განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 28.10.2004
საქმის ნომერი
2კ-336აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
28.10.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 336-აპ 28 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,თ. ლალიაშვილი

განიხილა პროკურორისა და ფინანსთა მინისტრის მოადგილის კერძო საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ივლისის განჩინებაზე, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს დაევალა რეაბილიტირებულ რ. ჩ-სათვის 11300 ლარის ანაზღაურება. ამ თანხიდან _ 5000 ლარი _ მორალური ზიანის საკომპენსაციოდ, 5800 ლარი _ მიუღებელი ხელფასი და 500 ლარი _ ადვოკატის მომსახურების ხარჯებისათვის.

პროკურორის კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმებას და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2003წ. 27 ნოემბრის იმ დადგენილების უცვლელად დატოვებას, რომლითაც მოთხოვნა რ. ჩ-ისათვის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურების შესახებ დარჩა ღიად (განუხილველად).

ფინანსთა მინისტრის მოადგილის საჩივარი ითხოვს, რ. ჩ-ლს უარი ეთქვას ადვოკატზე გაწეული ხარჯებისა და მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 21 დეკემბრის განაჩენით რ. ჩადუნელი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 1960წ. სსკ-ის 262-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა სამი წლით სადისციპლინო ბატალიონში გაგზავნა.

საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 17 ივლისის ¹-- ბრძანებულებით გაუქმდა თავდაცვის სამინისტროს სადისციპლინო სამხედრო ნაწილი, რის გამოც რ. ჩ-ლს 1999წ. 21 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000წ. 24 ოქტომბრის დადგენილებით შეეცვალა პირობით, ერთი წლის საგამოცდო ვადით.

რ. ჩ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ ბორჯომის რაიონის სამხედრო კომისარიატმა 1997წ. 19 აპრილს ის გაიწვია საქართველოს სამხედრო ძალებში სავალდებულო სამხედრო ბეგარის მოსახდელად და ჩაირიცხა რიგით ჯარისკაცად. მან სამხედრო სამსახურისაგან თავის არიდების მიზნით, თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილი 1998წ. 18 ოქტომბრიდან 21 დეკემბრამდე, 1999წ. 26 იანვრიდან 20 აპრილამდე, ხოლო 1999წ. 7 მაისიდან საერთოდ არ დაბრუნდა სამხედრო ნაწილში.

2001წ. სექტემბერში რ. ჩ-მა საჩივრით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს და მოითხოვა მის მიმართ არსებული სისხლის სამართლის საქმის გადასინჯვა იმ მოტივით, რომ ის დაავადებულია მენჯ-ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობით, რის გამოც გაწვეული არ უნდა ყოფილიყო სავალდებულო სამხედრო სამსახურში.

ახლად აღმოჩენილ გარემოებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავარ სამხედრო პროკურატურაში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მ. ჩ-ლს, მარჯვენა ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობის გამო, კიდური დამოკლებული აქვს სამი სანტიმეტრით; გარდა ამისა, აქვს სხვა დაავადებებიც, რის გამოც იგი არ ექვემდებარებოდა საყოველთაო სავალდებულო ბეგარის მოსახდელად სამხედრო სამსახურში გაწვევას.

ზემოაღნიშნულის გამო, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2002წ. 30 მაისის განჩინებით დააკმაყოფილა გენერალური პროკურორის წარდგინება, გააუქმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 1999წ. 21 დეკემბრის განაჩენი და იმავე სასამართლოს 2000წ. 24 ოქტომბრის დადგენილება რ. ჩ-ის მიმართ და შეწყვიტა სისხლის სამართლის საქმის წარმოება, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო.

2002წ. 6 ნოემბერს ადვოკატმა ლ. ქ-ემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვა რ. ჩ-ის რეაბილიტირებულად ცნობა და მისთვის მორალური, ფიზიკური და ქონებრივი ზიანის ასანაზღაურებლად 136400 ლარის ფინანსთა სამინისტროსათვის გადასახდელად დაკისრება.

განცხადება ქვემდებარეობით განსახილველად გადაეგზავნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2003წ. 27 ნოემბრის დადგენილებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა განცხადების მოთხოვნა, რ. ჩ-ლი ცნო რეაბილიტირებულად, ხოლო 136400 ლარის ანაზღაურების ნაწილში განცხადება დატოვა ღიად იმ მოტივით, რომ რეაბილიტაციის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლის შემდეგ მას (რ. ჩ-ლს) მიეცეს შესაძლებლობა, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

ქუთაისის საოლქო სასამართლომ 2004წ. 30 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ადვოკატ ლ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი და საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნულ დადგენილებაში შეიტანა ცვლილებები შემდეგი მიმართებით:

რ. ჩ-ის რეაბილიტაციის შესახებ ეცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (ოფიციალურ გამოცემაში პუბლიკაციისათვის), ქ. ბორჯომის ადგილობრივი მმართველობის გამგეობას, სააქციო საზოგადოება “---ის” ბორჯომის ¹-- ჩამომსხმელი ქარხნის ადმინისტრაციას და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმატიზაციის სამმართველოს. რეაბილიტირებულ რ. ჩ-ლს აუნაზღაურდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5000 ლარი _ მორალური ზიანისათვის, 5800 ლარი _ მიუღებელი ხელფასი და 500 ლარი _ ადვოკატის მომსახურებისათვის. ფიზიკური ზიანის კომპენსაციის ნაწილში მოთხოვნა დარჩა ღიად და რ. ჩ-ლს განემარტა, ის ეძიოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.

პალატის სხდომაზე კასატორებმა დააზუსტეს თავინთი მოთხოვნა.

პროკურორმა ვ. კ-ემ ითხოვა, რ. ჩ-ლს უარი ეთქვას ხელფასისა და ადვოკატის ხარჯების ანაზღაურებაზე, ხოლო მორალური ზიანის ნაწილში ასანაზღაურებელი თანხა შემცირდეს მინიმუმამდე.

ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლ. გ-ემ მხარი დაუჭირა პროკურორის მოთხოვნას.

ადვოკატმა ლ. ქ-ემ ითხოვა, უარი ეთქვას წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივრებს. ამასთან, იმ მოტივით, რომ სააპელაციო სასამართლოს დაშვებული აქვს მექანიკური შეცდომა, იშუამდგომლა რ. ჩ-სათვის ხელფასის სახით ასანაზღაურებელი თანხა _ 5800 ლარიდან გაიზარდოს 7800 ლარამდე და საბოლოოდ საკომპენსაციო თანხა განისაზღვროს 13300 ლარით.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილ საჩივართა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ რ. ჩ-ლი 1999წ. 23 თებერვლიდან 2002წ. 30 მაისამდე, ანუ 39 თვის განმავლობაში უკანონოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში და მსჯავრდებული. აქედან, 2 თვე და 10 დღე იყო პატიმარი, ხოლო თითქმის ერთი წლის. განმავლობაში იძებნებოდა. ასეთ ვითარებაში პალატა თვლის, რომ მორალური ზიანის საკომპენსაციოდ რ. ჩადუნელისათვის 5000 ლარის ანაზღაურება კანონიერად უნდა ჩაითვალოს და საკასაციო საჩივართა მოთხოვნა ამ თანხის შემცირების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

რაც შეეხება ადვოკატის ხარჯებისა და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას, ამ ნაწილში გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს.

საქმეში წარმოდგენილი არ არის ადვოკატის მომსახურების ასანაზღაურებლად გაწეული ხარჯების დამადასტურებელი საბუთი, რომელიც ვერც საკასაციო პალატის სხდომაზე იქნა წარმოდგენილი. ამის გარეშე კი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურების თაობაზე დაუსაბუთებელი და უკანონოა.

საქმის მასალებით გარკვეული არ არის ბორჯომის მინერალური წყლის ჩამომსხმელ ქარხანაში რ. ჩ-ლი გარკვეული ვადით მუშაობდა თუ უვადოდ; როდის შეწყვიტა მუშაობა და რა მიზეზით; რა ოდენობის იყო მისი ხელფასი და პატიმრობიდან განთავისუფლების შემდეგ დაიწყო თუ არა მუშაობა.

საქმეში წარმოდგენილი ცნობის მიხედვით, რ. ჩ-ლი ბორჯომის ¹2 ჩამომსხმელ ქარხანაში მუშაობდა 1997წ. პირველ სექტემბრამდე. ამის საწინააღმდეგოდ დადგენილია, რომ ის სამხედრო სამსახურში გაწვეულ იქნა 1997წ. აპრილში. გამოდის, რომ ცნობა არარეალური ან ყალბია.

მეორე ცნობის მიხედვით, რომელიც გაცემულია 2002წ. სექტემბერში, რ. ჩ-ის ხელფასი თვეში შეადგენს ორას ლარს. სასამართლოს არ გაურკვევია ეს ცნობა რომელ პერიოდს ეხება _ რ. ჩ-ის სამხედრო სამსახურში გაწვევამდე მუშაობას, თუ ცნობის გაცემის დროს ის უკვე მუშაობდა და ამჟამინდელი ხელფასი არის მასში მითითებული.

ზემოაღნიშნულ გარემოებათა გამოკვლევის გარეშე მატერიალური ზიანის ოდენობის განსაზღვრა შეუძლებელია. რაც მთავარია, უნდა დაზუსტდეს ზარალის ის ოდენობა, რაც დაკავშირებულია რ. ჩ-ის უკანონოდ პასუხისგებაში მიცემასა და მსჯავრდებასთან. ყველა გარემოების სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ სასამართლომ უნდა მიიღოს კანონიერი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე, 571-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

პროკურორისა და ფინანსთა სამინისტროს კერძო საკასაციო საჩივრების მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ივლისის განჩინება გაუქმდეს რეაბილიტირებულ რ. ჩ-სათვის მიუღებელი ხელფასის _ 5800 ლარისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯის _ 500 ლარის ანაზღაურების ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს მოსამართლეთა სხვა შემადგენლობას.

გასაჩივრებული განჩინება სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.