შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 265-დად 22 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. ლალიაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ბ. შ-ას კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინება სასჯელის მოხდისაგან მისი პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 17 თებერვლის განაჩენით ბ. შ-ას საქართველოს 1960წ. სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის I და V ქვეპუნქტებით, 238-ე მუხლის I, II, III, V ნაწილებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 1998წ. 6 ოქტომბრიდან. საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 18 მაისის განკარგულებით ბ. შ-ას შეწყალების წესით სასჯელი შეუმცირდა 1 წლითა და 5 თვით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 ივნისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დაწესებულების წარდგინება ბ. შ-ას სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლებას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ მოხდილი აქვს სასჯელის სამი მეოთხედი, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გამართული ბრძოლების აქტიური მონაწილე, ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და პენსიონერი მშობლები, დგას გამოსწორების გზაზე და, მიუხედავად ამისა, სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი პირობით ვადამდე სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებაზე.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ო. რ-ამ კერძო საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. მან რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 ივნისის დადგენილება ბ. შ-ას მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მსჯავრდებულის პირადი საქმე, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
მსჯავრდებულის პირადი საქმიდან და წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ ბ. შ-ია სასჯელს იხდის 1998წ. 6 ოქტომბრიდან. საქართველოს პრეზიდენტის 2003წ. 18 მაისის განკარგულებით ბ. შ-ას შეწყალების წესით სასჯელი შეუმცირდა 1 წლითა და 5 თვით. მან სასჯელის სამი მეოთხედი, რაც პირობით ვადამდე განთავისუფლების აუცილებელი პირობაა, მოიხადა 2004წ. 13 ივნისს. სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია ერთხელ. სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაცია ბ. შ-ას ახასიათებს დადებითად. აღნიშნავს, რომ იგი ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, მტკიცედ დგას გამოსწორების გზაზე, არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გამართული ბრძოლების მონაწილე.
პალატა ითვალისწინებს აღნიშნულ გარემოებებს და შესაძლებლად თვლის, რომ ბ. შ-ია სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, სსკ-ის 72-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 ივნისის დადგენილება გაუქმდეს.
ბ. შ-ია სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდეს.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.