საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 354-დად 30 სექტემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მოქალაქე ბ. ლ-ის კერძო საკასაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 აგვისტოს დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი ც. შ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ პროკურატურის დადგენილების გაუქმების თაობაზე.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 25 მაისს ბ. ლ-მა გორის რაიონულ პროკურორს მიმართა განცხადებით, რომელშიც მიუთითა, რომ მას სასამართლოში ჰქონდა ბინიდან გამოსახლებასთან დაკავშირებული დავა. ამასთან დაკავშირებით, სამართლებრივი დახმარებისათვის მიმართა ადვოკატ ც. შ-ლს და მისი მოთხოვნით გადაუხადა 240 ლარი, თუმცა ც. შ-მა ის მოატყუა _ არავითარი მომსახურება არ გაუწია და არც ფული დაუბრუნა.
საჩივრის წინასაგამოძიებო შემოწმების მასალებზე დაყრდნობით გორის რაიონული პროკურატურის გამომძიებელმა 2004წ. 13 ივნისს გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. გამომძიებელმა დადგენილად მიიჩნია შემდეგი: 2003წ. 3 ნოემბრის სანოტარო აქტით ბ. ლ-მა შესაბამისი უფლებამოსილება მიანიჭა ადვოკატ ც. შ-ლს მასზე, რომ ამ უკანასკნელმა დაიცვას მარწმუნებლის ქონებრივი და არაქონებრივი ინტერესები ყველა ინსტანციის სასამართლოში, აწარმოოს შესაბამისი სამოქალაქო საქმე. იმავე რწმუნებულებით ბ. ლ-მა ვალდებულება აიღო, გადაიხადოს დავალების შესასრულებლად ყველა საჭირო ხარჯი და რწმუნებულს გადაუხადოს გასამრჯელო, რომლის ოდენობა დგინდება მხარეთა შორის შეთანხმებით. რწმუნებულებით განსაზღვრული ვალდებულება ადვოკატმა ც. შ-მა გარკვეულწილად შეასრულა, თუმცა საქმე მოგებით ვერ დამთავრდა. ამდენად, ც. შ-ლს არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
პროკურატურის დადგენილება ბ. ლ-მა გაასაჩივრა გორის რაიონულ სასამართლოში და ითხოვა მისი გაუქმება. სასამართლომ საჩივარი არ დააკმაყოფილა.
კერძო საკასაციო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არასრულყოფილად განიხილა მისი საჩივარი და გამოიტანა უკანონო დადგენილება.
პალატის სხდომაზე კასატორმა ბ. ლ-მა განმარტა, რომ ის არ მოითხოვს ც. შ-ის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას. მხოლოდ ითხოვს, რომ მან დაუბრუნოს გადახდილი თანხა იმ პროცენტის დამატებით, რაც მას მევალისათვის აქვს გადასახდელი.
პროკურორმა ზ. ო-ემ ითხოვა პროკურატურისა და სასამართლოს დადგენილებების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სასამართლოს დადგენილება, რომელსაც ასაჩივრებს მოქალაქე ბ. ლ-ლი, უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ მოისმინა მხარეთა ჩვენებები, სრულყოფილად შეისწავლა არაღძრული მასალები და საფუძვლიანად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გამომძიებელს მართლაც არ გააჩნდა კანონიერი საფუძველი ც. შ-ის მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღსაძვრელად. თუ მომჩივან ბ. ლ-სა და ადვოკატ ც. შ-ლს შორის წარმოშობილი დავა მხარეთა შეთანხმებით ვერ მოწესრიგდება, მაშინ იგი უნდა გადაწყდეს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. ზემოაღნიშნულის დასტურია ისიც, რომ პალატის სხდომაზე ბ. ლ-მა მოითხოვა ც. შ-საგან თანხის დაბრუნება და არა მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
ბ. ლ-ის კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
გორის რაიონული სასამართლოს 2004წ. 13 აგვისტოს დადგენილება ბ. ლ-ის საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.