საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 283-აპ 21 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ნ. გაბრიჩიძე,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ ო. უ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ივლისის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 მარტის განაჩენით ო. უ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა პირობით, 3 წლით გამოსაცდელი ვადით. ამავე განაჩენით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი. გ-ის სამოქალაქო სარჩელი: ო.უ-ეს ი.გერმესაშვილის სასარგებლოდ გაწეული მკურნალობის ხარჯების ასანაზღაურებლად დაეკისრა 600 ლარის გადახდა, სხეულის დაზიანების რეაბილიტაციისათვის, ცხვირის ოპერაციისა და კბილების აღდგენისათვის _ 655 ლარის გადახდა, პალტოს საფასური _ 500 ლარი, მორალური ზიანის ასანაზღაურებლად _ 300 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 2.055 ლარს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ივლისის განაჩენით კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004წ. 23 მარტის განაჩენი ო. უ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.
განაჩენით ო.უ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც სიცოცხლისათვის არ არის სახიფათო და არ გამოუწვევია ამ კოდექსის 117-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, მაგრამ დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან, ჩადენილი ამ კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დამამძიმებელ გარემოებებში, დაზარალებულის სამსახურებრივ და საზოგადოებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, განსაკუთრებული სისასტიკითა და ხულიგნური ქვენაგრძნობით, რაც გამოიხატა შემდეგში:
ო. უ-ძე მუშაობდა გაზეთ “---ის” რედაქციაში განყოფილების რედაქტორად და წარმოადგენდა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, ამავე რედაქციის სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარესთან _ ი. გ-თან დაკავშირებული იყო სამსახურებრივი და საზოგადოებრივი საქმიანობით. გარკვეული პერიოდი ო.ურუშაძესა და ი.გერმესაშვილს, სამსახურებრივი საკითხების გამო, კონფლიქტური ურთიერთობა ჰქონდათ. 2003წ. 14 აპრილს, დაახლოებით 14 საათზე, ო.უ-ძე შევიდა ი.გერმესაშვილის კაბინეტში და განაწყენებული იმაზე, რომ მიუღებელი ჰქონდა 20 თვის ხელფასი და მისი სამუშაო ოთახის ტელეფონი პარალელურად გაცემული იყო გაქირავებული ოთახის მფლობელზე, უხამსი სიტყვებით დედა აგინა ი.გ-ლს, რის გამოც ი.გერმესაშვილმა მოუწოდა ო.უ-ეს, გასულიყო კაბინეტიდან. პასუხად ო.უ-ემ, სხეულის განზრახ დაზიანების მიზნით, სავარძელში მჯდომ ი.გ-ლს განსაკუთრებული სისასტიკით სახისა და თავის არეში მუშტები ჩაარტყა, ძალადობის შედეგად დაუმსხვრია ცხვირის ძვლები, გაუხეთქა ზედა ტუჩის შიგნითა ზედაპირი, ტუჩის გარეთა ზედაპირსა და მარჯვენა ყვრიმალზე მიაყენა დაჟეჟილობები, დაუზიანა კბილები. მიყენებული დაზიანებების შედეგად მიიღო თავის ტვინის შერყევა, სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლით. ო.უ-ემ რედაქციაში ხულიგნური ქმედებით უხეშად დაარღვია საზოგადოებრივი წესრიგი და აშკარად გამოხატა უპატივცემულობა დერეფანში საშველად მოსახმობ ყვირილზე გამოსული საზოგადოებისადმი, რომელთაც ცხვირპირდასისხლიანებულ ი.გერმესაშვილს აღმოუჩინეს დახმარება. შემდეგ კი ი.გერმესაშვილი სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს საავადმყოფოში.
მსჯავრდებული ო.უ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებასა და გამართლებას შემდეგი მოტივებით: მას დანაშაული არ ჩაუდენია; ბრალი წაუყენეს ეჭვმიტანილად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანიდან 45 დღის შემდეგ კონსტიტუციისა და საპროცესო კოდექსის უხეში დარღვევით; რიგით მეოთხე, სასამართლო-სამედიცინო კომისიური ექსპერტიზის დასკვნა შედგენილია ო.ურუშაძის ჩვენებების დამახინჯებითა და მიკერძოებით, პროცესუალური ნორმების უხეში დარღვევით; კასატორი ასევე ითხოვს განაჩენის გაუქმებას სამოქალაქო სარჩელის ნაწილში და გადასახდელი თანხის შემცირებას, ვინაიდან ი.გერმესაშვილს არასწორად ჩაუტარდა მკურნალობის კურსი; საქმეში არ მოიპოვება პალტოს დაზიანებამდე მისი ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი; სასამართლომ ვერ დაასაბუთა, თუ რაში გამოიხატა დაზარალებულისთვის მორალური ზიანის მიყენება. ამასთან, ო.უ-ძე ითხოვს მისთვის მიყენებული ზიანის კომპენსაციას.
მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ.ხ-ლი დამატებითი საკასაციო საჩივრით ცვლის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, ითხოვს ო.ურუშაძის მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნებას იმ მოტივებით, რომ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება ჩატარდა არაობიექტურად და მიკერძოებულად; დაშვებულია არსებითი ხასიათის პროცესუალური დარღვევები; ო.უ-სთვის სსკ-ის 118-ე მუხლით ბრალის წარდგენამდე საქმეში არსებული მასალები ცნობილ უნდა იქნეს დაუშვებელ მტკიცებულებებად.
მსჯავრდებული ო.უ-ძე მხარს უჭერს მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მოთხოვნას და ითხოვს საქმის დამატებითი გამოძიებისთვის დაბრუნებას.
დაზარალებული ი.გერმესაშვილი და სამოქალაქო მოსარჩელის წარმომადგენელი ლ.ა-ლი არ ეთანხმებიან საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვენ ო.უ-ის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
პროკურორი ე.ქ-ვა მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს ო.უ-ის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, დაზარალებულ ი.გ-ის ჩვენებებითა და მისი ო.ურუშაძესთან დაპირისპირების ოქმით, მოწმეთა ჩვენებებით, ექსპერტთა დასკვნებითა და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, მთლიანად დადასტურებულია ო.უ-ის მიერ ი.გ-სთვის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტი.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა სამართლიანად არ გაიზიარეს მსჯავრდებულ ო.უ-ის ურთიერთგამომრიცხავი ჩვენებები, რომლებსაც ის იძლეოდა საქმის წარმოების სხვადასხვა ეტაპზე.
პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივებს საქმის მიკერძოებულად, არაობიექტურად გამოძიებისა და მისი მიმდინარეობისას არსებითი ხასიათის პროცესუალური დარღვევების დაშვების თაობაზე. პალატა თვლის, რომ ო.უ-ის ქმედება სწორად არის დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მისთვის განსაზღვრული სასჯელის ზომაც სრულად შეესაბამება მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და ხასიათს. ასევე სამართლიანია განაჩენი სამოქალაქო სარჩელის ნაწილშიც და არ არსებობს ო.უ-ისთვის ი.გ-ის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის შემცირების სამართლებრივი საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ივლისის განაჩენი ო.უ-ის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 12 ივლისის განაჩენი ო. უ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.