საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 28.07.2004
საქმის ნომერი
2კ-281დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.07.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 281-დად 28 ივლისი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,ნ. გაბრიჩიძე

განიხილა შპს “---”-ს წარმომადგენელ _ ი. კ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 14 ივლისის ბრძანებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 14 ივლისის ბრძანებით დაკმაყოფილდა აჭარის ა/რ პროკურორის უფროსი თანაშემწის ლ. მ-ის შუამდგომლობა და ყადაღა დაედო ა. ა-ისა და მისი ოჯახის წევრების _ დ. და გ. ა-ების საკუთრებაში არსებულ სხვადასხვა ქონებას, მათ შორის ხელვაჩაურის რაიონის დაბა მახინჯაურში მდებარე შპს “---”-ზე რიცხულ ოთხსართულიან საცხოვრებელ სახლს.

კერძო საკასაციო საჩივრით შპს “---”-ს წარმომადგენელი, ადვოკატი ი. კ-ძე ითხოვს დაბა მახინჯაურში მდებარე ოთხსართულიანი სახლის დაყადაღების ნაწილში _ სასამართლო ბრძანების გაუქმებას. საჩივარში მითითებულია, რომ საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად სასამართლოს არ ჰქონდა სამართლებრივი საფუძველი ამ ქონების დაყადაღებისა, რადგან დაბა მახინჯაურში მდებარე ოთხსართულიანი სახლი არის არა აბაშიძეების, არამედ შპს “---”-ის საკუთრება, რომელმაც ეს ქონება აბაშიძეებისაგან შეიძინა 2000წ. 24 ოქტომბერს, აღნიშნულზე არსებობს ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება, რომელიც დამოწმებულია სანოტარო წესით. ადვოკატი, ამასთან ერთად, თვლის, რომ სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 140-ე მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნა. შუამდგომლობა ქონების დაყადაღებაზე განიხილა მესაკუთრის, ამ შემთხვევაში შპს “---”-ის წარმომადგენლის დასწრების გარეშე.

პალატის სხდომაზე შპს “---”-ის წარმომადგენელმა, ადვოკატებმა ი. კ-ემ და გ. კ-ემ მოითხოვეს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.

სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა გ. კ-ემ მოითხოვა სასამართლო ბრძანების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა ყადაღის შესახებ სასამართლო ბრძანების კანონიერება, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

პალატა თვლის, რომ კერძო საჩივარში მითითებული გარემოებები არ იძლევა ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლო ბრძანების გაუქმების საფუძველს. წინასწარი გამოძიებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მახინჯაურში მდებარე ოთხსართულიანი სახლი მართალია, ირიცხება შპს “---”-ის სახელზე, მაგრამ ფაქტობრივად წარმოადგენს ა., გ. და დ. ა-ების საკუთრებას, ამიტომ ა-ების ამ და სხვა ქონებაზე ყადაღის დადების მიზნით პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს, რომელიც დაკმაყოფილდა. ის გარემოება, რომ შუამდგომლობის განხილვას არ ესწრებოდა შპს “---”-ს წარმომადგენელი, არ წარმოადგენს სასამართლო ბრძანების გაუქმების საფუძველს, რადგან ქონება, რომელზედაც ყადაღა იქნა დადებული, მიჩნეულია, რომ ა., გ. და დ. ა-ების საკუთრებაა, რომლებიც სადაოდ არ ხდიან ქონებაზე ყადაღის დადებას.

ამდენად, პალატა თვლის, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 14 ივლისის ბრძანება ხელვაჩაურის რაიონის დაბა მახინჯაურში მდებარე ოთხსართულიანი საცხოვრებელ სახლზე ყადაღის დადების შესახებ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 200-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 14 ივლისის ბრძანება ხელვაჩაურის რაიონის დაბა მახინჯაურში მდებარე ა. ა-ისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაში არსებული ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლის ყადაღის დადების შესახებ, დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.