შეიცვალა სასჯელი

სისხლის სამართლის 12.08.2004
საქმის ნომერი
2კ-300დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
12.08.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 300-დად 12 აგვისტო, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გვენეტაძე,თ. ლალიაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ბ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 20 მაისის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინება და მსჯავრდებული ბ. მ-ხი 10 თვის ვადით სასჯელის მოსახდელად გადაყვანილ იქნა საპყრობილეში.

აღწერილობითი ნაწილი:

მსჯავრდებული ბ. მ-ხი ქუთაისის სასამართლოს განაჩენით მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, 252-ე მუხლის მე-2 ნაწილის მე-4 პუნქტით და მე-3 ნაწილით, 154-ე მუხლის მე-2 ნაწილით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 11 წლის ვადით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ბ.მ-ხი სასჯელს იხდის 1997წ. 2 ოქტომბრიდან. სასჯელის მოხდას დაასრულებს 2008წ. 2 ოქტომბერს.

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარემ წარდგინებით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს მსჯავრდებულ ბ. მ-სათვის საპყრობილეში გადაყვანის შესახებ იმ მოტივით, რომ რუსთავის ¹1 დაწესებულების ადმინისტარცია მას ახასიათებს უარყოფითად, ბ. მ-ხი არღვევეს რეჟიმის მოთხოვნებს, დასჯილია მრავალჯერ, არის აგრესიული დაწესებულების თანამშრომელისა და მსჯავრდებულების მიმართ. რუსთავის საქალაქო სასამართლომ 2004წ. 20 მაისის დადგენილებით წარდგინება დააკმაყოფილა და მსჯავრდებული ბ. მ-ხი 10 თვის ვადით გადაყვანილ იქნა საპყრობილის რეჟიმზე.

მსჯავრდებული კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილებაში ცვლილების შეტანას, კერძოდ, მისთვის შეფარდებული საპყრობილის რეჟიმზე ყოფნის 10 თვიანი ვადის შემცირებას 3 თვემდე.

პროკურორმა ო. რ-ამ ნაწილობრივ მხარი დაუჭირა მსჯავრდებულის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და პალატის წინაშე იშუამდგომლა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 20 მაისის დადგენილების შეცვლა ბ. მ-ის სასარგებლოდ და რეჟიმის შემცირება 3 თვით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოუსმინა პროკურორს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სასჯელაღასრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინება მსჯავრდებულ ბ. მ-ის 10 თვით საპყრობილის რეჟიმზე გადაყვანის შესახებ ისე დააკმაყოფილა, რომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ადმინისტრაციის მიერ წახალისებულია ორჯერ. ასევე, მართალია, მსჯავრდებულმა ბ. მ-მა, დაარღვია სასჯელაღსრულების დაწესებულების შინაგანაწესი, მაგრამ პალატა ითვალისწინებს ამ დარღვევის ხასიათს და მიიჩნევს, რომ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 20 მაისის დადგენილება მსჯავრდებულ ბ. მ-ის 10 თვის ვადით საპყრობილის რეჟიმზე გადაყვანის შესახებ არის ზედმეტად მკაცრი და იგი უნდა შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ შემცირდეს საპყრობილეში ყოფნის ვადა 7 თვემდე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ბ. მ-ის კერძო საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 20 მაისის დადგენილება შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მსჯავრდებულ ბ. მ-ხს სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპყრობილის რეჟიმზე ყოფნის ვადა _ 10 თვე _ შეუმცირდეს 7 თვემდე.

დადგენილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.