განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 11.02.2003
საქმის ნომერი
2კ-24დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
11.02.2003

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 24-დად 11 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა ნ.მ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 სექტემბრის დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ნ. მენთეშაშვილმა 1999წ. 10 სექტემბერს განცხადებით მიმართა ქ.თბილისის ვაკის რაიონის პოლიციის უფროსს იმის თაობაზე, რომ მას დამ მ. მ-მა მიაყენა სხეულის დაზიანება სახისა და თვალის არეში. ამის საფუძველზე მოითხოვა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზაზე გაგზავნა. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დაზიანება აღმოჩნდა მსუბუქი ხარისხის, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია.

1999წ. 22 სექტემბერს ქ.თბილისის ვაკის რაიონის შს სამმართველოს ადმინისტრაციული პოლიციის საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის განყოფილების უფროსმა მ. მ-ს მიმართ გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის არ აღძვრის შესახებ.

1999წ. 4 ოქტომბერს ნ.მ-მა განცხადებით მიმართა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს დის – მ.მ-ს მიმართ ზომების მიღების შესახებ, ხოლო 1 დეკემბერს საქმის განმხილველ მოსამართლე მ. წ-ს წარუდგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა მოკვლევის ორგანოს 1999წ. 22 სექტემბრის დადგენილების გაუქმება სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ და მასალების პროკურატურისათვის გადაცემა. 1999წ. 17 დეკემბერს მოსამართლემ გამოიტანა დადგენილება, რომლითაც უსაფუძვლობის გამო არ აღიძრა საქმე მ. მენთეშაშვილის მიმართ.

ნ. მ-ს კერძო სააპელაციო საჩივრის საფუძველზე თბილისის საოლქო სასამართლოს სააპელაციო პალატამ 2000წ. 24 ივლისის განჩინებით ნაწილობრივ შეცვალა რაიონული სასამართლოს დადგენილება, სახელდობრ, მ.მენთეშაშვილის მიმართ საქმის არაღძვრის მოტივად ჩათვალა არა უსაფუძვლობა, არამედ ის, რომ კანონიერ ძალაშია მოკვლევის ორგანოს 1999წ. 22 სექტემბრის დადგენილება და განმცხადებელს უფლება დაუტოვა, იდავოს ამ დადგენილების კანონიერებაზე.

2000წ. 4 ოქტომბერს ნ. მ-მა განცხადებით მიმართა ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს და მოითხოვა მოკვლევის ორგანოს 1999წ. 22 სექტემბრის დადგენილების გაუქმება და საქმის წარმოებით განახლება.

ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ა.კახნიაურმა ერთპიროვნულად განიხილა განცხადება და 2000წ. 9 ოქტომბრის დადგენილებით უარი უთხრა ნ.მ-ს საქმის წარმოების განახლებაზე.

სააპელაციო ინსტანციის სასამართლომ განიხილა ნ.მ-ს კერძო სააპელაციო საჩივარი, რომლითაც იგი მოითხოვდა მოსამართლის დადგენილების გაუქმებას და საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. რაიონული სასამართლოს 2000წ. 9 ოქტომბრის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის წარმოებით განახლებაზე უარის თქმის შესახებ გააუქმა და საქმე ახალი განხილვისათვის გადაუგზავნა იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. ნ. მ-ს მოკვლევის ორგანოში არ მოუთხოვია სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მიუხედავად ამისა, მოკვლევის ორგანომ 1999წ. 22 სექტემბერს მაინც გამოიტანა დადგენილება მ.მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ;

2. რაიონული სასამართლოს მოსამართლის 1999წ. 17 დეკემბრის დადგენილებით უარი ეთქვა ნ. მ-ს დის – მ. მ-ს მიმართ საქმის აღძვრაზე და საერთოდ არაფერი ითქვა მოკლვევის ორგანოს დადგენილების გაუქმების შესახებ;

3. რაიონული სასამართლოს მოსამართლის დადგენილებას, რომლითაც ნ. მ-ს უარი ეთქვა საქმის წარმოების განახლებაზე, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.

4. მოკვლევის ორგანოს დადგენილება, რომლის გაუქმებაც ნ.მ-მა მოითხოვა, მიღებულია ისე, რომ ამის შესახებ მას განცხადება არ ჰქონია შეტანილი. 1999წ. 1 დეკემბერს შეტანილი განცხადებით მან მოითხოვა სასამართლოს მიერ ამ დადგენილების გაუქმება და მასალების პროკურატურისათვის გადაცემა. ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ისე გამოიტანა დადგენილება, რომლითაც უარი უთხრა ნ. მ-ს საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომ საერთოდ არ დაუკითხავს ნ.მ..

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ 2001წ. 6 თებერვალს თბილისის საოლქო სასამართლოს 2000წ. 13 დეკემბრის განჩინება უცვლელად დატოვა.

ნ. მ-ს საჩივარი და მასალები განსახილველად მიიღო ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მოსამართლე ი.ხურციძემ, რომელმაც 2001წ. 10 სექტემბრის დადგენილებით არ დააკმაყოფილა ნ.მ-ს საჩივარი ვაკის რაიონის შს სამმართველოს 1999წ. 22 სექტემბრის დადგენილების გაუქმებაზე იმ მოტივით, რომ: “მ. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ და ამდენად საოლქო სასამართლოს განჩინების გაუქმება არ შედის მის კომპეტენციაში.” მოსამართლე ი.ხურციძის 2001წ. 10 სექტემბრის დადგენილება ნ.მ-მა 2001წ. 21 სექტემბერს საკასაციო წესით გაასაჩივრა. საჩივრით იგი ითხოვს მოსამართლე ი.ხურციძის ხსენებული დადგენილების გაუქმებას და მოკვლევის ორგანოს 1999წ. 22 სექტემრის დადგენილების კანონიერების შემოწმებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე ნ.მ-მა მოითხოვა მისი საჩივრის დაკმაყოფილება.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა ნ.მ-ს პოზიცია, თვლის, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 სექტემბრის დადგენილება უნდა გაუქმდეს შემდეგი გარემოებების გამო:

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, თბილისის საოლქო სასამართლო სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატამ 2000წ. 13 დეკემბერს გააუქმა რა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 9 ოქტომბრის დადგენილება, რომლითაც ნ.მ-ს განცხადებას სისხლის სამართლის საქმის წარმოების განახლებაზე უარი ეთქვა, მისი განცხადება საქმის მასალებთან ერთად ახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე რაიონულ სასამართლოს. სააპელაციო პალატის განჩინებაში, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატამ 2001წ. 6 თებერვალს უცვლელად დატოვა, არსად მითითებული არ არის მ. მ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილების უცვლელად დატოვების შესახებ. პირიქით – სააპელაციო პალატამ გააუქმა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2000წ. 9 ოქტომბრის დადგენილება და ნ.მ-ს განცხადება საქმის მასალებთან ერთად განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს შესაბამისი მითითებებით, რაც ფაქტობრივად არ იქნა განხილული.

საკასაციო პალატა თვლის, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონულმა სასამართლომ უნდა შეასრულოს თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2000წ. 13 დეკემბრისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2001წ. 6 თებერვლის განჩინებების მითითებები ნ. მ-ს საჩივრის განხილვისა და მოკვლევის ორგანოს 1999წ. 22 სექტემბრის დადგენილების კანონიერების შემოწმების შესახებ და საქმეზე უნდა მიიღოს ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილება.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2001წ. 10 სექტემბრის დადგენილება გაუქმდეს და ნ. მ-ს საჩივარი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.