჯელის ღონისძიებაც სამართლიანად არის განსაზღვრული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მაისის განაჩენი კ. ბ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.