საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 238-აპ 20 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,ნ. გაბრიჩიძე
განიხილა მსჯავრდებულ გ. ვ-სა და დაზარალებულ ზ. მ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მაისის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი გ. ვ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
გორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 7 ივლისის განაჩენით გ. ვ-ეს საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლით სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2004წ. 24 მაისს გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი შეცვალა იმ მიმართებით, რომ გ. ვ-ეს სსკ-ის 119-ე მუხლით სასჯელის ზომად განუსაზღვრა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. სააპელაციო პალატამ დანარჩენ ნაწილში გორის რაოინული სასამართლოს განაჩენი გ. -ს მიმართ უცვლელად დატოვა.
განაჩენით გ. ვ-ეს მსჯავრი დაედო ნ. მ-ისათვის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენებაში, რამაც გამოიწვია ამ უკანასკნელის სიცოცხლის მოსპობა. განაჩენის მიხედვით მან დანაშაული ჩაიდინა შემდეგ გარემოებებში: 2001წ. 22 დეკემბერს გორის რაიონის სოფ. ---ში ამჟამად გარდაცვლილმა ნ. მ-მა სცემა და სხეულის მსუბუქი დაზიანება მიაყენა არასრულწლოვან გ. ვ-ეს. იმავეწ. 25 დეკემბერს გ. ვ-ძე მამის კუთვნილი ავტომანქანა “გაზ-2410-ით” სოფლის ცენტრში შეხვდა ნ. მ-ლს. გ. ვ-ემ ნ. მ-ლი ჩაისვა ავტომანქანაში და საქმის გასარჩევად გავიდნენ სოფლის განაპირას, ყოფილი ავტოპარკის ტერიტორიაზე, სადაც ისინი შეკამათდნენ, რაც შემდეგ ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს გ. ვ-ემ ამოიღო დანა და ნ. მ-ლს თხემის მიდამოში ერთჯერადი დარტყმით მიაყენა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, რის გამოც 2002წ. 14 მარტს ეს უკანასკნელი გარდაიცვალა.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული გ. ვ-ძე ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეწყვეტას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ ნ. მ-ის მიერ მის მიმართ განხორციელებული ქმედებების გამო, იგი იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში და ამიტომ დანა გამოიყენა თავდაცვის მიზნით.
საკასაციო საჩივრით დაზარალებული ზ. მ-ლი ითხოვს განაჩენის გაუქმებას. იგი აღნიშნავს, რომ მსჯავრდებული უნდა დასჯილიყო განზრახ მკვლელობისათვის, შესაბამისად _ სასჯელიც უფრო მკაცრი უნდა დანიშნოდა.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა მ. გ-ემ მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება. ადვოკატის აზრით, თუ პალატა მივა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებულს ჩადენილი აქვს ბრალად შერაცხული დანაშაული, მაშინ პალატამ უნდა იმსჯელოს სასჯელის შემსუბუქების შესახებ.
დაზარალებულმა ზ. მ-ლმა და მისმა ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ვ. ს-მა პალატის სხდომაზე შეცვალეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ზ. ო-ემ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მაისის განაჩენი გ. ვ-ის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:
პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოტივებს იმის შესახებ, რომ თითქოს მსჯავრდებულმა გ. ვ-ემ ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების ფარგლებში. ასეთის დამადასტურებული მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობით უდავოდაა დადასტურებული, რომ მსჯავრდებულმა გ. ვ-ემ ჩხუბის დროს ნ. მ-ლს დანით თხემის არეში მიაყენა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია მისი სიკვდილი. პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ გ. ვ-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული და ამ მიმართებით არ არსებობს განაჩენის გაუქმების საფუძველი. სააპელაციო პალატამ გაითვალისწინა რა მსჯავრდებულის პიროვნება, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, სასჯელი განუსაზღვრა იმ ზომით, რაც არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო.
პალატა თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მაისის განაჩენი გ. ვ-ის მიმართ დასაბუთებული და კანონიერია. ამდენად, არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 24 მაისის განაჩენი გ. ვ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.