დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 91-კოლ 28 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ თ. თ-სა და დაზარალებულ თ. ხ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 7 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 7 ივნისის განაჩენით თ. თ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 153-ე მუხლის II ნაწილით (1960წ. სისხლის სამართლის კოდექსი) და შეეფარდა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენით დადგენილ იქნა შემდეგი გარემოებები: თ. თ-ძე 1995წ. 11 დეკემბერს ჩავიდა გერმანიაში, ქ. ბრემენში, სადაც გაიცნო გერმანული კომპანიის “---ის” პრეზიდენტი გ. კ-ია. მას წარუდგა როგორც ევროპაში ცნობილი, წარმატებული ბიზნესმენი, ბრიტანეთის კუნძულ მენზე რეგისტრირებული შპს “---ის” პრეზიდენტი და განუცხადა, რომ მიზნად ისახავდა საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას. მან იმავე დღეს კომპანია “---თან” გააფორმა კორპორაციული გარანტია იმის შესახებ, რომ აღნიშნული კომპანიისაგან უპროცენტო კრედიტის მიღების შემთხევაში თანხებს გამოიყენებდა საქართველოში განსახორციელებელი პროგრამების (“ენერგია-1”, “ენერგია-2”, “ხიდი”, “კავშირგაბმულობა”) ინვესტირებისათვის.გ. კ-ია ენდო თ. თ-ეს და 19 დეკემბერს მან 200000 აშშ დოლარი გადარიცხა --- ბანკში შპს “---ის" ანგარიშზე, ხოლო 305000 აშშ დოლარი გადარიცხა ლიხტენშტეინში ამავე კომპანიის ანგარიშზე.თ.თ-ძე განაგრძობდა გ. კ-იას მოტყუებას. იმისათვის, რომ გ. კ-იას ეჭვი არ შეპარვოდა მის კრედიტუნარიანობაში, მან აღნიშნული თანხიდან 1996წ. 16 იანვარს 10000 აშშ დოლარი დაუბრუნა კრედიტორს, ხოლო დანარჩენი 495000 აშშ დოლარი, ანუ 616275 ლარი, ბანკებიდან გამოიტანა და მიითვისა, რითაც დაზარალებულს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
თ. თ-ემ თ. ხ-ძე დაარწმუნა, რომ მას, როგორც შპს “---სა” და სააქციო საზოგადოება “ა-ლის” პრეზიდენტს, მის მიერ ინგლისში, შვეიცარიასა და ჰოლანდიაში შექმნილი მძლავრი საფინანსო კომპანიების საშუალებით საქართველოში უნდა მოეზიდა ინვესტიციები. 1996წ. 16 დეკემბერს ქ. თბილისში თ. ხ-საგან მიიღო 50000 აშშ დოლარი, ანუ 64000 ლარი. აღნიშნულზე შეადგინა და ხელი მოაწერა ფინანსურ ხელშეკრულებას ¹--იმ პირობით, რომ იგი ვალდებულებას იღებდა თ. ხ-საგან მიღებული ფულადი თანხა გამოეყენებინა და ყოველი მომდევნო თვის 10 რიცხვამდე დამფინანსებლისათვის გადაეხადა შემოტანილი თანხის 15 პროცენტი, თუმცა აღნიშნული შეგნებულად არ შეასრულა და მიღებული თანხა მიითვისა.
მან გააგრძელა თ. ხ-ის მოტყუება: 1997წ. თებერვალში, ჩინეთიდან ჩამოსულმა, თ. ხ-ეს წარუდგინა 1997წ. 4 თებერვლით დათარიღებული ¹-- ორი კონტრაქტი. კონტრაქტის მიხედვით, მას, როგორც შპს “---ის” პრეზიდენტს, თითქოს სესხის სახით გამოეყო 2 და 15 მილიარდი აშშ დოლარი. მანვე თ. ხ-ეს გამოუწერა ანდოსირებული საერთაშორისო საგადასახადო განკარგულება, ე.წ. “---რი”, რომლის თანახმადაც, ამ უკანასკნელს გარიგების საერთო თანხებიდან უნდა მიეღო 0,125 პროცენტი. თ. ხ-ძე ენდო რა მას, 1997წ. 8 აგვისტოს ქ. თბილისში გადასცა 43000 აშშ დოლარი, ანუ 54 524 ლარი. თ. თ-ემ თ. ხ-ძე დაარწმუნა, რომ შვეიცარიაში, ზემოაღნიშნული კონტრაქტების საფუძველზე, მის ანგარიშებზე მილიარდობით აშშ დოლარი იყო გადარიცხული. ამ თანხების გამოტანის შემდეგ დაუბრუნებდა მას, როგორც მისგან სესხად აღებულ, ასევე “პიორდერით” გათვალისწინებულ დიდი ოდენობის ფულად თანხას, თუმცა აღნიშნული არ შეასრულა და მიითვისა თ. ხ-ის კუთვნილი თანხები _ სულ 93000 აშშ დოლარი და მას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
თ. თ-ძე 1996წ. სექტემბერში ჩავიდა ქ. ზუგდიდში, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას წარუდგა, როგორც ზუგდიდის რაიონის სოფ. ---ის საზღვაო პორტის მშენებელი, ევროპაში ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას. მან მოიპოვა შპს “---ის” კოლექტივისა და ამ კომბინატის დირექტორ ტ. ქანთარიას ნდობა და ამ ნდობის ბოროტად გამოყენებით, იმავეწ. 26 ნოემბერს სააქციო საზოგადოება “ა-ლის სახელით” შპს “---თან” გააფორმა ¹-- ხელშეკრულება მისთვის კონსიგნაციის წესით 800 ტონა ხორბლის ფქვილის მიწოდებაზე. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე, 1996წ. 3 დეკემბერს ხუთი სარკინიგზო რონოდით, ¹--, ¹--, ¹--, ¹-- და ¹-- სარკინიგზო ზედდებულებით, მიიღო 300 ტონა ხორბლის ფქვილი, ხოლო 1996წ. 19 დეკემბერს, ასევე ხუთი სარკინიგზო რონოდით, ¹--, ¹--, ¹--, ¹-- და ¹-- სარკინიგზო ზედდებულებით მიიღო ასევე 300 ტონა ხორბლის ფქვილი _ სულ 600 ტონა, 32700 ლარის სახელშეკრულებო და 564000 ლარის საბაზრო ღირებულებით.თ. თ-ძე ხელშეკრულებით კისრულობდა ვალდებულებას 15 საბანკო დღის განმავლობაში მიმწოდებლისათვის მთლიანად გადაერიცხა პროდუქციის ღირებულება, მაგრამ მან მიღებული 300 ტ. ხორბლის ფქვილი 1997წ. იანვარში ქ. თბილისში გადასცა სააქციო საზოგადოება “---ს”, როგორც ამ ბანკიდან 1997წ. 6 და 9 იანვარს გაფორმებული ¹-- და ¹-- საკრედიტო ხელშეკრულებებით სესხად მიღებული 60000 აშშ დოლარის გადახდის გარანტი. 300 ტ. ფქვილის რეალიზაციით მიღებული თანხიდან 73019 აშშ დოლარი გადაუხადა ბანკს, მისგან აღებული სესხის დასაფარავად, ხოლო დანარჩენი თანხა მიითვისა. მან რეალიზაცია გაუკეთა დარჩენილ 300 ტონა ხორბლის ფქვილს და მიღებული თანხა მიითვისა.თ.თ-ემ მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით შპს “---იდან” გაიტაცა 327000 ლარის სახელშეკრულებო და 564 ლარის საბაზრო ღირებულების ქონება, რითაც დაზარალებულ ორგანიზაციას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
თ. თ-ემ მოიპოვა მოქალაქე დ. ლ-ის ნდობა, დაარწმუნა იგი, რომ ერთ თვეში ჩინეთში უნდა გაეფორმებინა კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვების ფონდიდან კრედიტის სახით უნდა მიეღო რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარი, საიდანაც მას პროცენტის სახით მისცემდა დიდი ოდენობით ფულად თანხას. 1997წ. 5 იანვარს დ. ლ-ის სახელზე შეავსო “პიორდერი”, ჩინეთში გასაფორმებელი გარიგების საერთო თანხიდან მისთვის პროცენტის სახით დიდი ოდენობით ფულადი თანხების გადაცემაზე, რის შემდეგაც, 1997წ. იანვარში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ქ. თბილისში დ. ლ-საგან მოტყუებით მიიღო 15000 აშშ დოლარი.1997 წელს, ჩინეთიდან დაბრუნებულმა, დ. ლ-ეს წარუდგინა ქ. პეკინში მის მიერ ხელმოწერილი, 1997წ. 4 თებერვლით დათარიღებული ¹-- ორი კონტრაქტი მისთვის სესხის სახით 2 და 15 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე. მას განუცხადა, რომ შვეიცარიაში, ზემოაღნიშნული კონტრაქტების საფუძველზე, მის ანგარიშზე გადარიცხული მილიარდობით აშშ დოლარიდან დაუბრუნებდა მას, როგორც მისგან სესხად აღებულ, ასევე “პიორდერით” გათვალისწინებულ დიდი ოდენობის ფულად თანხას, თუმცა აღნიშნული არ შეასრულა და მიითვისა დ. ლ-ის კუთვნილი 15000 აშშ დოლარი, ანუ 19 275 ლარი და მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
თ. თ-ემ მოქალაქე ა. ო-ეს თავი გააცნო, როგორც ევროპაში ცნობილმა, წარმატებულმა ბიზნესმენმა, მოიპოვა მისი ნდობა, დაარწმუნა, რომ ერთ თვეში ჩინეთში უნდა გაეფორმებინა კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვების ფონდიდან კრედიტის სახით უნდა მიეღო რამდენიმე მილიარდი დოლარი, საიდანაც მას პროცენტის სახით მისცემდა დიდი ოდენობით ფულად თანხას. 1997წ. იანვარში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ქ. თბილისში ა. ო-საგან ჩინეთში გამგზავრებასთან დაკავშირებული ხარჯებისათვის მოტყუებით მიიღო 1600 ლარი. 1997წ. თებერვალში, ჩინეთიდან დაბრუნებულმა, ა. ო-ეს წარუდგინა ქ. პეკინში მის მიერ ხელმოწერილი, 1997წ. 4 თებერვლით დათარიღებული ¹-- ორი კონტრაქტი მისთვის სესხის სახით 2 და 15 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე. მას განუცხადა, რომ შვეიცარიაში, ზემოაღნიშნული კონტრაქტების საფუძველზე, მის ანგარიშზე მილიარდობით აშშ დოლარი იყო გადარიცხული. ამ თანხების გამოტანის შემდეგ მას დაუბრუნებდა მისგან სესხად აღებულ ფულს, თუმცა აღნიშნული არ შეასრულა, მიითვისა ა. ო-ის კუთვნილი 1600 აშშ დოლარი და მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
თ. თ-ემ ს. თ-ის მეშვეობით გაიცნო მოქალაქე ჯ. კ-ძე, რომელიც დაარწმუნა, რომ ერთ თვეში ჩინეთში უნდა გაეფორმებინა კონტრაქტი, რომლის საფუძველზეც ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვების ფონდიდან კრედიტის სახით უნდა მიეღო რამდენიმე მილიარდი დოლარი, საიდანაც მას პროცენტის სახით მისცემდა დიდი ოდენობით ფულად თანხას. 1997წ. იანვარში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ქ. თბილისში ჯ. კ-საგან მოტყუებით მიიღო 12000 აშშ დოლარი, ანუ 15 288 ლარი და მას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.თ.თ-ემ ჯ. კ-ეს, დამატებით თანხის მიღების მიზნით, 1997წ. მარტში წარუდგინა ჩინეთის დედაქ. პეკინიდან ჩამოტანილი, 1997წ. 4 თებერვლით დათარიღებული ¹-- ორი კონტრაქტი მისთვის, როგორც შპს “---ის” პრეზიდენტისათვის, სესხის სახით 2 და 15 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე. ზემოაღნიშნულ რეალობაში დასარწმუნებლად ჯ. კ-ეს იმავე წლის მარტში გამოუწერა 5 იანვრით დათარიღებული “პიორდერი”, რომლის თანახმადაც, ამ უკანასკნელს გარიგების საერთო თანხიდან უნდა მიეღო 0.2 პროცენტი.
თ. თ-ძე განაგრძობდა ჯ. კ-ის მოტყუებას. მან ჯ. კ-ძე 1997წ. 24 აგვისტოს წაიყვანა გერმანიაში, თითქოსდა მის მიერ ჩინეთში გაფორმებული კონტრაქტებით ---ის ბანკებში გადარიცხული თანხების გამოსატანად. გამგზავრების წინა დღეს, 23 აგვისტოს, ქ. თბილისში ჯ. კ-საგან მოტყუებით, ერთ კვირაში მისი დაბრუნების პირობით, დამატებით მიიღო 1500 აშშ დოლარი. მან ჯ. კ-ძე, ნაცვლად შვეიცარიისა, წაიყვანა გერმანიის ქ. ნიდერაუში, სადაც მას არწმუნებდა, რომ მის მიერ გერმანიაში გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე ევროპის საფინანსო წრეებიდან კრედიტის სახით უნდა მიეღო 500 მილიონი აშშ დოლარი, რის შემდეგაც დააბრუნებდა როგორც მისგან აღებულ სესხს, ასევე მისცემდა “პიორდერით” გათვალისწინებულ თანხებს. 1997წ. დეკემბერში გერმანიაში ჯ. კ-ისგან თ. თ-ემ დამატებით მოტყუებით მიიღო 2900 აშშ დოლარი, ანუ 3825 ლარი და 10 თეთრი, რომელიც ასევე მიითვისა. თ. თ-ემ ჯ. კ-ისაგან თაღლითური გზით მიიღო 16400 აშშ დოლარი, ანუ 21042 ლარი და 10 თეთრი, რითაც მას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
თ. თ-ძე მმოქალაქე ს. ა-ეს თავი წარუდგინა როგორც ევროპაში ცნობილმა, წარმატებულმა ბიზნესმენმა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას და მოიპოვა მისი ნდობა. მან ს. ა-ეს წარუდგინა ჩინეთის დედაქ. პეკინიდან ჩამოტანილი, 1997წ. 4 თებერვლით დათარიღებული ¹-- ორი კონტრაქტი, მისთვის, როგორც დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებულ შპს “---ის” პრეზიდენტისათვის, სესხის სახით 2 და 15 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე, რის შემდეგაც ნდობის ბოროტად გამოყენებით, 1997წ. 6 მაისს ქ. თბილისში ს. ა-ისაგან მოტყუებით მიიღო 25000 აშშ დოლარი იმ პირობით, რომ ---ის ბანკებში ზემოაღნიშნული კონტრაქტების საფუძველზე მის სახელზე ჩარიცხული თანხებიდან გამოუგზავნიდა მისგან სესხად აღებულ თანხას, ე. ი. მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით მისგან მიითვისა 25000 აშშ დოლარი, ანუ 32500 ლარი, რითაც მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
თ. თ-ძე მმოქალაქე ს. თ-ეს თავი წარუდგინა როგორც ევროპაში ცნობილმა, წარმატებულმა ბიზნესმენმა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას და მოიპოვა მისი ნდობა. მან 1997წ. 5 იანვარს ს. თ-ეს ქ. თბილისში გამოუწერა “პიორდერი”, რომლის თანახმადაც, მას, როგორც დიდ ბრიტანეთში რეგისტრირებული კომპანიის “---ის” პრეზიდენტს, ჩინეთის დედაქ. პეკინში გასაფორმებელი კონტრაქტების საფუძველზე, სესხის სახით უნდა მიეღო რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარი, ხოლო კონტრაქტით გათვალისწინებული თანხებიდან მას მისცემდა 0,35 პროცენტს, თუმცა წინასწარ იცოდა, რომ ამ კონტრაქტით აღნიშნულ თანხებს არავინ გამოუყოფდა. თ. თ-ემ 1997წ. 6 მაისს ს. თ-სთან გააფორმა ¹-- ხელშეკრულება ქ. მცხეთაში მისთვის საცხოვრებელი სახლის მშენებლობაზე. ს. თ-ემ ადგილზე ჩატარებული სამშენებლო სამუშაოებისათვის დახარჯა თავისი კუთვნილი 15000 აშშ დოლარი, საიდანაც თ. თ-ემ აუნაზღაურა მხოლოდ 2500 აშშ დოლარი, რითაც მიაყენა 12500 აშშ დოლარის, ანუ 16250 ლარის ზიანი. 1997წ. აგვისტოს დასაწყისში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ქ. თბილისში მისგან მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით მიიღოO 3000 აშშ დოლარი, ანუ 3870 ლარი იმ პირობით, რომ რამდენიმე დღეში მის სახელზე ---ის ბანკებში ჩარიცხული რამდენიმე მილიარდი აშშ დოლარიდან გადაუხდიდა როგორც სესხს, ასევე “პიორდერით” გათვალისწინებულ თანხებს, რითაც ს. თ-ეს მიაყენა სულ 15500 აშშ დოლარის, ანუ 20120 ლარის ზიანი.
თ. თ-ემ მოიპოვა გ. ყ-ის ნდობა. მას, როგორც სკოლის მეგობარს, საჩუქრად დაჰპირდა “ჯიპ გრანდ ჩეროკის” მარკის ავტომანქანას. მან გ. ყ-ის დახმარებით, მოქალაქე რ. რურუასაგან ერთი კვირის ვადით სესხის სახით მიიღო 10000 აშშ დოლარი, ანუ 13000 ლარი, რაც არ დაუბრუნა და მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
თ. თ-ძე მმოქალაქე ჯ. ბ-ლს თავი წარუდგინა როგორც ევროპაში ცნობილმა, წარმატებულმა ბიზნესმენმა, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს ეკონომიკის აღორძინებას და მოიპოვა მისი ნდობა. მას წარუდგინა ჩინეთის დედაქ. პეკინიდან ჩამოტანილი, 1997წ. 4 თებერვლით დათარიღებული ¹-- ორი კონტრაქტი მისთვის სესხის სახით 2 და 15 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე, რის შემდეგაც ნდობის ბოროტად გამოყენებით, 1997წ. აგვისტოში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, ქ. თბილისში მისგან მოტყუებით მიიღო 10000 აშშ დოლარი, იმ პირობით, რომ ---ის ბანკებში ზემოაღნიშნული კონტრაქტების საფუძველზე მის სახელზე ჩარიცხული თანხებიდან რამდენიმე დღეში დაუბრუნებდა მისგან სესხად აღებულ თანხას, ე. ი. მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით ჯ. ბ-სგან მიითვისა 10000 აშშ დოლარი, ანუ 12900 ლარი, რითაც მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
თ.თ-ემ 1997წ. მაისში ქ. თბილისში მოიწვია მოსკოვის დახურული სააქციო საზოგადოება “გრანდ-ტრანსის” დირექტორი ა. ბ-ვი, რომელსაც წარუდგა, როგორც ევროპაში ცნობილი ბიზნესმენი. მას წარუდგინა ჩინეთში გაფორმებული, ყალბი მონაცემების შემცველი, მის მიერ ხელმოწერილი, 1997წ. 4 თებერვლით დათარიღებული ¹-- ორი კონტრაქტი მისთვის სესხის სახით 2 და 15 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე. ა. ბ-ვი შეაცდინა, დაარწმუნა თავის კეთილსინდისიერებასა და კრედიტუნარიანობაში, მოიპოვა მისი ნდობა და 1997წ. 14 ივლისს სააქციო საზოგადოება “გრანდ-ტრანსთან” გააფორმა ¹-- ხელშეკრულება ერთობლივი საქმიანობისა და პარტნიორობის შესახებ. 1997წ. ოქტომბერში ა. ბარსეგოვს წარუდგინა ყალბი მონაცემების შემცველი ბელგიის დედაქ. ბრიუსელში 1997წ. ოქტომბერში მის მიერ ხელმოწერილი სამი კონტრაქტი: “მილ(ეკ) 05.09”, “მილ(ეკ) 1310”, “მილ(ეკ) 2811”, რომელთა თანახმადაც, თითქოს ევროპის საფინანსო წრეებს მისთვის სესხის სახით უნდა გამოეყოთ 500 მილიონი აშშ დოლარი. თ. თ-ემ დაარწმუნა ა. ბ-ვი წარმოდგენილი კონტრაქტების შესრულების რეალობაში, რის შედეგადაც სააქციო საზოგადოება “გრანდ-ტრანსის" მიერ 1997წ. 7, 8 და 9 ოქტომბერს, გერმანიაში ქ. ფრანკფურტში, თ.თ-ის ანგარიშზე, გადარიცხულ იქნა 165000 აშშ დოლარი, ანუ 214500 ლარი. 1997წ. დეკემბერში გერმანიაში ჩასულმა ა. ბ-მა, ასევე სააქციო საზოგადოება “გრანდ-ტრანსის” სახელით თ.თ-ეს მისცა 71000 აშშ დოლარი, ანუ 93 649 ლარი. ა. ბ-მა შესაფერისი სამუშაო პირობების შესაქმნელად სააქციო საზოგადოება “გრანდ-ტრანსის" სახელით შეიძინა და თ.თ-ეს იქვე, გერმანიაში, 1997წ. დეკემბერში, ზუსტი თარიღი დაუდგენელია, გადასცა 3000 აშშ დოლარად ღირებული კომპიუტერი, 1000 გერმანულ მარკად ღირებული ასლგადამღები, 1000 მარკად ღირებული ფაქსის აპარატი და 1500 მარკად ღირებული კომპიუტერის პრინტერი, ანუ 6540 ლარის ქონება. თ. თ-ემ 1998წ. 26 თებერვალს სააქციო საზოგადოება “გრანდ-ტრანსს” მისცა წერილი _ ვალდებულება იმის შესახებ, რომ მისთვის გაწეული საფინანსო დახმარებისათვის ვალდებულებას იღებდა, გადაეხადა 2 მილიონი აშშ დოლარი. თ. თ-ემ თაღლითური გზით გაიტაცა მოსკოვის დახურული სააქციო საზოგადოება “გრანდ-ტრანსის” კუთვნილი 236000 აშშ დოლარი, ანუ 308149 ლარი, ასევე 3500 გერმანული მარკისა და 3000 აშშ დოლარის ქონება _ სულ 314689 ლარის ოდენობით, რითაც დაზარალებულ ორგანიაზაციას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული თ. თ-ძე მიიჩნევს, რომ სასამართლო გამოძიება ჩატარდა ტენდენციურად, აშკარად მიკერძოებით. კასატორის მოსაზრებით, განაჩენი აგებულია წინასწარი გამოძიების ტენდენციური და არაპროფესიული ბრალდების საფუძველზე. მას თავი მიაჩნია უდანაშაულოდ და ითხოვს გამართლებას.
დაზარალებული თ. ხ-ძე საკასაციო საჩივრით თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი არის უკანონო, რადგან მსჯავრდებულს მის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 300000 ამერიკული დოლარის გადახდა, ნაცვლად 93000 ამერიკული დოლარისა.
სასამართლო სხდომაზე, მსჯავრდებულთან შეთანხმებით, თ. თ-ის ინტერესების დამცველმა ადვოკატებმა _ მ. გ-მა და თ. გ-ამ შეცვალეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და განმარტეს, რომ, ვინაიდან თ. თ-ეს 2004წ. 5 ივლისს ჩაუტარდა ვენტრალური თიაქრის ოპერაცია, ოპერაციის შედეგად დაესვა დიაგნოზი: კუჭის კიბო _ IV სტადია. ამიტომ ითხოვენ, თ. თ-ეს ეკმაროს მის მიერ უკვე მოხდილი სასჯელი და დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან. ადვოკატებმა ასევე განმარტეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაასკვნის, რომ თ. თ-ეს არ უნდა შეუმცირდეს სასჯელი, ასეთ შემთხვევაში იშუამდგოლეს, რომ თ. თ-ეს განაჩენის აღსრულება გადაუვადდეს მძიმე ავადმყოფობის გამო.
დაზარალებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა რ. რ-მ მხარი არ დაუჭირა თ. თ-ის ინტერესების დამცველ ადვოკატთა მოთხოვნას იმ საფუძვლით, რომ თ. თ-ძე 1997 წლიდან ყოველთვის აცხადებდა, რომ იყო მძიმე ავადმყოფი და შესაბამისად მოჰქონდა ამის დამადასტურებელი სამედიცინო დასკვნები. ადვოკატის განმარტებით, ყველა ეს დასკვნა არასწორია და დღეისათვისაც იგი და მისი მარწმუნებელი ეჭვქვეშ აყენებენ იმ სამედიცინო დასკვნის ობიექტურობას, რომელშიც მითითებულია, რომ თ. თ-ძე დაავადებულია კუჭის კიბოთი. ადვოკატმა რ. რ-ემ მოითხოვა განაჩენის გაუქმება დაზარალებულ თ. ხ-ის სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და საქმის ამ ნაწილში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ხელახალი განხილვისათვის გადაცემა.
დაზარალებულმა თ. ხ-ემ მხარი დაუჭირა თავისი ინტერესების წარმომადგენლის, ადვოკატ რ. რ-ის მოთხოვნას და განმარტა, რომ ვინაიდან თ. თ-ძე არის თაღლითი, იგი დარწმუნებულია, რომ მას სამედიცინო დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ იგი დაავადებულია კუჭის კიბოთი, მიღებული აქვს ასევე თაღლითური გზით. დაზარალებულის განმარტებით, თ. თ-ძე გათავისუფლდება თუ არა პატიმრობიდან, დაუყოვნებლივ მიიმალება უცხოეთში, ვინაიდან მას ---ის ბანკში აქვს ანგარიშზე დატაცებული თანხები. დაზარალებული თ. ხ-ძე თავისი სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად სამოქალაქო სამართალწარმოების წესით გადაცემას.
პროკურორი მ. ჯ-ძე მხარს არ უჭერს თ. თ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ თ. გ-ისა და თ. გაბისონიას მოთხოვნას იმ საფუძვლით, რომ თ. თ-ემ პირველი ინსტანციის წესით სასამართლო განხილვის დროს ექსპერტების ხელმოწერით არაერთხელ წარმოადგინა სამედიცინო დასკვნები, სადაც მითითებული იყო, რომ იგი იყო მძიმე ავადმყოფი, რის საფუძველზეც ერთხელ სასამართლომ გაათავისუფლა პატიმრობიდან, მაგრამ მოგვიანებით იგი საერთოდ დაემალა სასამართლოს და არ ცხადდებოდა პროცესებზე, რის გამოც მას კვლავ შეეფარდა პატიმრობა. პროკურორი სამოქალაქო სარჩელის ნაწილში ითხოვს სარჩელის ღიად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს _ კასატორ თ. თ-ის ინტერესების დამცველ ადვოკატებს _ თ. გ-სა და თ. გაბისონიას, დაზარალებულ თ. ხომასურიძეს, მისი ინტერესების წარმომადგენელს, ადვოკატ რ. რ-ეს, პროკურორ მ. ჯ-ეს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ თ. თ-ის ინტერესების დამცველების _ თ. გ-ისა და თ. გაბისონიას საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო დაზარალებულ თ. ხ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: საქმის მასალებით დადგენილია, რომ თ. თ-ისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო კოლეგიამ გაითვალისწინა მსჯავრდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დანაშაულის მოტივი და მიზანი, მის მიერ განხორციელებულ ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, მისი წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, მისი ყოფაქცევა ქმედების შემდეგ და სასჯელის სახით შეუფარდა ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა. საკასაციო პალატა თვლის: იმ გარემოებების მხედველობაში მიღებით, რომ თ. თ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ როგორც ფიზიკური პირების, ასევე კერძო სამართლის იურიდიული პირების ქონების მოტყუებითა და ნდობის ბოროტად გამოყენებით გატაცებისAჩვიდმეტ ეპიზოდში, კერძოდ კი თ. თ-ემ “კომპანია ---ისგან" მიიღო 490 000 ამერიკული დოლარი, მოქალაქე თ. ხ-ისაგან ჯერ 50. 000 ხოლო მოგვიანებით კი _ 43 000 ამერიკული დოლარი, ზუგდიდის პურპროდუქტების კომბინატისაგან _ 564 000 ლარი, მოქალაქე Dდ. ლ-საგან _ 15 000 ლარი, მოქალაქე ა. ო-ისაგან _ 1.600 ლარი, მოქალაქე ჯ. კ-ისაგან ჯერ 12000 შემდეგ კი _ 2900 დოლარი, მოქალაქე ს. ა-საგან _ 25000 დოლარი, მოქალაქე ს. თ-ისაგან ჯერ 12 500, შემდეგ კი _ 3000 დოლარი, მოქალაქე რ. რურუასაგან _ 10000 დოლარი, მოქალაქე ჯ. ბ-ისაგან _ 10000 დოლარი, სააქციო საზოგადოება “გრანდ-ტრანსისაგან" ჯერ 165000, შემდგომ _ 71000, მოგვიანებით კი _ 3000 დოლარი, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ დაზარალებულებს მიადგათ მნიშვნელოვანი ზიანი და იგი არ არის ანაზღაურებული, პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ თ. თ-ისათვის შეფარდებული სასჯელი შეესაბამება თ. თ-ის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს, მის პიროვნებას და სამართლიანია, რის გამოც არ არსებობს მისი შემცირების კანონიერი საფუძველი.
საქმის საკასაციო წარმოების სტადიაზე დაცვის მხარემ წარმოადგინა იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის სამედიცინო დასკვნა, რომლის შესაბამისადაც, მსჯავრდებულ თ. თ-ეს 2004წ. 5 ივლისს გაუკეთდა ვენტრალური თიაქრის ოპერაცია, რა დროსაც დაუდგინდა დიაგნოზი: კუჭის კიბო _ IV სტადია. ამავე დასკვნის თანახმად, ავადმყოფის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას. საკასაციო პალატა თვლის, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა არ არის უფლებამოსილი და არ შეუძლია, სსსკ-ის 607-ე მუხლის შესაბამისად იმსჯელოს მსჯავრდებულისათვის განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე, ვინაიდან საკასაციო პალატას უფლება არა აქვს, არსებითი ხასიათის სამართლებრივი გადაწყვეტილება მიიღოს იმ საკითხებზე, რაც არ ყოფილა პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას სასამართლო მსჯელობის საგანი. კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია თ. თ-ის მიმართ დადგენილი განაჩენის აღსრულების ავადმყოფობის გამო გადავადების თაობაზე. პირველი ინსტანციის სასამართლომ, მართალია, გამოიკვლია და შეფასება მისცა იმ გარემოებებს, რომ თ. თ-ძე დაავადებულია სხვადასხვა ქრონიკული დაავადებით, მაგრამ ეს გარემოება სასამართლო კოლეგიამ მხედველობაში მიიღო, როგორც მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება და გაითვალისწინა თ. თ-სათვის სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას. საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად, საკასაციო პალატა არ იკვლევს იმ ახალ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებიც შეიძლება წარმოდგენილ იქნეს საკასაციო წესით საქმის განხილვისას, თუ ის საკითხი, რომელსაც ეს გარემოებები ეხება, არ გამხდარა პირველი ან სააპელაციო წესით განმხილველი სასამართლოს განხილვის საგანი. იგი მხოლოდ ამოწმებს პირველი ან სააპელაციო ინსტანციის წესით უკვე გამოკვლეულ ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების კანონიერებას. მართალია, საპროცესო კოდექსის 128-ე მუხლის მეორე ნაწილი ითვალისწინებს, რომ საკასაციო წარმოების სტადიაზე წარმოდგენილი ან გამოთხოვილი დამატებითი მასალა თავისთავად ან საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან ერთად შეიძლება გახდეს განაჩენის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში საკასაციო წარმოებისას წარმოდგენილი სამედიცინო დასკვნა თ-ის მძიმე ავადმყოფობის თაობაზე ვერ გახდება განაჩენის გაუქმების ან შეცვლის საფუძველი, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში საერთოდ არ დამდგარა საკითხი თ. თ-ისათვის განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე და არც სასამართლოს გამოუკვლევია ეს საკითხი.
ამდენად, თ. თ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისთვის განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხი, რაც დაყენებულ იქნა საკასაციო წესით განხილვისას, ვერ გახდება საკასაციო პალატის განხილვის საგანი, ვინაიდან ეს საკითხი არ ყოფილა განხილული პირველი ინსტანციის წესით და, აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, გადაწყვეტილება მიიღოს იმ საკითხზე, რის თაობაზეც რაიმე სამართლებრივი გადაწყვეტილება არ მიუღია პირველი ან სააპელაციო წესით საქმის განმხილველ სასამართლოს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო წარმოების სტადიაზე წარმოდგენილი სამედიცინო დასკვნა და საქმის მასალები უნდა გადაეგზავნოს პირველი ინსტანციის წესით საქმის განმხილველ სასამართლოს, მსჯავრდებულ თ. თ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მისთვის განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხის გადასაწყვეტად. პალატა თვლის, რომ აღნიშნული საკითხი განაჩენის დამდგენმა სასამართლომ უნდა განიხილოს დაუყოვნებლივ, ყოველგვარი გაჭიანურების გარეშე.
პალატა თვლის, რომ უნდა დაკმაყოფილდეს დაზარალებულ თ. ხ-ის საკასაციო მოთხოვნა განაჩენის თ. ხ-ის სამოქალაქო სარჩელის ნაწილში გაუქმების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 7 ივნისის განაჩენი თ. ხ-ის სამოქალაქო სარჩელის ნაწილში უნდა გაუქმდეს და საქმე სარჩელის ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
განაჩენი მსჯავრდებულ თ. თ-ისათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილში უნდა დარჩეს უცვლელად.
საქმის მასალები, იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დასკვნასთან ერთად, თ. თ-სათვის განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხის დაუყოვნებლივ გადასაწყვეტად უნდა გადაეგზავნოს განაჩენის დამდგენ სასამართლოს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა", “ე" ქვეპუნტებით, მე-4 ნაწილით, 568-ე, 607-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2004წ. 7 ივნისის განაჩენი მსჯავრდებულ თ. თ-ისათვის შეფარდებული სასჯელის ნაწილში დარჩეს უცვლელად.
საქმის მასალები, იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დასკვნასთან ერთად, თ. თ-ისათვის ავადმყოფობის გამო განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხის დაუყოვნებლივ გადასაწყვეტად გადაეგზავნოს განაჩენის დამდგენ სასამართლოს.
განაჩენი დაზარალებულ თ. ხ-ის სამოქალაქო სარჩელის ნაწილში გაუქმდეს და საქმე სარჩელის ამ ნაწილში ხელახლა განსახილველად გადაეცეს პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.