საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 11.11.2004
საქმის ნომერი
2კ-340აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
11.11.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 340-აპ 11 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ ბ. დ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 3 ივნისის განაჩენი მის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 3 ივნისის განაჩენით ბ. დ-ნს საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით სასჯელის ზომად განესაზღვრა 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 სექტემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2004წ. 3 ივნისის განაჩენი ბ. დ-ის მიმართ დარჩა უცვლელად.

განაჩენით ბ. დ-ნს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა “კალაშნიკოვის" სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი ორი მჭიდითა და 53 საბრძოლო ვაზნით. 2003წ. 31 ოქტომბერს იგი დააკავეს და აღმოუჩინეს ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები.

საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის შეწყვეტას. საჩივარში იგი აღნიშნავს, რომ ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია, ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო ვაზნები დაკავების დროს არ ჰქონია, პოლიციელებმა თვითონ მიუტანეს ჩანთა და დააბრალეს, რომ შიგ არსებული ავტომატური იარაღი და ვაზნები ეკუთვნოდა მას, დაკავებასა და ჩხრეკას მოწმეები არ დასწრებიან, ექსპერტს თითის ანაბეჭდები ცეცხლსასროლი იარაღიდან არ აუღია, წინასწარი გამოძიების დროს სცემეს, სასამართლოს კი ეს ფაქტები არ შეუფასებია.

პალატის სხდომაზე სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა შ. ვ-ემ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. განაჩენი ბ. დ-ის მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის მოსაზრება და თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო საჩივრის მოტივები, რომ თითქოს მსჯავრდებულ ბ. დ-ნს ხელოვნურად შეუქმნეს სისხლის სამართლის საქმე _ თითქოს დაკავების მომენტში ხელჩანთა და მასში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი საბრძოლო ვაზნებით არ ჰქონია, პირადი ჩხრეკა ჩაუტარდა დამსწრეების მონაწილეობის გარეშე _ უსაფუძვლოა და საქმის მასალებით არ დასტურდება.

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მოწმეების _ პ. ნ-ის, დ. თ-ის, რ. ჩ-ის, შ. ტ-ის ჩვენებებით, სასამართლო-კრიმინალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით ბ. დ-ის მიერ მასზე ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული. სასამართლომ, გაითვალისწინა რა მსჯავრებულის პიროვნება, რომ იგი ნასამართლევია, დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, სასჯელი დაუნიშნა იმ ზომით, რაც არ არის მეტისმეტად მკაცრი და აშკარად უსამართლო.

პალატა თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 სექტემბრის განაჩენი ბ. დ-ის მიმართ კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმებისა და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 3 სექტემბრის განაჩენი ბ. დ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.