საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 281-აპ 19 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ნ. ს-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივნისის განაჩენზე, რომლითაც შეიცვალა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 თებერვლის განაჩენი მის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004წ. 17 თებერვლის განაჩენით ნ. ს-ეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის II ნაწილის “გ”, “დ” ქვეპუნქტებითა და 363-ე მუხლის II ნაწილით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივნისის განაჩენით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს განაჩენი შეიცვალა სასჯელის ნაწილში და ნ. ს-ეს სასჯელად შეეფარდა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
განაჩენით ნ. ს-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან 2003წ. 22 იანვარს თბილისში, --- ქუჩაზე, მ. ჩ-ეს გასტაცა მობილური ტელეფონი, პასპორტი და ოქროს ნივთები, რითაც მას მიაყენა 4507 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ნ. ს-ძე ითხოვს სასჯელის შემცირებას. საჩივარში აღნიშნავს, რომ დაავადებულია ტუბერკულოზით, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დაზარალებულს ნაწილობრივ აუნაზღაურა ზიანი, აქვს მძიმე ოჯახური მდგომარეობა და ა.შ.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. კ-მა მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება 6 თვით მაინც.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ზ. დ-მა საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა, განაჩენი ნ. ს-ის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. პალატა თვლის, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებებით, დაზარალებულ მ. ჩ-ის განმარტებებით, ნ. ს-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული. სააპელაციო სასამართლომ სრულად გაითვალისწინა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი ყველა ის გარემოება რაც საკასაციო საჩივარშია მითითებული და ნ. ს-ეს სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო. ამდენად, პალატა თვლის, რომ განაჩენი ნ. -ის მიმართ კანონიერია და არ არსებობს მისი შეცვლისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 15 ივნისის განაჩენი ნ. ს-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.