განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 21.09.2004
საქმის ნომერი
2კ-293აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
21.09.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 293-აპ 21 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,თ. ლალიაშვილი

განიხილა იმერეთის საოლქო პროკურორის უფროსი თანაშემწის _ მ. კ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივნისის განაჩენზე, რომლითაც წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 მაისის განაჩენში ნ. მ-ის მიმართ შეტანილ იქნა ცვლილება.

აღწერილობითი ნაწილი:

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 მაისის განაჩენით ნ. მ-ეს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

საბრალდებო დასკვნით ნ. მ-ეს ბრალი დაედო ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვისა და ტარებისათვის, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, კერძოდ: “ტოკარევის” სისტემის 7,62მმ კალიბრის პისტოლეტი რვა ცალი საბრძოლო ვაზნით; “მაკაროვის” სისტემის 9 მმ კალიბრის ორი ცალი პისტოლეტი ერთი მჭიდითა და ექვსი ცალი საბრძოლო ვაზნით, რომელთაც ატარებდა პერიოდულად, ხოლო 2004წ. იანვრის პირველ რიცხვებში უკანონოდ შეინახა წყალტუბოს რაიონის სოფ. ---ში მცხოვრები მამიდის _ ნ. მ-ის საცხოვრებელ სახლში ისე, რომ ამ უკანასკნელისათვის არ იყო ცნობილი ამის შესახებ. 2004წ. 24 დეკემბერს აღნიშნული იარაღი ამოღებულ იქნა პოლიციის ოპერატიული სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად და ჩამოერთვა. რაც შეეხება “ტოკარევის” სისტემის პისტოლეტს რვა ცალი საბრძოლო ვაზნით, ნ. მ-ძე მას ინახავდა წყალტუბოს რაიონის სოფ. ---ში, თავის საცხოვრებელ სახლში, საიდანაც იმავე დღეს ასევე იქნა ამოღებული პოლიციის ოპერატიული სამსახურის მიერ ჩატარებული ჩხრეკის შედეგად და ჩამოერთვა.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 6 მაისის განაჩენით ნ. მ-ეს საბრალდებო დასკვნით საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით შერაცხული ბრალდება მოეხსნა, მის ქმედებაში მოცემული დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო.

აღნიშნულ განაჩენში ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივნისის განაჩენით შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ: ნ. მ-ძე საბრალდებო დასკვნით შერაცხული ბრალდებით, დანაშაულისათვის, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, შესაბამისად საქართველოს სსსკ-ის 504-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა (არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება), ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა, ხოლო დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

იმერეთის საოლქო პროკურორის უფროსი თანაშემწე მ. კ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივნისის განაჩენის გაუქმებასა და საქმის გადაცემას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის ხელახლა განსახილველად.

მსჯავრდებული ნ. მ-ძე შესაგებლით ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა პროკურორს და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივნისის განაჩენი ნ. მ-ის მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატის სხვა შემადგენლობას.

პალატა ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოტივს და თვლის, რომ სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ნ. მ-ის მიმართ დანიშნული სასჯელი აშკარად უსამართლო და მეტისმეტად მსუბუქი სასჯელია, არ შეესაბამება მის პიროვნებას, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესა და ხარისხს, კერძოდ: ნ. მ-ძე ადრე ორჯერ არის ნასამართლევი, ბოლოს იგი რუსეთის ფედერაციაში გაასამართლეს ყაჩაღობისა და გამოძალვისათვის, რისთვისაც შეფარდებული სასჯელის _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლდა. მიუხედავად ამისა, იგი არ დადგა გამოსწორების გზაზე და ნასამართლობის გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდინა ახალი დანაშაული.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტით, 565-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 16 ივნისის განაჩენი ნ. მ-ის მიმართ გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.