საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 16.11.2004
საქმის ნომერი
2კ-345აპ.-04
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
16.11.2004

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 345-აპ 16 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,თ. ლალიაშვილი

განიხილა დაზარალებულების _ ა. გ-სა და ლ. ჩა-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ივნისის განაჩენზე ლ. გ-ის მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2004წ. 27 აპრილის განაჩენით ლ. გ-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც შესაბამისად სსკ-ის 63-64-ე მუხლებისა ჩაეთვალა პირობით. მას გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 1 წელი.

აღნიშნული განაჩენი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ივნისის განაჩენით დარჩა უცვლელად.

გასაჩივრებული განაჩენით ლ. გ-ეს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დამრღვევი და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამომხატველი განზრახი ქმედება ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, რაც გამოიხატა შემდეგში:

ლ. გ-ემ 21 აპრილს, დაახლოებით 2100 საათზე, მთვრალმა, უმნიშვნელო საბაბით განაწყენებულმა, ახირებით, საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დამრღვევი და საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობის გამომხატველი განზრახი უწესო მოქმედებით, პირადი საკუთრების, რეგისტრირებული, 16 მმ კალიბრის ორლულიანი სანადირო თოფით ხარაგაულის რაიონის სოფ. ---ში მდებარე, დაზარალებულების _ ა. გ-ისა და ლ. ჩ-ის საცხოვრებელ სახლზე ორჯერ მოახდინა დამიზნებული გასროლა და საცხოვრებელი სახლის კედლების, ფანჯრისა და ფარდების დაზიანებით დაზარალებულებს _ ა. გ-ესა და ლ. ჩ-ს მიაყენა 300 ლარის ოდენობის მნიშვნელოვანი ზიანი.

საკასაციო საჩივრით დაზარალებულები _ ა. გ-ძე და ლ. ჩ-ლი ითხოვენ საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებასა და საქმის გადაცემას სხვა რაიონის საგამოძიებო ორგანოებისათვის, რასაც ასაბუთებენ იმით, რომ, ნაცვლად ხულიგნობისა, ლ. გ-ის ქმედება უნდა დაკვალიფიცირებულიყო ხულიგნური ქვენაგრძნობით ორი პირის _ დაზარალებულ ა. გ-სა და მისი მეუღლის _ დაზარალებულ ლ. ჩ-ის განზრახ მკვლელობის მცდელობად სსკ-ის მე-19,109-ე მუხლის “ა" და “კ" პუნქტებით.

პალატის სხდომაზე დაზარალებულმა ა. გ-ემ, მისმა ადვოკატებმა _ ნ. ი-ამ და ლ. ო-მა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.

მსჯავრდებულ ლ. გ-ის ადვოკატები _ რ. ბ-ლი და ლ. გ-ლი ითხოვენ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

პროკურორმა ზ. კ-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან აღნიშნა, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების კანონიერი საფუძველი და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს და თვლის, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის მასალები, სათანადოდ გააანალიზა მსჯავრდებულ ლ. გ-ის, დაზარალებულ ა. გ-ის, მოწმეების _ რ. პ-ის, ნ. პ-ის, ე. ჭ-ის, ნ. ლ-ის ჩვენებები და სწორი იურიდიული კვალიფიკაცია მისცა ლ. გ-ის ქმედებას.

საკასაციო პალატა ეთანხმება განაჩენს და მიიჩნევს, რომ საქმეში არ არსებობს არავითარი დამადასტურებელი მტკიცებულება იმისა, რომ მსჯავრდებულ ლ. გ-ეს ამოძრავებდა დაზარალებულების _ ა. გ-ისა და ლ. ჩ-ის მოკვლის განზრახვა; ამდენად, დაზარალებულ ა. გ-ის საკასაციო საჩივარს ლ. გ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებისა და უფრო მძიმე ბრალდების წასაყენებლად საქმის დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაბრუნების შესახებ პალატა არ იზიარებს.

პალატა ასევე მიიჩნევს, რომ განაჩენი ლ. გ-ის მიმართ კანონიერი და სამართლიანია სასჯელის ნაწილშიც. ლ. გ-ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში მიიღო როგორც ჩადენილი დანაშაულის მართლწინააღმდეგობის ხასიათი და ხარისხი, აგრეთვე მსჯავრდებულის პიროვნული მახასიათებლები, რომ იგი არის ხანდაზმული _ 77 წლის და ხასიათდება დადებითად.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 30 ივნისის განაჩენი ლ. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.