განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 13.02.2003
საქმის ნომერი
2კ-24აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.02.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 24-აპ 13 თებერვალი, 2003 წ., ქ.თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ კ. თ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაAსააპელაციო პალატის 2002წ. 28 ნოემბრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 22 ოქტომბრის განაჩენით კ. თ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 273-ე მუხლით და მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით. სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 61-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, გაუქმდა წინა განაჩენით მოუხდელი პირობითი სასჯელი, 1 წელი, 5 თვე და 6 დღე, და ნაწილობრივ დაემატა დანიშნულ სასჯელს. კ. თ-ს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთაAსააპელაციო პალატის 2002წ. 28 ნოემბრის განაჩენით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განაჩენში კ. თ-ს მიმართ შეტანილ იქნა ცვლილება: განაჩენიდან ამოირიცხა მითითება ამ განაჩენით განსაზღვრულ სასჯელზე წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის ნაწილის მიმატების შესახებ და მსჯავრდებულ კ. თ-ს საბოლოოდ მოსახდელად დარჩა სსკ-ის 273-ე მუხლით შეფარდებული სასჯელი _ 6 თვით თავისუფელბის აღკვეთა.

განაჩენით კ.თ-ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარება, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ, რაც გამოიხატა შემდეგში: 2002წ. 26 ივლისს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარებისათვის კ. თ-ს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 45-ე მუხლის საფუძველზე შეუფარდა ადმინისტრაციული სახდელი 100 ლარის ოდენობით. მიუხედავად ამისა, მან არ გააკეთა სათანადო დასკვნა და განაგრძო ექიმის დანიშნულების გარეშე ნარკოტიკული საშუალების უკანონო მოხმარება. 2002წ. 9 აგვისტოს კ.თ. დააკავეს ქ.ქუთაისის შს სამმართველოს პოლიციის მეორე განყოფილების მუშაკებმა, რის შემდეგაც ქ.ქუთაისის სამხარეო ნარკოლოგიურ ცენტრში ნარკოტიკულ თაობაზე შემოწმებისას კვლავ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდა.

მსჯავრდებული კ.თ. საკასაციო საჩივრით ითხოვს სასჯელის შემსუბუქებას და მის მიმართ ისეთი სახის აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, რომელიც არ იქნება დაკავშირებული თავისუფლების აღკვეთასთან იმ მოტივით, რომ მისი მეუღლე საქართველოში არ იმყოფება და კმაყოფაზე ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და ინვალიდი დედა.

პროკურორი ა.ს. არ დაეთანხმა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა კ.თ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა რა საქმის მასალები, საკასაციო საჩივრის მოტივები, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, თავად მსჯავრდებულის აღიარებითი ჩვენებებით, ასევე, საქმეში არსებული ქუთაისის სამხარეო ნარკოლოგიური ცენტრის მიერ გაცემული აქტითა და მოწმეთა ჩვენებებით უდავოდაა დადგენილი კ.თოდაძის მიერ მისთვის შერაცხული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტი და აღნიშნულს მსჯავრდებული არც საკასაციო საჩივრით ხდის სადავოს.

ამასთან, საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს კ.თ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს, კერძოდ, იმას, რომ მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ადრე ნასამართლევი არ არის, კმაყოფაზე ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი და ინვალიდი დედა, და მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ კ.თ-ს გამოსწორება შეიძლება სასჯელად დანიშნული თავისუფლების აღკვეთის მოხდის გარეშე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ კ.თ-ს მიმართ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება, კ.თოდაძეს დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესი კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 562-ე, 565-ე და 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002წ. 28 ნოემბრის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ კ. თ. დანიშნული სასჯელი, 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვროს 2 წელი.

მსჯავრდებულ კ.თ-ს დაევალოს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში სააღსრულებო ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.

პირობით მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლის განხორციელება დაევალოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო ბიუროს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად.