განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 36-დად 27 თებერვალი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი
განიხილა ადვოკატ ქ. ნ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 23 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა მძიმე ავადმყოფობის მოტივით მსჯავრდებულ გ. ჭ-ს მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების შესახებ.
ადვოკატი საჩივრით ითხოვს სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და შუამდგომლობის გადაცემას ხელახალი სასამართლო განხილვისათვის.
აღწერილობითი ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1994წ. 20 დეკემბრის განაჩენით გ. ჭ-ს დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახი მკვლელობისა და სხვა დანაშაულისათვის მისჯილი აქვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელს იხდის 1993წ. 13 დეკემბრიდან.
2002წ. ივლისში ადვოკატმა ქ. ნ-მა შუამდგომლობით მიმართა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა მსჯავრდებულ გ. ჭ-ს მძიმე ავადმყოფობის გამო, მის მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადება საქართველოს სსსკ-ის 607-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე.
სასამართლომ შუამდგომლობა მიიღო წარმოებაში და 2002წ. 24 ივლისის დადგენილებით გ. ჭ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსაკვლევად დანიშნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაავალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრს. სასამართლოს ამ დადგენილების საფუძველზე, ძირითადად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არსებულ სამედიცინო ჩანაწერებზე დაყრდნობით, ექსპერტიზა ჩაატარა ზემოაღნიშნული ცენტრის დირექტორმა მ. ნ-მა და გასცა შემდეგი შინაარსის დასკვნა: “დადგენილი მდგომარეობა არ წარმოადგენს მძიმე დაავადებას და არ არის სიცოცხლისათვის სახიფათო, თუ, რა თქმა უნდა, არ მოხდება დიაგნოზის დაზუსტება ან შეცვლა სხვა დიაგნოზით, რის შემდეგაც შესაძლო იქნება დაავადების პროგნოზზე მსჯელობა. შესაძლო სიმულაციის დასადგენად აუცილებელია მისი ძირითადი დაავადების დადგენა.”
ექსპერტის ამ დასკვნაზე დაყრდნობით სასამართლომ არ დააკმაყოფილა ადვოკატ ქ. ნ-ს შუამდგომლობა მსჯავრდებულ გ. ჭ-ს მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადების შესახებ.
კერძო საკასაციო საჩივარი სასამართლოს დადგენილების გაუქმების საფუძვლად მიიჩნევს ექსპერტიზის არასრულყოფილად ჩატარებას და საექსპერტო დასკვნის ბუნდოვანებას.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ქ. ნ-მა დააზუსტა საკასაციო მოთხოვნა და იშუამდგომლა სასამართლოს დადგენილების გაუქმება და მასალების გადაცემა ხელახალი სასამართლო განხილვისათვის სსსკ-ს 608-ე მუხლის შესაბამისად მსჯავრდებულ გ. ჭ-ს სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად.
პროკურორმა ო. რ-მ მხარი დაუჭირა ადვოკატის შუამდგომლობას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა რა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადვოკატ ქ. ნ-ს საკასაციო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სსსკ-ს 607-ე მუხლის მიხედვით მსჯავრდებულის მძიმე ავადმყოფობის მოტივით განაჩენის აღსრულების გადავადება დაიშვება განაჩენის აღსასრულებლად მიქცევამდე. იმ შემთხვევაში კი, როცა განაჩენი შესულია ძალაში და მსჯავრდებული უკვე იხდის სასჯელს, მსჯავრდებულის მძიმედ დაავადების შემთხვევაში, მისი სასჯელის მოხდისაგან შესაძლო განთავისუფლების საკითხი წყდება საპროცესო კოდექსის 608-ე მუხლით დადგენილი პრინციპის მიხედვით. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში მსჯავრდებულ გ. ჭ-ს მიმართ განაჩენი აღსასრულებლად მიქცეულ იქნა 8 წლის წინათ. ამ პერიოდში მსჯავრდებული თუ დაავადდა ისეთი ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის მოხდას, სათანადო შუამდგმოლობის არსებობის შემთხვევაში სასამართლომ სასჯელის მოხდისაგან მისი განთავისუფლების საკითხი უნდა განიხილოს საქართველოს სსსკ-ს 608-ე მუხლით დადგენილი წესით. გ. ჭითანავას ადვოკატის შუამდგმოლობა კი სასამართლომ განიხილა საპროცესო კოდექსის 607-ე მუხლით დადგენილი წესით, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.
გარდა ამისა, საყურადღებოა ის გარემოება, რომ სასამართლოს სრულყოფილად არ გამოუკვლევია მსჯავრდებულ გ. ჭ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობა და გადაწყვეტილება მიიღო არასრულყოფილად ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით.
შუამდგომლობის ხელახალი განხილვის დროს სასამართლომ კანონით დადგენილი წესით სრულყოფილად უნდა გამოიკვლიოს უშლის თუ არა ხელს მსჯავრდებულ გ. ჭ-ას ჯანმრთელობის მდგომარეობა სასჯელის შემდგომ მოხდას და ამის შესაბამისად მიიღოს დასაბუთებული და კანონიერი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ს 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
გაუქმდეს ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 2002წ. 23 დეკემბრის დადგენილება მსჯავრდებულ გ. ჭ-ს მიმართ განაჩენის აღსრულების გადავადებაზე უარის თქმის შესახებ და მასალები ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე რაიონულ სასამართლოს.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.