საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 26.10.2004
საქმის ნომერი
2კ-277აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
26.10.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 277-აპ 26 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,თ. ლალიაშვილი

განიხილა მსჯავრდებულების _ გ. ს-სა და კ. ქ-ას საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ივნისის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 იანვრის განაჩენით გ. ს-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “დ” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელის ნაწილი _ 1 წელი _ და საბოლოოდ განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

კ. ქ-ვა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ივნისის განაჩენით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 26 იანვრის განაჩენი გ. ს-სა და კ. ქ-ას მიმართ დარჩა უცვლელად.

განაჩენით გ.ს-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით, არაერთგზის, უკანონო შეძენა-შენახვა, ხოლო კ.ქ-ას _ იმაში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით, უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღება, რაც გამოიხატა შემდეგში: კ. ქ-ამ 2003წ. 20 აგვისტოს, დილით, ცხინვალის რაიონში, ე.წ. “---ის” ბაზრობაზე, მისთვის უცნობი ოსი ეროვნების მამაკაცისგან 100 აშშ დოლარად შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “---”, რომლის ნაწილი მოიხმარა, ნაწილი კი თბილისში გადმოზიდა და შეინახა. იმავე საღამოს 0,178 გრამი “---” 50 აშშ დოლარად მიჰყიდა თავის ნაცნობს _ გ. ს-ეს, ხოლო დარჩენილი ნაწილი თვითონ დაიტოვა. იმავე დღეს გ.ს-ძე და კ.ქ-ვა დააკავეს ---ის გამზირზე, სატრანსპორტო პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე. პირადი ჩხრეკისას გ.ს-ეს ჯინსის შარვლის მარჯვენა ჯიბეში აღმოაჩნდა 0,178 გრამი ნარკოტიკული საშუალება “---”, ხოლო კ.ქ-ას პირადი ჩხრეკისას შარვლის უკანა, მარჯვენა ჯიბეში აღმოაჩნდა ვერცხლისფერ ქაღალდში გახვეული დიდი ოდენობით, 0,303 გრამი, ნარკოტიკული საშუალება “---”.

მსჯავრდებული გ.ს-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლას სასჯელის ნაწილში და პირობითი სასჯელის შეფარდებას შემდეგი მოტივებით: მისი ქმედება განაპირობა ჯანმრთელობის შელახვით გამოწვეულმა სულიერმა დეპრესიამ, ფსიქიკურმა აშლილობამ; იგი ათეული წლების განმავლობაში განიცდის ნივთიერებათა ფუნქციის მოშლას; დაავადებულია ტუბერკულოზით, ასევე _ --- ჰეპატიტით; იზოლაცია შესაბამისად ამძიმებს მის მდგომარეობას და მოკლებულია ეფექტური მკურნალობის ჩატარების საშუალებას სხვადასხვა აპარატურის გამოყენებით, რაც რისკის ქვეშ აყენებს მის სიცოცხლეს.

მსჯავრდებული კ.ქ-ვა საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის შეცვლას სასჯელის ნაწილში და ისეთი სასჯელის შეფარდებას, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან იმ მოტივებით, რომ იგი პირველადაა სამართალში; ინანიებს ჩადენილ დანაშაულს; ხასიათდება დადებითად; დაავადებულია -- ჰეპატიტით; ჰყავს I ჯგუფის ინვალიდი, უსინათლო მამა; ზრდის მცირეწლოვან დისშვილს, რომელიც არის აფხაზეთიდან ლტოლვილი და არის მის კმაყოფაზე; არის ნარკოტიკების მომხმარებელი და არა რეალიზატორი.

პროკურორი ა.სიკიაშვილი არ ეთანხმება საკასაციო საჩივრების მოთხოვნას და ითხოვს გ.ს-ისა და კ.ქ-ას მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით _ თავად მსჯავრდებულთა და მოწმეთა ჩვენებებით, ჩხრეკის ოქმებითა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ 2003წ. 20 აგვისტოს, დილით, ცხინვალის რაიონში, ე.წ. “---ის” ბაზრობაზე, კ.ქ-ამ მისთვის უცნობი ოსი ეროვნების მამაკაცისგან 100 აშშ დოლარად შეიძინა ნარკოტიკული საშუალება “---”, რომლის ნაწილი მოიხმარა, ნაწილი კი თბილისში გადმოზიდა და შეინახა. იმავე საღამოს 0,178 გრამი “---” 50 აშშ დოლარად მიჰყიდა ნაცნობ გ.ს-ეს, ხოლო დარჩენილი ნაწილი თვითონ დაიტოვა.

ამდენად, საქმის მასალებით მთლიანად დადასტურებულია, რომ გ.ს-ემ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით, არაერთგზის, უკანონო შეძენა-შენახვა, ხოლო კ.ქ-ამ _ ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით, უკანონო შეძენა, შენახვა, გადაზიდვა და გასაღება. გ.ს-ისა და კ.ქ-სთვის შერაცხული დანაშაულის ხასიათისა და სიმძიმიდან გამომდინარე, პალატას მათ მიმართ პირობითი სასჯელის ან ისეთი სასჯელის გამოყენება, რაც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან, მიზანშეუწონლად მიაჩნია.

ამასთან, საკასაციო პალატა ითვალისწინებს რა მსჯავრდებულ გ.ს-ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, _ კერძოდ, იმას, რომ იგი არის 25 წლის ახალგაზრდა; აქვს მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობა: დაავადებულია -- ჰეპატიტით ვირუსის მაღალი კონცენტრატით სისხლში, ქრონიკული გასტრიტით, ქრონიკული ქოლეცისტიტით, ქრონიკული კოლიტით, მარცხენა ფილტვის კეროვანი ტუბერკულოზით; კმაყოფაზე ჰყავს ავადმყოფი დედა შემდეგი დიაგნოზით: ქრონიკული ჰეპატიტი, ციროზი, ასციტი, ჰიპერტონიული დაავადება _ II სტადია, გ.ი.დ. კორონაროსკლეროზი, სტენოკარდია, I ხარისხის გულის უკმარისობა; მეზობლები ახასიათებენ დადებითად, _ მიზანშეწონილად მიაჩნია, გ.სანაძის მიმართ გამოყენებულ იქნეს სსკ-ის 55-ე მუხლი ჩადენილი ქმედებისთვის დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის დანიშვნის თაობაზე და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისათვის შეეფარდოს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც უნდა დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელიდან 1 წელი და საბოლოოდ განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

პალატა ასევე ითვალისწინებს რა მსჯავრდებულ კ.ქ-ას პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, _ კერძოდ, იმას, რომ იგი პირველადაა სამართალში; ჰყავს I ჯგუფის ინვალიდი, უსინათლო მამა; ხასიათდება დადებითად; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია, _ თვლის, რომ კ.ქ-ას მიმართ გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 55-ე მუხლი ჩადენილი ქმედებისთვის დაწესებული სასჯელის ზომის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელის დანიშვნის თაობაზე და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის უნდა განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ივნისის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ გ. ს-ეს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, შეეფარდოს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, რასაც დაემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 1 წელი _ და საბოლოოდ განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

კ. ქ-ას სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.