განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 28.09.2004
საქმის ნომერი
2კ-275დად.-04
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
28.09.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 275-დად 28 სექტემბერი, 2004 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,თ. ლალიაშვილი

განიხილა რუსთავის საქალაქო პროკურორის თანაშემწის _ გ. ლ-ის კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც ა. ო-ძე, რომელმაც შეურაცხად მდგომარეობაში ჩაიდინა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მკაცრი მეთვალყურეობის საავადმყოფოს რეჟიმიდან იძულებითი მკურნალობის გასაგრძელებლად გადაყვანილ იქნა ფსიქონევროლოგიურ დისპანსერულ მეთვალყურეობაზე საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 26 აპრილს ა. ო-ემ შეურაცხად მდგომარეობაში ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რაც გამოიხატა შემდეგში: 2002წ. 26 აპრილს ა. ო-ძე თავის მეგობარ პ. მიქავასთან ერთად მთელი დღის განმავლობაში იღებდა ალკოჰოლურ სასმელს და იმყოფებოდნენ მთვრალ მდგომარეობაში. დაახლოებით 20 საათზე, ქ. რუსთავის ელექტროკავშირის შენობაში ალკოჰოლური სასმელის მორიგი მიღების დროს, ისინი შეკამათდნენ, რაც ჩხუბში გადაიზარდა. ა. ო-ემ ხელებით სცემა პ. მიქავას სახის არეში. მათ შორის კამათი და ჩხუბი გაგრძელდა ქ. რუსთავში, --- ქუჩაზე მდებარე გიმნაზიის ეზოში, რა დროსაც ა. ო-ემ პ. მიქავას განზრახ მოკვლის მიზნით თავის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა ბეტონის ნატეხი, რის შედეგადაც პ. მიქავა ადგილზევე გარდაიცვალა.

სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ა. ო-ეს დანაშაულის ჩადენის დროს არ შეეძლო, გაეცნობიერებინა თავისი ქმედების ფაქტობრივი ხასიათი და ეხელმძღვანელა მისთვის, ვინაიდან თავისი ფსიქიკური მდგომარეობით ა. ო-ძე წარმოადგენდა საზოგადოებისათვის განსაკუთრებულ საშიშროებას და ესაჭიროებოდა იძულებითი მკურნალობა მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 29 ოქტომბრის დადგენილებით მას შეეფარდა სამედიცინო ხასიათის იძულებითი ღონისძიება ქ. ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიული საავადმყოფოს პირობებში.

ამჟამად ქ. ფოთის შპს “---ს" კომისიური ¹-- ფსიქიატრიული შემოწმების დასკვნის, აგრეთვე აღნიშნული დასკვნის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მთავარი ფსიქიატრის _ თ. ს-ს განმარტების მიხედვით, ა. ო-ეს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსების შემდეგ ჩაუტარდა მკურნალობის სპეციალური კურსი. თავისი ამჟამინდელი ფსიქიკური და ფიზიკური მდგომარეობით იგი განსაკუთრებულ სოციალურ საშიშროებას არ წარმოადგენს, რასაც ამტკიცებს ფსიქიკური სიმპტომატიკის, ასევე ჰალუცინაციებისა და ბოდვითი სიმპტომატიკის უქონლობა, აფექტურ სფეროში მერყეობის არქონა, მთელი დაკვირვების პერიოდში კონფლიქტურობის, გაქცევის მიმართ ტენდენციურობის უქონლობა, კრიტიკის ელემენტების ქონა, პოზიტიური განწყობა ჩატარებული მკურნალობის მიმართ, საავადმყოფოს რეჟიმისადმი უყოყმანოდ დამორჩილება, მედ. პერსონალისა და დაცვის თანამშრომელთა მიმართ კეთილგანწყობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ზემოხსენებულ დასკვნაში მითითებულია, რომ ა. ო-ძე შემდგომ მკურნალობას ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში არ საჭიროებს და ექვემდებარება იძულებითი მკურნალობის გაგრძელებას დისპანსერული მეთვალყურეობის ქვეშ, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ რუსთავის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში.

რუსთავის საქალაქო სასამართლომ, განიხილა რა ქ. ფოთიდან შესული საქართველოს შპს “---ს" 2004წ. 29 აპრილის ფსიქიატრიული შემოწმების ¹-- დასკვნა ა. ო-ის მიმართ მკაცრი რეჟიმის ფსიქონევროლოგიურ- დისპანსერული მკურნალობის რეჟიმით შეცვლის შესახებ, 2004წ. 29 ივნისის დადგენილებით ა. ო-ეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში იძულებით მკურნალობის მკაცრი რეჟიმი შეუცვალა დისპანსერული მეთვალყურებით საცხოვრებელი ადგილის მიხედვით _ ქ. რუსთავის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში.

აღნიშნული სასამართლო დადგენილების თაობაზე რუსთავის საქალაქო პროკურორის თანაშემწე გ. ლ-მა კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 ივნისს ა. ო-ის მიმართ გამოტანილი დადგენილების გაუქმება და იმავე სასამართლოს 2002წ. 29 ოქტომბრის დადგენილების უცვლელად დატოვება, რომლითაც ა. ო-ძე მოთავსებულ იქნა ქ. ფოთის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ.

პალატაში აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით შესაგებელი შეიტანა ა. ო-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-მა, რომლითაც იგი, უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნევს რა კერძო საკასაციო საჩივარს, ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 ივნისის დადგენილების უცვლელად დატოვებას.

პალატის სხდომაზე განხილვისას პროცესში მონაწილე პროკურორმა ზ. ბ-ემ მხარი დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.

ა. ო-ის დამცველმა, ადვოკატმა გ. დ-მა მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა ა. ო-ის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 ივნისის დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა კერძო საკასაციო საჩივარი და სხვა მასალები, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ აღნიშნული საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს შპს “---ს” (ქ. ფოთი) ფსიქიატრიული საექსპერტო კომისიის მიერ ჩატარებული შემოწმების საფუძველზე, 2004წ. 29 აპრილს გაიცა ¹-- დასკვნა, რომლის მიხედვით: ა. ო-ეს აღენიშნება თავის ტვინის დაზიანებითა და დისფუნქციით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობა (ჰალუცინატორულ-პარანოიდული სინდრომი) ინტელექტ-მნესტიკური ფუნქციების დაქვეითებითი. მოცემული მომენტისათვის იგი თავისი ფსიქიკური მდგომარეობით საზოგადოებისათვის საშიშროებას არ წარმოადგენს, რასაც ამტკიცებს ფსიქიკური სიმპტომატიკის, ასევე ჰალუცინაციებისა და ბოდვითი სიმპტომატიკის უქონლობა აფექტურ სფეროში მერყეობის არქონა, რის გამოც იგი ექვემდებარება იძულებითი მკურნალობის გაგრძელებას დისპანსერული მეთვალყურეობის ქვეშ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მიუხედავად ფსიქიატრიული შემოწმების აქტში მოცემული ამგვარი დასკვნებისა, ითვალისწინებს რა ა. ო-ის მიერ ჩადენილი ქმედების განსაკუთრებულ სიმძიმესა და მომეტებულ საფრთხეს, პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რომლითაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა გაირკვეს ა. ო-ის ამჟამინდელი ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც ასახულია ფსიქიატრიული შემოწმების ¹-- აქტში, არის თუ არა სტაბილური და მდგრადი; გამორიცხულია თუ არა მისი ავადმყოფური მდგომარეობის კვლავ გაუარესება იმ მიმართულებით, რომ მისი ქმედებით კვლავ შეექმნას საფრთხე საზოგადოებასა თუ გარშემო მყოფებს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 ივნისის დადგენილება და საქმის მასალები დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რათა იმსჯელოს ა. ო-ის ფსიქიკური მდგომარეობის გამოსარკვევად სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დანიშვნის მიზანშეწონილობისა თუ აუცილებლობის საკითხზე, ასეთი ექსპერტიზის შედეგების მიხედვით მის მიმართ იძულებითი მკურნალობის რეჟიმის სწორად განსაზღვრის მიზნით.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

რუსთავის საქალაქო პროკურორის თანაშემწის _ გ. ლ-ის კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 29 ივნისის დადგენილება ა. ო-ის ქ. ფოთის მკაცრი მეთვალყურეობის ფსიქიატრიული საავადმყოფოდან შემდგომი იძულებითი მკურნალობის გასაგრძელებლად საცხოვრებელი ადგილის მიხედვით დისპანსერული მეთვალყურეობის ქვეშ რუსთავის ფსიქონევროლოგიურ დისპანსერში გადაყვანის შესახებ, ხოლო საქმის მასალები დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას აღნიშნული საკითხის ხელახალი განხილვისათვის.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.