საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 266-დად 29 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,მ. გოგელია
განიხილა ი. ჩ-ის საჩივარი სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 ივლისის დადგენილებაზე, რომლითაც ძალაში დარჩა სიღნაღის რაიონული პროკურორის თანაშემწე ჟ. ს-ის 2004წ. 10 თებერვლის დადგენილება შინაგან საქმეთა სიღნაღის პოლიციის თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
1998წ. 13 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის სიღნაღის საგამოძიებო განყოფილებაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სოფ. ---ში მოქალაქე ი. ჩ-ის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 150-ე მუხლის მესამე ნაწილით (1960წ. რედაქციით). ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგინდა შემდეგი გარემოებები: 1998წ. აპრილის შუა რიცხვებში, ი. ჩ-ის სახლში არყოფნის დროს, გამოძიებით დაუდგენელმა პირებმა გაქურდეს მისი საცხოვრებელი ბინა, საიდანაც მოიპარეს 2 ცალი ხელით ნაქსოვი ჯეჯიმი, ორი ცალი სპილენძის ქვაბი, ჭერის ლამპა, ორი ცალი საწოლის გადასაფარებელი და სხვა საოჯახო ნივთები. დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირის დაუდგენლობის საფუძვლით საქმეზე რამდენჯერმე შეჩერდა გამოძიების წარმოება. საბოლოოდ საქმეზე გამოძიება განახლდა 2004წ. 12 იანვარს. საქმე წარმოებაში მიიღო და გამოძიებას აწარმოებს კახეთის საოლქო პროკურატურა.
დაზარალებულმა ი. ჩ-მა გამოძიების პროცესში განმარტა, რომ სოფ. ---ში მდებარე თავისი საცხოვრებელი ბინა დაუდგენელმა პირებმა გაქურდეს 1998წ. აპრილში, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ზეპირი განცხადებით მიმართა მაშინდელ უბნის ინსპექტორ ი. კ-ლს, ხოლო შემდეგ _ პოლიციის ყოფილ უფროს თ. ლ-ლს. ი. ჩ-ლის განმარტებით, ჩადენილი დანაშაული ასევე ცნობილი იყო პოლიციის თანამაშრომლების _ ზ. შ-ისა და გ. ფ-სათვის. გ. ფ-ემ 1998წ. აპრილში შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმიც კი შეადგინა. ოქმის შედგენას ესწრებოდა თვითონ, ზ. შ-ლი და ი. კ-ლი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებას სხვა არავინ დასწრებია. ი. ჩ-ის განმარტებით, აპრილში დანაშაულის ჩადენის თაობაზე მის მიერ გაკეთებული ზეპირი განცხადების საფუძველზე არავის შეუმოწმებია განცხადებაში მითითებული გარემოებები. მისივე განმარტებით, მან წერილობითი განცხადებით მიმართა 1998წ. 19 ივნისს პოლიციის უფროსს, რის შემდეგაც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე.
გამოძიების პროცესში შემოწმდა ი. ჩ-ის ზემოაღნიშნულ განმარტებაში მითითებული გარემოებები იმის თაობაზე, აპრილის თვეში სიღნაღის რაიონის პოლიციის თანამშრომლებისათვის გახდა თუ არა ცნობილი დანაშაულის ჩადენის შესახებ, კერძოდ, ი. ჩ-საგან შეიტყვეს თუ არა ამ უკანასკნელის ბინის გაქურდვის თაობაზე; იმყოფებოდნენ თუ არა პოლიციის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე; შედგა თუ არა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და, თუ ეს მოქმედებები რეალურად განხორციელდა პოლიციის თანამშრომლების მიერ, რატომ არ განახორციელეს მათ ის მოვალეობები, რაც მათ საპროცესო კანონმდებლობით ეკისრებოდათ. ჩატარებული შემოწმების შედეგად სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ დადგენილად მიიჩნია, რომ პოლიციის თანამშრომლებს აპრილის თვეში არ მიუღიათ რაიმე ზეპირი ან წერილობითი განცხადება ი. ჩ-ის ბინის გაქურდვის თაობაზე, ისინი საერთოდ არ ყოფილან აპრილში ი. ჩ-ის ბინაში და მათ რაიმე საპროცესო მოქმედებები არ ჩაუტარებიათ. გამოძიებამ დადგენილად მიიჩნია, რომ ი. ჩ-მა მისი ბინის გაქურდვის ფაქტზე განცხადებით პოლიციას მიმართა მხოლოდ 1998წ. 19 ივნისს, რის საფუძველზეც აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. აღნიშნული დასკვნა გამოძიებამ გააკეთა პოლიციის თანამშრომლების _ გ. ფ-ის, ზ. შ-ის, ი. კ-ის, თ. ლ-ის და ი. ჩ-ის მეზობლების _ ტ. ხ-ის, მ. მა-ს და ქ. ჩ-ის ჩვენებების საფუძველზე.
აქედან გამომდინარე, სიღნაღის რაიონულმა პროკურატურამ მიიჩნია, რომ სიღნაღის რაიონის პოლიციის თანამშრომლებს სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული რაიმე მოქმედება არ განუხორციელებიათ და მათ მიმართ გამოიტანა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება.
სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 ივლისის დადგენილებით ძალაში დარჩა სიღნაღის რაიონული პროკურორის თანაშემწე ჟ. ს-ის 2004წ. 10 თებერვლის დადგენილება შინაგან საქმეთა სიღნაღის პოლიციის თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
საჩივრით დაზარალებული ი. ჩ-ლი ითხოვს, როგორც სიღნაღის რაიონული სასამართლოს, ასევე სიღნაღის რაიონული პროკურატურის დადგენილებების გაუქმებას და საქმის მასალების პროკურატურისათვის დაბრუნებას პოლიციის თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადსაწყვეტად. კასატორის განმარტებით, პოლიციისათვის აპრილში ცნობილი იყო ბინის გაქურდვის ფაქტი, მაგრამ პოლიციის თანამშრომლებმა შეგნებულად დამალეს ჩადენილი დანაშაული. კასატორის განმარტებით, მართალია, მისი განცხადება დათარიღებულია 19 ივნისით, მაგრამ ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ დრომდე პოლიციის თანამშრომლები მას აიმედებდნენ დანაშაულის გახსნითა და დამნაშავეთა დაკავებით. კასატორის განმარტებით, მას 1998წ. 19 ივნისს პოლიციის თანამშრომლებმა განცხადების ტექსტიც კი შეაცვლევინეს. კასატორმა სასამართლო სხდომაზე წარმოადგინა განცხადება დანაშაულის ჩადენის შესახებ დათარიღებული 19 ივნისით, რომელიც შინაარსით განსხვავდება საქმეში არსებული დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებისაგან. წარმოდგენილ განცხადებაზე არის ხელმოწერა, რომ ეს განცხადება მიიღო სიღნაღის პოლიციამ.
პროკურორმა ზ. ზ-მა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს იმ საფუძვლით, რომ გამოძიებისას სრულყოფილად შემოწმდა ი. ჩ-ის განცხადებაში მითითებული გარემოებები იმის შესახებ, რომ პოლიციის თანამშრომლებისათვის აპრილში იყო ცნობილი დანაშაულის ჩადენის შესახებ, მათ შეგნებულად არაფერი მოიმოქმედეს ამ დანაშაულის გასახსნელად და დაფარეს იგი. პროკურორის განმარტებით, შემოწმებისას ვერ იქნა მოპოვებული რაიმე მტკიცებულება იმის თაობაზე, რაც დაადასტურებდა ფაქტს იმისას, რომ პოლიციის თანამშრომლებმა იცოდნენ აპრილში ქურდობის ფაქტის შესახებ, ისინი იყოფებოდნენ შემთხვევის ადგილზე და მათ შეგნებულად დაფარეს დანაშაული.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, კასატორ ი. ჩ-ლს, პროკურორ ზ. ზ-ლს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა თვლის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება, ისევე როგორც სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის დადგენილება, უნდა შედგებოდეს შესავლის, აღწერილობით-სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილებისაგან. აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში ჩამოყალიბებული უნდა იყოს დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებაში მითითებული გარემოებები, ასევე ის გარემოებები, რომლებიც დადგინდება დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებაში მითითებული ცნობების შემოწმებისას, აგრეთვე ის, თუ რით არის დადასტურებული ან უარყოფილი ცნობები დანაშაულის ჩადენის შესახებ. პალატა თვლის, რომ დანაშაულის შესახებ ცნობების შემოწმებისას მოპოვებულ მასალებს უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება და დადგენილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში მითითებული უნდა იყოს იმ მასალებსა და გარემოებებზე, რომლებიც აპირობებენ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრას.
საქმის მასალების მიხედვით, სიღნაღის რაიონული პროკურატურის მიერ 2004წ. 10 თებერვალს გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილში აღწერილია მხოლოდ ის გარემოებები, რასაც დანაშაულის ჩადენის შესახებ განცხადებაში განმცხადებელი აღნიშნავს, კერძოდ, მხოლოდ ის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც ი. ჩ-ი უთითებს მის განცხადებაში. საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილებაში ასევე მითითებულია, თუ რა მოქმედებები განახორციელა პროკურატურამ დანაშაულის შესახებ ცნობების შემოწმებისას, კერძოდ, რომ დაიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები _ გ. ფ-ძე, ზ. შ-ლი, ი. კ-ლი, თ. ლ-ლი და ი. მ-ლი, ასევე ი. ჩ-ის მეზობლები _ ტ. ხ-ლი, მ. მ-ლი და ქ. ჩ-ლი. დადგენილებაში აღწერილია ამ ჩვენებათა შინაარსი, მაგრამ აღნიშნულ ჩვენებებს რაიმე შეფასება არ მისცემია. დადგენილებაში არაფერია ნათქვამი, თუ პროკურატურამ დანაშაულის შესახებ ცნობების შემოწმების შედეგად რა ფაქტობრივი გარემოებები ცნო დადგენილად, ასევე არაფერია ნათქვამი იმის თაობაზე, თუ განცხადებაში მითითებული ცნობების შემოწმების შედეგად რის საფუძველზე მივიდა პროკურატურა იმ დასკვნამდე, რომ არ დადასტურდა დანაშაულის შესახებ ცნობები. დადგენილებაში ასევე არ არის მსჯელობა საქმეში არსებულ სიღნაღის შინაგან საქმეთა რაიონული განყოფილების უფროსისათვის გამომძიებელ თ. გ-ის მიერ გაგზავნილ წერილზე, სადაც გამომძიებელი ადსტურებს ფაქტს იმისას, რომ ი. ჩ-ის ბინის ქურდობის ფაქტი უბნის რწმუნებულისა და სხვა პოლიციის თანამშრომლებისათვის ცნობილი გახდა აპრილის თვეში, ასევე არაფერია ნათქვამი და შეფასება არ მისცემია საქმეში არსებულ საგამოძიებო ოპერატიულ გეგმას, სადაც სიღნაღის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების უფროსი თ. ლ-ლი და სიღნაღის საგამოძიებო ქვეგანყოფილების უფროსი რ. ჯ-ლი ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ დანაშაულის შესახებ იმავე დღეს ეცნობა უბნის ინსპექტორს.
ზემოთ მითითებულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება შედგენილია საპროცესო ნორმების დარღვევით, რის გამოც უნდა გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 ივლისის დადგენილება, რომლითაც უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული პროკურორის თანაშემწე ჟ. ს-ის 2004წ. 10 თებერვლის დადგენილება შინაგან საქმეთა სიღნაღის პოლიციის თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და საქმის მასალები დაუბრუნდეს სიღნაღის რაიონულ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე" ქვეპუნტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2004წ. 1 ივლისის დადგენილება, რომლითაც უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული პროკურორის თანაშემწე ჟ. ს-ის 2004წ. 10 თებერვლის დადგენილება შინაგან საქმეთა სიღნაღის პოლიციის თანამშრომლების მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და საქმის მასალები დაუბრუნდეს სიღნაღის რაიონულ პროკურატურას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად.