საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 255-დად 27 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა შპს “---ს” დირექტორ რ.კ-ის ინტერესების დამცველის, ადვოკატ პ.გ-ის საჩივარი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა მოქალაქე კ.ტატიშვილის საჩივარი, გაუქმდა სატრანსპორტო პოლიციის 2003წ. 10 ოქტომბრის დადგენილება შპს “--ს” მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და საქმეზე განახლდა მოკვლევა.
აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 5 ივნისს სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალურ განყოფილებაში შევიდა მოქალაქე კ. ტ-ის განცხადება და მასალები საქართველოს რკინიგზის სადგურ თბილისი-სამგზავროში არსებულ ფირმა “---ს” კანონსაწინააღმდეგო საქმიანობაში მხილებასთან დაკავშირებით.
სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნ.გ-მა 2003წ. 10 ოქტომბერს გამოიტანა დადგენილება შპს “გმკ-ს” მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.
აღნიშნული დადგენილება მოქალაქე კ.ტ-მა გაასაჩივრა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში, რომელმაც 2004წ. 1 ივნისის დადგენილებით დააკმაყოფილა მოქალაქე კ.ტ-ის საჩივარი, გააუქმა სატრანსპორტო პოლიციის 2003წ. 10 ოქტომბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ შპს “---ს” მიმართ და საქმეზე განაახლა მოკვლევა.
შპს “---ს” დირექტორ რ.კალაძის ინტერესების დამცველი, ადვოკატი პ.გ-ძე საჩივრით ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ სატრანსპორტო პოლიციის 2003წ. 10 ოქტომბრის დადგენილების ძალაში დატოვებას იმ მოტივებით, რომ სასამართლო გასცდა თავის უფლებამოსილებას, როდესაც გააუქმა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომლის გაუქმების საფუძველიც შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოება; ამასთან, სასამართლომ საქმე განიხილა მხარის დასწრების გარეშე, როდესაც უზრუნველყოფილი არ იყო მისი სასამართლოზე დასწრება, რითაც დაარღვია სსსკ-ის მე-15 მუხლის მოთხოვნა.
შპს “---ს” დირექტორი რ.კალაძე მხარს უჭერს საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.
მოქალაქე კ.ტ-ლი არ ეთანხმება საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს სასამართლო დადგენილების უცვლელად დატოვებას. GAAUQMDA
პროკურორი დ.მ-ლი მხარს უჭერს საჩივრის მოთხოვნას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ სასამართლოს უფლება არ ჰქონდა, გაეუქმებინა სატრანსპორტო პოლიციის კანონიერ ძალაში შესული დადგენილება, რადგანაც საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოქალაქე კ.ტ-ლს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების ასლი ჩაბარდა 2004წ. 16 აპრილს, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად კი, მომკვლევის ან გამომძიებლის გადაწყვეტილება სასამართლოში შეიძლება გასაჩივრდეს 15 დღის ვადაში მას შემდეგ, რაც მომჩივნისათვის ცნობილი გახდება აღნიშნული გადაწყვეტილების თაობაზე. ამდენად, კ.ტ-მა ზემოაღნიშნული დადგენილება სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა.
პალატა ასევე ვერ გაიზიარებს საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ მხარისათვის ცნობილი არ იყო საქმის განხილვის თარიღი, რადგანაც საქმეში მოთავსებულია გაგზავნილი უწყებების ასლები. ასევე ირკვევა, რომ შპს “---ს” წარმომადგენელთა გამოუცხადებლობის გამო სხდომა 2-ჯერ გადაიდო 2004წ. 10 და 25 მაისს და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდა საქმის განხილვა შპს “---ს” წარმომადგენლის დაუსწრებლად.
ამასთან, პალატა ეთანხმება რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ მოცემულ საქმეზე ჩასატარებელია მთელი რიგი საპროცესო მოქმედებები; ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევის გზით დასადგენია რიგი გარემოებები.
პალატისთვის გაუგებარია სატრანსპორტო პოლიციის დეპარტამენტის კორუფციასთან და ეკონომიკურ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონალური განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელ ნ.გ-ის 2003წ. 10 ოქტომბრის დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი, რომელშიც მითითებულია, რომ “სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე შპს “--ს” მიმართ უარი ეთქვას, ვინაიდან არ არსებობს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება”. ე.ი. დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ გამოტანილია არა კონკრეტული პირის მიმართ, არამედ _ შპს “--ს” მიმართ, რაც დაუშვებელია. ზემოაღნიშნული დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი სამართლებრივად გაუმართავი და არასწორია.
საგულისხმოა ისიც, რომ პალატის სხდომაზე შპს “---ს” დირექტორმა რ.კ-ემ განაცხადა, რომ მას არანაირი შეხება არა აქვს მოქალაქე კ.ტ-თან. გ.ტ-ძე, ვისაც კ.ტატიშვილი უჩივის, არის შპს “---ს” დამფუძნებელი, რომელიც ადრე იყო სადგურ თბილისი-სამგზავროს უფროსი და სწორედ იმ პერიოდში დადებულ ხელშეკრულებებზეა დავა. ამდენად, მისთვის გაუგებარია, რატომ არის აღნიშნულ საქმეში ჩაბმული შპს “--”.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 ივნისის დადგენილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოქალაქე კ.ტ-ის საჩივარი, გაუქმდა სატრანსპორტო პოლიციის 2003წ. 10 ოქტომბრის დადგენილება შპს “---ს” მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და საქმეზე განახლდა მოკვლევა, უნდა დარჩეს უცვლელად. მხოლოდ სრულყოფილი გამოკვლევის შედეგად უნდა გადაწყდეს კონკრეტულ პირთა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 ივნისის დადგენილება, რომლითაც დაკმაყოფილდა მოქალაქე კ.ტ-ის საჩივარი, გაუქმდა სატრანსპორტო პოლიციის 2003წ. 10 ოქტომბრის დადგენილება შპს “---ს” მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და საქმეზე განახლდა მოკვლევა, დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.