საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 20.02.2003
საქმის ნომერი
2კ-15კოლ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
20.02.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 15-კოლ 20 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია

განიხილა ქ.თბილისის პროკურორის უფროსი თანაშემწის _ თ.-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 10 დეკემბრის განაჩენზე ლ. ყ-ს მიმართ.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 10 დეკემბრის განაჩენით ლ. ყ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და მიესაჯა ჯარიმა 150 დღიური ანაზღაურება 300 ლარის ოდენობით; ასევე ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება 1 წლის ვადით.

ამავე სასამართლო კოლეგიამ 2002წ. 10 დეკემბერს გამოიტანა კერძო განჩინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის დარღვევის ფაქტზე და იგი რეაგირებისათვის გადაეგზავნა გენერალური ინსპექციის ხელმძღვანელობას.

განაჩენით ლ.ყ-ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია. კერძოდ, 2001წ. 16 თებერვალს, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, ქ.თბილისში, თავის საცხოვრებელ ბინაში ჟ. ღ-სა და ე. კ-ს თავს დაესხნენ ბოროტმოქმედები, რომლებმაც მათგან გაიტაცეს 250 აშშ დოლარი და სხვადასხვა ნივთი. აღნიშნულზე შეტყობინება დაეწერა ქ.თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ შს სამმართველოს სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების უფროს ინსპექტორ ლ. ყ-ს, რომელმაც ბოროტად გამოიყენა თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილება, დამალა ზემოაღნიშნული დანაშაული და არ დააყენა სახელმწიფო აღრიცხვაზე.

ქ.თბილისის პროკურორის უფროსი თანაშემწე თ.ა. საკასაციო საჩივრით ითხოვს ლ.ყიფიანის მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოში ხელახალი განხილვისათვის იმ მოტივით, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი არ შეესაბამება მის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმეს.

პროკურორი ა.ს. მხარს უჭერს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

მსჯავრდებული ლ.ყ. არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით დადასტურებულია, რომ ლ.ყ-მა ჩაიდინა მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო სამსახურის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული დანაშაული მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და ითვალისწინებს ალტერნატიულ სასჯელს _ ჯარიმას ან ტუსაღობას ვადით 4 თვემდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით 3 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს, რომ მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელი არის აშკარად ლმობიერი და არ შეესაბამება ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და მის პიროვნებას.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ლ.ყ-მა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული, იგი ადრე ნასამართლევი არ არის, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, სამსახურიდან ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს სამი მცირეწლოვანი შვილი.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა თვლის, რომ ლ.ყიფიანისთვის დანიშნული სასჯელი შეესაბამება როგორც მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ქმედების სიმძიმეს, ასევე _ მსჯავრდებულის პიროვნებას და, ამდენად, არ არსებობს საფუძველი სასამართლო განაჩენის გასაუქმებლად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 10 დეკემბრის განაჩენი ლ. ყ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.