საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 22.07.2004
საქმის ნომერი
2კ-263დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
22.07.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 263-დად 22 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (მომხსენებელი),თ. ლალიაშვილი,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ გ. ტ-ას კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც მსჯავრდებული გ. ტ-ვა არ გათავისუფლდა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1994წ. 28 ივნისის განაჩენით გ. ტ-ვა ცნობილ იქნა დამნაშვედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე ქვეპუნქტებით, სსკ-ის 104-ე მუხლის მეექვსე და მეშვიდე ქვეპუნქტებით და მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა გაძლიერებული რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში მოხდით.

გ. ტ-სთვის შეფარდებული სასჯელის მოხდის დასაწყისია 1993წ. 18 დეკემბერი, ხოლო დასასრული _ 2007წ. 18 დეკემბერი. სასჯელის სამი მეოთხედი მოიხადა 2004წ. 18 ივნისს. დღეისათვის მოხდილი აქვს 10 წელი, 7 თვე და 4 დღე.

2004წ. 20 ივნისს ქ. რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ გ. ტ-ას სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ იმ მოტივით, რომ მსჯავრდებული გ. ტ-ვა ხასიათდება დადებითად, კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი პატიოსანი დამოკიდებულებისათვის წახალისებულია ერთხელ, კერძოდ: 2004წ. 20 ივნისს დაწესებულების დირექტორმა წარადგინა პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე. წარდგინების თანახმად, მართალია, გ. ტ-ას მიმართ არაერთხელ იყო გამოყენებული დისციპლინური ღონისძიებები დაწესებულების შინაგანაწესის დარღვევისათვის, მაგრამ ყველა ეს სასჯელი მას გაქარწყლებული აქვს. რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2004წ. 29 ივნისის დადგენილებით წარდგინება არ დააკმაყოფილა იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულ გ. ტ-ას ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული და მოსახდელად დარჩა სასჯელის მნიშვნელოვანი ნაწილი.

კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული გ. ტ-ვა ითხოვს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას.

პროკურორმა ო. რ-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და განმარტა, რომ მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია ერთხელ, რაც არ არის საკმარისი დასკვნის გასაკეთებლად, რომ მისი გამოსწორებისათვის აღარ არის საჭირო შეფარდებული სასჯელის მთლიანად მოხდა.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორ ო. რ-ას, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მართალია, მსჯავრდებულ გ. ტ-ას სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ახასიათებს დადებითად და კარგი ქცევისა და სამუშაოსადმი პატიოსანი დამოკიდებულებისათვის მისი წახალისების მიზნით 2004წ. 22 ივნისს სასამართლოს მიმართა წარდგინებით სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების თაობაზე, მაგრამ პალატა თვლის, რომ მხოლოდ ეს ერთი წახალისება არ არის საკმარისი დასკვნის გასაკეთებლად, რომ მსჯავრდებულის გამოსწორებისათვის აღარ არის საჭირო შეფარდებული სასჯელის მთლიანად მოხდა. საქმის მასალების მიხედვით გ. ტ-ვა სასჯელს იხდის 1993წ. 18 დეკემბრიდან, სასჯელის მოხდის პერიოდში, კერძოდ კი თითქმის მთელი ათი წლის განმავლობაში მას თავი არ გამოუჩენია კარგი ქცევითა და სამუშაოსადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით და ამ ხნის მანძილზე ის არც ერთხელ არ ყოფილა წახალისებული.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ გ. ტ-ვას კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 ივნისის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე, 623-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ გ. ტ-ას კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 ივნისის დადგენილება, რომლითაც მსჯავრდებულ გ. ტ-ვას უარი ეთქვა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებაზე, დარჩეს უცვლელად.