შეიცვალა სასჯელი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 306-აპ 30 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ თ. თ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 14 ივნისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თ. თ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის საფუძველზე და შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა
განაჩენით თ. თ-ეს მსაჯავრი დაედო შემდეგისათვის:
თ. თ-ემ 2003წ. 24 სექტემბერს ქ. რუსთავში, საკოლმეურნეო ბაზრის ტერიტორიაზე, გამოძიებით დაუდგენელი მოქალაქისაგან 100 ლარად უკანონოდ შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “ოპიუმი", რომელიც იმავე დღეს ასევე უკანონოდ გადაზიდა ქ. წყალტუბოში და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში. დანაშაულში იგი 2003წ. 26 სექტემბერს ამხილეს წყალტუბოს შს სამმართველოს მუშაკებმა, რომლებმაც თ. თ-ეს საცხოვრებელ სახლში, პირადი ჩხრეკისას, ამოუღეს დიდი ოდენობით _ 11.7 გრამი ნარკოტიკული საშუალება “ოპიუმი", რომელიც მან უკანონოდ შეიძინა, გადაზიდა და ინახავდა პირადი მოხმარების მიზნით. თ. თ-ძე წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2004წ. 19 მარტის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა" და “ე" პუნქტებით და მიესაჯა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის სააპელაციო პალატის 2004წ. 14 ივნისის განაჩენით წყალტუბოს რაიონული სასამართლოს განაჩენში შევიდა ცვლილება სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ, თ. თ-სათვის შეფარდებული სასჯელი _ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის საფუძველზე შეუმცირდა 2 წლით და სასჯელის საბოლოო სახედ განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
კასატორი, მსჯავრდებული თ. თ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს შეფარდებული სასჯელის შემსუბუქებას იმ საფუძვლით, რომ გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხასიათდება დადებითად; აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა, კმაყოფაზე ჰყავს მეორე ჯგუფის ინვალიდი მეუღლე და ორი არასრულწლოვანი შვილი, აქვს მძიმე ეკონომიკური პირობები, არის ავად, კერძოდ, დაავადებულია “ც" ჰეპატიტით.
პროკურორმა ი. კ-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივარს და მოითხოვა განაჩენის უცვლელად დატოვება იმ საფუძვლით, რომ განაჩენი ემყარება უტყუარ მტკიცებულებებს და კანონიერია.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა პროკურორ ი. კ-ლს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო: როგორც საქმის მასალებით არის დადგენილი, თ. თ-ემ როგორც წინასწარი, ასევე სასამართლო გამოძიებისას ხელი შეუწყო საქმის სწრაფად და სრულყოფილად გამოძიებას. იგი საქმის წარმოების პირველივე დღიდან აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას და სრულად აქვს შეგნებული ამ ქმედების სიმძიმე.
იმის მხედველობაში მიღებით, რომ მსჯავრდებულს აქვს მძიმე ეკონომიკური და ოჯახური პირობები, კმაყოფაზე ჰყავს II ჯგუფის ინვალიდი მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი, ის არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, და ასევე იმის გათვალისწინებით, რომ თ. თ-ძე გულწრფელად ნანობს ჩადენილ ქმედებას, ხასიათდება დადებითად, დაავადებულია “ც" ჰეპატიტით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. განაჩენში სასჯელის ნაწილში უნდა შევიდეს ცვლილება მსჯავრდებულის სასიკეთოდ, კერძოდ კი, თ. თ-ეს დანიშნული სასჯელი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა უნდა შეუმცირდეს ერთი წლით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულ თ. თ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 ივნისის განაჩენი შეიცვალოს თ. თ-ის სასიკეთოდ: თ. თ-ის შეფარდებული სასჯელი _ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუმცირდეს 1 წლით და საბოლოოდ განესაზღვროს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა
განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.