საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 236-აპ 29 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,მ. გოგელია
განიხილა ქუთაისის საქალაქო პროკურორის თანაშემწის _ შ. ვ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 მაისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 მაისის განაჩენით მ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე, 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაენიშნა 2 წელი.
განაჩენით მ. გ-ს მსჯავრი დაედო ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადებისათვის, რაც გამოიხატა შემდეგში: მ. გ-ემ გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში შეიძინა ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის _ ყაყაჩოს თესლი, რისგანაც უკანონოდ დაამზადა ნარკოტიკული საშუალება “---ის" 10 მლ ნაყენი (0,35 გრ ნარკოტიკული საშუალება “---ის" მშრალი ნაშთის შემცველობით), რაც პოლიციის ოპერატიულმა სამსახურმა იმავე დღეს ამოიღო მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას.
ქუთაისის საქალაქო პროკურორის თანაშემწე შ. ვ-ძეE საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად იმ საფუძვლით, რომ მ. გ-სათვის შეფარდებული სასჯელი არ შეესაბამება მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და მის პიროვნებას და არის ლმობიერი.
სასამართლო სხდომაზე პროკურორმა შ. ვ-ემ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და განმარტა, რომ სასამართლოს მიერ პირობითი მსჯავრის გამოყენება მ. გ-ის მიმართ მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმიდან გამომდინარე, აშკარად მსუბუქი და უსამართლოა.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, პროკურორ შ. ვ-ეს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საკასაციო პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ მ. გ-სათვის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სწორი შეფასება მისცა მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, რომ მ. გ-ემ სასამართლო გამოძიებისას ხელი შეუწყო საქმის სრულყოფილად და სწრაფად გამოძიებას, იგი საქმის წარმოების დაწყების პირველივე დღიდან აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ ქმედებას, შეგნებული აქვს ამ ქმედების სიმძიმე და მისი შედეგები, ხასიათდება დადებითად, ჰყავს პირველი ჯგუფის ინვალიდი დედა, ორი მცირეწლოვანი შვილი, რომ ოჯახში არავინ არ მუშაობს და მთელი ოჯახი იმყოფება მის კმაყოფაზე, არ არსებობს მ. გ-ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ ასევე სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ სასამართლო-სამედიცინო ნარკოლოგიური საექსპერტო კომისიის დასკვნას, რომლის შესაბამისადაც მ. გ-ძე არ არის დაავადებული ნარკომანიით, არ საჭიროებს იძულებით მკურნალობას და სწორი დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ ასეთ შემთხვევაში საქმე გვაქვს ნარკოტიკული ნივთიერების მიღების ერთეულ შემთხვევებთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სწორია სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ მ. გ-ის გამოსწორება შეიძლება მისთვის სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდის გარეშე და მის მიმართ სამართლიანად არის გამოყენებული პირობითი მსჯავრი. ზემოდ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 მაისის განაჩენი მ. გ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ქუთაისის საქალაქო პროკურორის თანაშემწის _ შ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 19 მაისის განაჩენი მ. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.