საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 25-დად 18 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მ. ტ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 ოქტომბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი და უცვლელად დარჩა ქუთაისის რეგიონული სამხედრო პროკურატურის 2002წ. 5 აგვისტოს დადგენილება ა. ლ-ს, დ. ჩ-სა და მ. ფ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 24 ივნისს მ. ტ-მ ქუთაისის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსს მიმართა განცხადებით, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ იმავეწ. 14 ივნისს მის საცხოვრებელ ბინაზე მივიდა მისთვის უცნობი ორი პიროვნება, რომელთა თხოვნითაც იგი წაჰყვა საცხოვრებელი ბინის ეზოში და ჩაუჯდა ავტომანქანაში, სადაც ასევე იჯდა მ. ფ.. მათ მუქარის ქვეშ დააწერინეს ხელწერილი და წაართვეს მისი და ნ. დ-ს კუთვნილი პასპორტები.
ვინაიდან მ. ტ-ს საჩივარში მითითებულ პირთაგან ერთ-ერთი, ა. ლ., იყო სამხედრო პირი, მასალები მოსაკვლევად გადაეცა ქუთაისის რეგიონულ სამხედრო პროკურატურას.
ჩატარებული მოკვლევით დადგენილად იქნა მიჩნეული შემდეგი:
1999წ. აპრილის თვეში მ. ტ. და მისი არარეგისტრირებული ცოლი ნ. დ. ჩავიდნენ თურქეთის რესპუბლიკის ქ. სტამბულში, სადაც გაიცნეს მ. ფ.. ისინი ერთად ეწეოდნენ კომერციულ საქმიანობას. 2001 წელს ნ. დ-მ წამოიწყო ე.წ. ლატარიის თამაში, რაშიც მონაწილეობა მიიღო მ. ფ-მაც, რომლისთვისაც ნ. დ-ს უნდა გადაეცა 850 აშშ დოლარი. ოქტომბრის ბოლოს ნ. დ. დაბრუნდა საქართველოში. მან ავადმყოფობის გამო თანხის დაბრუნება ვერ შეძლო, თუმცა მ. ფ-მა არაერთხელ მიმართა ასეთი თხოვნით. 2002წ. 14 ივნისს, დილის 9-10 საათზე, მ. ტ-ს ბინაში მივიდნენ ა. ლ., დ. ჩ. და მ. ფ.. მათ მ. ტ-ს უთხრეს, რომ არსებული ვალი გადაეხადა მ. ფ-სათვის. მათი მხრიდან შეურაცხყოფას ან სხვაგვარი ქმედების ჩადენას ადგილი არ ჰქონია. ხოლო პასპორტები თავად მ. ტ-მ ნებაყოფლობით გადასცა მათ იმის გარანტად, რომ ვალს აუცილებლად გადაიხდიდა.
მოკველული მასალების მიხედვით ქუთაისის რეგიონულმა სამხედრო პროკურატურამ 2002წ. 5 აგვისტოს მიიღო დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნულ დადგენილებას არ დაეთანხმა მ. ტ. და მან საჩივრით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, რომელმაც საჩივარი განიხილა 2002წ. 25 ოქტომბერს და თავისი დადგენილებით უარი უთხრა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით მ. ტ. ითხოვს სასამართლო დადგენილების გაუქმებას და მასალების პროკურატურისათვის გადაცემას სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად. მიუთითებს, რომ მოკვლევა ჩატარდა ცალმხრივად, არ იქნა გაზიარებული, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა იძულებას, რომ მას შიშის ქვეშ დააწერინეს ხელწერილი.
პალატის სხდომაზე მ. ფ-მა აღნიშნა, რომ მ. ტ-ს მიმართ უკანონო არ ჩაუდენიათ პირიქით, თვით მ. ტ. და მისი მეუღლე არიან თაღლითები და ცდილობენ, თავიდან აიცილონ ვალის დაბრუნება. მან კანონიერად მიიჩნია სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
პროკურორმა ჯ. კ-მა ვრცლად მიმოიხილა არსებული მასალები, მან კანონიერად მიიჩნია სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება და იშუადმგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატა გაეცნო წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებული დადგენილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო:
მ. ტ-ს განცხადებასთან დაკავშირებით ქუთაისის რეგიონულმა სამხედრო პროკურატურამ ჩაატარა მოკვლევა, ყოველმხრივ და სრულად შეამოწმა განცხადებაში მითითებული გარემოებები და სავსებით კანონიერად მიიღო დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
პროკურატურის მიერ მიღებული დადგენილების კანონიერება და დასაბუთებულება ასევე შეამოწმა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ და მიღებული გადაწყვეტილებას მიიჩნია კანონიერად, რის გამოც მ. ტ-ს უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
პალატა აღნიშნავს, რომ მ. ტ-ს მიერ წარმოდგენილი საჩივარი არის ზოგადი, იგი ვერ უთითებს, თუ რატომაა მოკვლევის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონო და მხოლოდ ზოგადად აღნიშნავს, რომ მისი საჩივარი არ იქნა გაზიარებული.
პალატა თვლის, რომ მ. ტ-ს განცხადებაში მითითებული გარემოებები სრულყოფილადაა შემოწმებული და მიღებულია კანონიერი გადაწყვეტილება. ამდენად, არ არსებობს სასამართლოს დადგენილების გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 242-ე, 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით და,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მ. ტუკვაძის კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 25 ოქტომბრის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. ტ-ს საჩივარი ქუთაისის რეგიონული სამხედრო პროკურატურის 2002წ. 5 აგვისტოს სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილების გაუქმების შესახებ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.