განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 2-აპ 9 იანვარი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,მ. გოგელია
განიხილა ქ. თბილისის პროკურორის მოადგილე თ. ო-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 იანვრის განაჩენში გიორგი არაბიძის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 იანვრის განაჩენით გ. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და შეეფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სასჯელის მოხდა დაეწყო 2001წ. 25 აგვისტოდან.
განაჩენით გ. ა-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:
2001წ. 19 აგვისტოს, დაახლოებით 19.30 საათზე, ქ. თბილისში, აბასთუმნის ქუჩაზე, სასტუმრო “კოლხეთის” მიმდებარე ტერიტორიაზე, ნასვამ გ. ა-ს შელაპარაკება მოუვიდა მისთვის უცნობ, ასევე ნასვამ მ. ზ-თან. ისინი კამათით მივიდნენ უნივერმაღ “ბავშვთა სამყაროს” წინ, სადაც მათი კამათი ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის დროს მ. ზ-მა იგი დაჯაბნა, ამით განაწყენებულმა გ. ა-მ მიატოვა მ. ზ., მიირბინა იქვე საზამთროს გამყიდველთან, მოტყუებით, თითქოს პროდუქტების დასაჭრელად გამოართვა დიდი ზომის სამზარეულოს დანა, დაბრუნდა მ. ზ-თან და შურისძიების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით, სიცოცხლისათვის უმნიშვნელოვანეს ორგანოში _ გულმკერდის არეში დანით მიაყენა ჭრილობა, რაც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე კატეგორიას და რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა. მანვე ჩხუბის დროს მ. ზ-ს შუბლის არეში მიაყენა ნაჭდევი, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს.
რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა მსჯავრდებულმა გ. ა-მ. თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ თავისი 2002წ. 8 ოქტომბრის განაჩენით დააკმაყოფილა გ. ა-ს საჩივარი და მას შეფარდებული სასჯელი შეუმცირა 3 წლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით პროკურორი თ. ო. ითხოვს სააპელაციო პალატის განაჩენის გაუქმებას, ხოლო თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 იანვრის განაჩენის ძალაში დატოვებას. მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაუსაბუთებლად შეუმცირა სასჯელის ზომა გ. ა-ს, მაშინ, როდესაც მან განსაკუთრებით მძიმე დანაშაული ჩაიდინა სიმთვრალეში, მის მიერ სააპელაციო საჩივარში გამოთქმულ მოსაზრებაში არ ჩანს დანაშაულის აღიარება, პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა ყველა შემამსუბუქებელი გარემოება და ამიტომ შეუფარდა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, მისი კვლავ შემცირების საფუძველი საქმეში არ არსებობდა.
პალატის სხდომაზე პროკურორმა გ. მ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, მან მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა მისი დაკმაყოფილების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა პროკურორის პოზიცია და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი განაჩენი გ. ა-ს მიმართ უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს პალატის სხვა შემადგენლობას შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსჯავრდებულმა გ. ა-მ შურისძიების მოტივით, დანის განზრახ დარტყმით მოკლა მ. ზ.. დადგენილად იქნა მიჩნეული ის გარემოებაც, რომ გ. ა. დანაშაულის ჩადენის დროს იყო მთვრალი, მკვლელობის შემდეგ მიიმალა და დაკავებულ იქნა საგამოძიებო-ოპერატიულ ღონისძიებათა გატარების შედეგად.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მხედველობაში მიიღო ზემოაღნიშნული გარემოებები, ასევე პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და გ. ა-ს სსკ-ის 108-ე მუხლით შეუფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით. მხოლოდ ის გარემოება, რომ მსჯავრდებული გ. ა. ითვლება “აივ” ინფიცირებულად, არ წარმოადგენდა მის მიმართ განაჩენის შეცვლისა და სასჯელის მინიმუმამდე შემცირების საფუძველს. საკასაციო პალატას, საქმის კონკრეტულ გარემოებათა გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელი (7 წლით თავისუფლების აღკვეთა) მიაჩნია აშკარად მსუბუქად, ჩანადენის სიმძიმისა და პიროვნების მახასიათებელი მონაცემების გათვალისწინებით.
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა იმის შესახებ, რომ ძალაში იქნეს დატოვებული დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 იანვრის განაჩენი _ საკასაციო პალატის მიერ ვერ იქნება დაკმაყოფილებული, რადგან საჩივრის ასეთი მოთხოვნა ეწინააღმდეგება მოქმედ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობას და საკასაციო პალატა არაა უფლებამოსილი, მხარეს მოუსპოს განაჩენის შემდგომი გასაჩივრების უფლება.
პალატა თვლის, რომ საქმის ხელახალი განხილვისას გამოკვლეულ უნდა იქნეს ყველა გარემოება და მიღებულ იქნეს კანონიერი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტით, 562-ე მუხლის “გ” პუნქტით, 568-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
პროკურორის საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს ცვლილებით.
გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 8 ოქტომბრის განაჩენი გ. ა-ს მიმართ და საქმე ხელახალი განხილვისათვის გადაეცეს იმავე სასამართლოს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას.
აღკვეთის ღონისძიება _ პატიმრობა _ გ. ა-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.