საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 348-აპ 18 ნოემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულების _ მ. ხ-ის, ზ. ც-ის, ასევე მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების _ გ. ზ-ისა და მ. ფ-ის საკასაციო საჩივრები ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 სექტემბრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 ივნისის განაჩენი ზ. ც-ის, ა. გ-სა და მ. ხ-ის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 სექტემბრის განაჩენით (რომლითაც უცვლელად დარჩა ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს 2004წ. 25 ივნისის განაჩენი) ზ. ც-ძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით (1960წ. სისხლის სამართლის კოდექსი) და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 11 (თერთმეტი) წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2001წ. 23 ივლისიდან;
ა. გ-ნი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით (1960წ. სისხლის სამართლის კოდექსი) და მოქმედი სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა" და “დ" ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის “გ" ქვეპუნქტითა და 363-ე მუხლის მეორე ნაწილით. სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 13წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით (ამჟამად ა. გ-ნი იმყოფება მიმალვაში);
მ. ხ-სი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით და შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 12 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2002წ. 25 დეკემბრიდან.
განაჩენით დადგენილად მიჩნეულია შემდეგი:
ა. გ-ნი დანაშაულებრივ კავშირში იმყოფებოდა პირთა ჯგუფთან _ ოზურგეთის რაიონის სოფ. ---ში მცხოვრებ მ. ხ-სთან, კ. ლ-სთან, აწ გარდაცვლილ გ. კ-სა და სოფ. ---ში მცხოვრებ ზ. ც-სთან. 1993წ. 8 ნოემბერს ისინი შეიკრიბნენ ა. გ-ის საცხოვრებელ სახლში და შეთანხმდნენ, მოქალაქეთა პირადი ქონების დაუფლების მიზნით, ყაჩაღური თავდასხმა მოეხდინათ სოფ. ---ში მცხოვრებ ვ. ტ-ას ოჯახზე. წინასწარ შეადგინეს სამოქმედო გეგმა, კერძოდ, დამნაშავეთა ჯგუფი ვ. ტ-ას სახლთან მივიდოდა ზ. ც-ის მართვის ქვეშ არსებული მსუბუქი ავტომანქანით. საცხოვრებელ სახლში შევიდოდნენ ა. გულბიანი, მ. ხ-სი, კ. ლ-ე და გ. კ-ძე, ხოლო ზ. ც-ძე დადგებოდა მეთვალყურედ ვ. ტ-ს ეზოში. მოლაპარაკების შესაბამისად, პირთა ჯგუფი დაახლოებით 18 სთ-ზე გავიდა ა. გ-ს საცხოვრებელი სახლიდან. სასოფლო გზაზე დამნაშავეთა ჯგუფმა ჩაის პლანტაციიდან გამოიტანა დამალული იარაღები: ორი ავტომატი, “მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი და სხვა იარაღები. ერთი ავტომატური იარაღი აიღო ა. გ-მა. სოფ. ---ის სასაფალოსთან ა. გ-მა, მ. ხ-მა, კ. ლ-ემ და გ. კ-ემ სახეზე აიფარეს წინასწარ მომზადებული ნიღბები, ვ. ტ-ს სახლთან გააჩერეს ავტომანქანა და გადმოვიდნენ ა. გ-ნი, მ. ხ-სი, კ. ლ-ძე და გ. კ-ძე. დაახლოებით 19 საათზე ისინი შევიდნენ ვ. ტ-ს ეზოში, სახლის I სართულის უკანა ოთახის კარის გამოღებით შეიჭრნენ ოთახში, სადაც ამ დროს იმყოფებოდნენ ვ. ტ-ვა, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები _ მეუღლე დ. ჟ-ი, დედა შ. ტ-ვა, მამიდა ნ. ტ-ვა, მეუღლის დისშვილი ზ. ა-ძე და მისი მეუღლე ვ. ჯ-ში. თავდამსხმელებმა იარაღის გამოყენებით გააჩერეს ისინი და მოითხოვეს: “ჩქარა ფული მოგვეცითო". ორმა პირმა ძალადობის გამოყენებით ოთახიდან გაიყვანა ვ. ტ-ვა, აიყვანეს იგი II სართულზე და დაიწყეს მათთვის სასურველი ნივთების ძებნა. ვ. ტ-ას მიმართ განახორციელეს სიცოცხლისათვის სახიფათო ძალადობა, მიაყენეს ფიზიკური დაზიანებები. ძალადობის განხორციელების პროცესში ვ. ტ-ას მეუღლემ _ დ. ჟ-მა შეძლო დამნაშავე მეთვალყურეთაგან გაქცევა და დაიწყო კივილი, ითხოვდა შველას. ა. გ-ნი, მ. ხ-სი, კ. ლ-ძე და გ. კ-ძე ისე, რომ ვ. ტ-ას სახლიდან ქონების გატაცება ვერ შეძლეს, იარაღის გასროლით გავიდნენ ეზოში. იქ მყოფმა ზ. ც-ემ სწრაფად მოიყვანა ავტომანქანა, გააჩერა ჭიშკართან, ამ დროს გზაზე ხალხიც იმყოფებოდა. თავდამსხმელები ჩასხდნენ ავტომანქანაში, იარაღის გასროლით განერიდნენ შემთხვევის ადგილს და მიიმალნენ.
ა. გ-ი 1998 წელს იმყოფებოდა რა ქ. თბილისში, 14 ნოემბერს დანაშაულებრივად დაუკავშირდა ნაცნობებს _ კ. ლ-ეს, თ. გ-რს, მ. თ-ლს, რათა ჩაედინათ ძარცვა, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. მათ წინასწარ შეიტყვეს, რომ ქ. თბილისში, --- მცხოვრებმა ე. კ-ამ ვაგზლის მოედანზე არსებული ვალუტის გადამცვლელ ჯიხურში მიიღო დიდი ოდენობის უცხოური ვალუტა /ამერიკული დოლარი/, რომლის გატაცების მიზნით ფარულად გაჰყვნენ მას. მე-3 მასივის დასახლებაში, მე-2 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მოულოდნელად ზურგის მხრიდან წვდნენ თავის არეში, დარტყმის შედეგად მიაყენეს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, წააქციეს, ტანსაცმლიდან ამოუღეს და გაიტაცეს 10050 ამერიკული დოლარი და 3000 ლარი. მათვე ფულთან ერთად გაიტაცეს მ. კ-ას პირადობის დამადასტურებელი მოწმობა _ პასპორტი, რის შემდეგაც მიატოვეს შემთხვევის ადგილი და მიიმალნენ, გატაცებული ფული კი გაინაწილეს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ზ. ც-ძე ითხოვს მის მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებას და მოითხოვს სამართლიანი განაჩენის დადგენას. იგი მიუთითებს, რომ საქმეში არ მოიპოვება მისი ბრალის დამადასტურებელი ობიექტური დამამტკიცებელი საბუთი, არსებული მასალები არის ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავი; ამასთან, ორი თვის განმავლობაში იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში.
მსჯავრდებული მ. ხ-სი საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას. იგი მიუთითებს, რომ მას ყაჩაღურ თავდასხმაში მონაწილეობა არ მიუღია; ამასთან, საქმეში არ მოიპოვება რაიმე დამადასტურებელი საბუთი, რომ მან ყაჩაღობის დროს ჩაიდინა სისასტიკე ან აწვალა დაზარალებული; ამასთან, აქვს განსაკუთრებით მძიმე ოჯახური მდგომარეობა _ მამა ინვალიდია, დედა _ ბრმა, რომელსაც გადატანილი აქვს ინფარქტი, დას დაეწვა სახლი და ბავშვი, მისი მეუღლე ცხოვრობს ქ. თბილისში, ნაქირავებ ბინაში.
მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატები _ გ. ზ-ლი და მა. ფ-ძე საკასაციო საჩივრით ითხოვენ განაჩენის გაუქმებას და ა. გ-ის მიმართ საქმის შეწყვეტას. ისინი მიუთითებენ, რომ საქმეში არ მოპოვება არავითარი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ა. გ-ის მიერ დანაშაულის ჩადენას.
პალატის სხდომაზე მსჯავრდებულ ზ. ც-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა გ. ხ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვება ობიექტური დამამტკიცებელი საბუთი იმის შესახებ, რომ ზ. ც-ძე მონაწილეობდა ყაჩაღურ თავდასხმაში, მან აღიარებითი ჩვენებები მისცა ფიზიკური და ფსიქიკური ზემოქმედების შედეგად, რაც არ უნდა დასდებოდა საფუძვლად გამამტყუნებელ განაჩენს. ადვოკატმა გ. ხ-მა იშუამდგომლა ზ. ც-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ.
მსჯავრდებულ მ. ხ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ი. ა-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან მხარი დაუჭირა მ. ხ-ის მიერ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ. ადვოკატმა ი. ა-ამ აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვება ობიექტური მასალა იმის დასადასტურებლად, რომ მ. ხ-ი მონაწილეობდა ყაჩაღურ თავდასხმაში. ადვოკატმა ი. ა-ამ ასევე აღნიშნა, რომ, თუკი პალატა დადგენილად ჩათვლის მ. ხ-ის დანაშაულში მონაწილეობას, მაშინ გათვალისწინებულ უნდა იქნეს მისი პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებანი და შეუმცირდეს სასჯელის ზომა. ადვოკატმა გ. ზ-მა აღნიშნა, რომ საქმეში არსებული მასალებით არ არის დადგენილი მისი დაცვის ქვეშ მყოფი ა. გ-ის მონაწილეობა ყაჩაღობის ჩადენაში, ასევე ურთიერთგამომრიცხავი მასალებია მისი ძარცვის ეპიზოდში მონაწილეობის თაობაზე, მით უმეტეს იმ პერიოდში, როდესაც ჩადენილ იქნა ძარცვა, ზ. გ-ნი არ იმყოფებოდა საქართველოში და ყოვლად გამორიცხულია მისი მონაწილეობა ძარცვის ჩადენაში. ადვოკატმა გ. ზ-მა იშუამდგომლა ა. გ-ს მიმართ დადგენილი განაჩენის გაუქმებისა და საქმის შეწყვეტის შესახებ.
დაზარალებულ დ. -ას ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა მ. ჯ-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან კანონიერად მიიჩნია სამივე მსჯავრდებულის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების შესახებ. ადვოკატმა მ. ჯ-ემ აღნიშნა, რომ დაზარალებულთან შეთანხმებით მათ მოხსნეს თავიანთი საკასაციო საჩივარი.
დაზარალებულმა დ. ტ-ამ აღნიშნა, რომ მან სასამართლოს მისცა ჩვენება, სადაც დაფიქსირებულია მისი მოთხოვნა. ამჟამად მან მოხსნა საკასაციო საჩივარი და შუამდგომლობს ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 25 ივნისის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
პროკურორმა მ. ს-ემ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან კანონიერად მიიჩნია ა. გ-ის, ზ. ც-ისა დ მ. ხ-ის მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე დადგენილ განაჩენში უნდა შევიდეს ცვლილება, კერძოდ: მსჯავრდებულებს _ ზ. ც-სა და მ. ხ-სს განაჩენით შეფარდებული სასჯელი უნდა შეუმცირდეთ 2-2 წლით, ხოლო ა. გ-ის მიმართ კი განაჩენი ძარცვისა და პირადობის დამადასტურებელი საბუთის გატაცების ეპიზოდებში უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ეპიზოდებში დაუბრუნდეს დამატებით გამოძიებას, სხვა ნაწილში კი ა. გ-ის მიმართ განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულების _ ზ. ც-სა და მ. ხ-ის საკასაციო საჩივრების მოთხოვნას, რადგან ისინი არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და ეწინააღმდეგება საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს; ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 566-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს, დაადგინოს ახალი ფაქტები ან დადასტურებულად არ ჩათვალოს განაჩენსა თუ გასაჩივრებულ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები. მოცემულ შემთხვევაში როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა დადგენილად მიიჩნიეს ფაქტი იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულები _ ზ. ც-ძე, ა. გ-ი და მ. ხ-სი მონაწილეობდნენ ვ. ტ-ას ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში.
პალატა თვლის, რომ საქმეში არსებული მასალებით მსჯავრდებულების _ ზ. ც-სა და მ. ხ-ის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება; ამასთან, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენიდან გასულია 10 წელზე მეტი დრო, ამ ხნის განმავლობაში ზ. ც-სა და მ. ხ-სს არ ჩაუდენიათ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედება. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ზ. ც-ძე 2003წ. 18 ივლისიდან იმავეწ. 23 აგვისტომდე იმყოფებოდა უკანონო პატიმრობაში (ამ ხნის განმავლობაში საპატიმრო ვადა არ იყო გაგრძელებული). ყველა ამ გარემოებათა და მათი ყაჩაღობის ჩადენაში მონაწილეობის ხარისხისა და ხასიათის გათვალისწინებით, ზ. ც-სა და მ. ხ-სს განაჩენით შეფარდებული სასჯელი უნდა შეუმცირდეთ 2-2 წლით.
პალატა ვერ გაიზიარებს მსჯავრდებულ ა. გ-ის ინტერესების დამცველი ადვოკატების საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს ა. გ-ნი არ მონაწილეობდა ვ. ტ-ას ოჯახზე განხორციელებულ ყაჩაღურ თავდასხმაში და თითქოს ამ ეპიზოდთან დაკავშირებით მტკიცებულებები მოპოვებულია საპროცესო კანონის მოთხოვნათა დარღვევით. პალატა აღნიშნავს, რომ როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა დეტალურად შეამოწმეს საქმეზე წამოჭრილი ყველა ვერსია, ასევე შეამოწმეს მტკიცებულებათა მოპოვების კანონიერება, რომელიც დაცვის მხარემ წამოჭრა საქმის სასამართლო განხილვისას და ყოველივე ზემოაღნიშნული სათანადოდ შეაფასეს. პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მითითებას, რომ ა. გ-ის მიმართ მტკიცებულებათა მოპოვებისა და დამაგრების დროს საპროცესო კანონის მოთხოვნები არ დარღვეულა.
პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლომ ახსნა დაზარალებულის ჩვენებებს შორის არსებული წინააღმდეგობანი და სათანადოდ შეაფასა, ასევე ახსნილ იქნა სხვა წინააღმდეგობებიც და ისინიც სათანადოდ შეფასდა.
პალატა თვლის, რომ საქმის მასალებით დადგენილია მსჯავრდებულ ა. გ-ის მონაწილეობა ვ. ტ-ას ოჯახზე ყაჩაღურ თავდასხმაში, მის ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება, სასჯელიც ჩანადენის სიმძიმისა და მისი პიროვნების მახასიათებელი მონაცემების მიხედვით აქვს განსაზღვრული; ამდენად, ა. გ-ის მიმართ სსკ-ის 152-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი და მეხუთე პუნქტებით შეფარდებული სასჯელი _ 13 წლით თავისუფლების აღკვეთა _ არის კანონიერი და უნდა დარჩეს უცვლელად.
პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ა. გულბიანის მიმართ სსკ-ის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის “ა" და “დ" ქვეპუნქტებით, მესამე ნაწილის “გ" ქვეპუნქტითა და 363-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ბრალდების ეპიზოდში განაჩენი უნდა გაუქმდეს და საქმე ამ ნაწილში დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს პროკურატურას შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა აღნიშნავს, რომ ე. კ-ას გაძარცვის ეპიზოდში ჩატარებული წინასწარი გამოძიება არის ზერელე და არასრულყოფილი, რომლის შევსება სასამართლო გამოძიების დროსაც ვერ მოხერხდა, კერძოდ: წინასწარმა გამოძიებამ სრულყოფილად არ შეამოწმა ა. გ-ის ალიბი იმის შესახებ, რომ დანაშაულის ჩადენის დროს იგი არ იმყოფებოდა საქართველოში. ამ საკითხზე არსებული მტკიცებულებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, განაჩენი კი დამყარებულია მხოლოდ ვარაუდზე, კერძოდ, განაჩენი მიუთითებს, რომ ა. გ-ნს თითქოს შეეძლო საზღვარზე რეგისტრაციის გარეშე საქართველოში შემოსვლა და გასვლა, მაშინ, როდესაც ეს საკითხი სრულყოფილად არ შემოწმებულა, უფრო მეტიც: დანაშაულის სხვა მონაწილე პირების ადგილსამყოფელი დღემდე არ დადგენილა.
პალატას მიაჩნია, რომ ა. გ-ის ალიბის სრულყოფილი შემოწმების გარეშე შეუძლებელია მისი ბრალეულობის საკითხის გადაწყვეტა.
პალატა თვლის, რომ ე. კ-ს ძარცვის ეპიზოდში უნდა ჩატარდეს დამატებითი გამოძიება, სრულყოფილად უნდა შემოწმდეს ა. გ-ის ალიბი, მიღებულ უნდა იქნეს ზომები დანაშაულის ჩადენაში სხვა პირების ადგილსამყოფლის დასადგენად და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდეს ა. გ-სა და სხვა პირთა ბრალეულობის საკითხი.
ამ საკითხების შემოწმება კი სცილდება სასამართლოს შესაძლებლობების ფარგლებს, ამიტომ საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად უნდა დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა" და “დ" ქვეპუნქტებით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 20 სექტემბრის განაჩენში შევიდეს ცვლილება, კერძოდ: ზ. ც-ეს განაჩენით შეფარებული სასჯელი შეუმცირდეს 2 წლით და მოსახდელად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.
ა. გ-ის მიმართ განაჩენი სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მეორე ნაწილის “ა", “დ" ქვეპუნქტებით, ასევე 363-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ბრალდების ეპიზოდში გაუქმდეს და ამ ნაწილში საქმე დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნდეს საქართველოს გენერალურ პროკურატურას. სხვა ნაწილში განაჩენი ა. გ-ის მიმართ დარჩეს უცვლელად.
მ. ხ-ის მიმართ განაჩენით შეფარდებული სასჯელი შემცირდეს 2 წლითYდა საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა.
სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.