საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 52-დად 25 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა ლ. და გ. ა-ს კერძო საკასაციო საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 5 თებერვლის დადგენილებაზე, რომელიც არ დაკმაყოფილდა მათი საჩივარი კრწანისი-მთაწმინდის რაიონული პროკურატურის გამომძიებელ ი. ბ-ს 2002 წლის 23 დეკემბრის დადგენილების გაუქმების შესახებ.
აღწერილობითი ნაწილი:
2002 წლის 9 აგვისტოს ძმებმა ლ. და გ. ა-ებმა საჩივრით მიმართეს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს იმის შესახებ, რომ 2002 წლის 1 მარტს ნ. შ-მ განცხადება შეიტანა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ შს სამმართველოში, რომლითაც მან ცილი დასწამა ძმებს, რომ ისინი იპარავდნენ ნ. შ-ს ბინიდან ნივთებს. მოითხოვდნენ ნ. შ-ს მიმართ ცილისწამებისათვის სსკ-ის 148-ე მუხლით სისხლის სამართლის საქმის აღძვრას.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2002 წლის 23 სექტემბერს აღძრა სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 148-ე მუხლით და იგი გამოძიების ჩასატარებლად გაეგზავნა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ პროკურატურას.
2002 წლის 23 დეკემბერს ხსენებული პროკურატურის გამომძიებელმა ი. ბ-მა გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტის შესახებ ქმედების არარსებობის მოტივით.
აღნიშნული დადგენილება ლ. და გ. ა-ებმა გაასაჩივრეს კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში, რომელმაც 2003 წლის 5 თებერვლის დადგენილებით არ დააკმაყოფილა მათი საჩივარი გამომძიებელ ი. ბ-ს 2002 წლის 23 დეკემბრის დადგენილების გაუქმების შესახებ. წარმოდგენილი კერძო საკასაციო საჩივრით ლ. და გ. ა-ები ითხოვენ სასამართლო და პროკურატურის დადგენილებების გაუქმებას ნ. შუკაკიძის მიმართ. საჩივარში მითითებულია, რომ ნ. შ-მ ცილი დასწამა მათ და დააბრალა ქურდობის ჩადენა.
საკასაციო პალატის სხდომაზე ნ. შ-მ განაცხადა, რომ მას ძმები ა-ებისათვის ქურდობა არ დაუბრალებია, განცხადებაში გამოთქვა მხოლოდ ვარაუდი, რომ ისინი შესული იყვნენ მათ მიტოვებულ სახლში და შეიძლება რამე მოპარეს. კრწანისი-მთაწმინდის სასამართლოს 2003 წლის 5 თებერვლის დადგენილება მას მიაჩნია კანონიერად და მიოთხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ე. ქ-მ გამომძიებელ ი. ბ-ს და სასამართლოს დადგენილებები მიიჩნია დასაბუთებულად, კანონიერად და მოითხოვა მათი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატაამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 5 თებერვლის დადგენილება უნდა დარჩეს უცვლელად.
როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ... მცხოვრებ ლ. და გ. ა-ებს და მათ მეზობლად მცხოვრებ ნ. შ-ს შორის არსებობს საყოფაცხოვრებო ნიადაგზე წარმოშობილი დავა, რის გამოც ნ. შ-ს მიერ მთაწმინდის შს სამმართველოში შეტანილ იქნა განცხადება, რომელშიც ის აღნიშნავდა: “ძმები ა-ები შედიან მის მიტოვებულ სახლში და რას იპარავენ, ღმერთმა იცის.”
საკასაციო პალატა თვლის, რომ როგორც წინასწარმა გამოძიებამ, ისე სასამართლომ სწორად მიიჩნიეს, რომ ნ. შ-ს მიერ განცხადებაში მოყვანილი ზემოთ აღნიშნული ფრაზები არ შეიძლება შეფასდეს, როგორც ცილისწამება დანაშაულის დაბრალებით, ვინაიდან იგი მხოლოდ ვარაუდის ხასიათს ატარებდა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 6 თებერვლის დადგენილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 5 თებერვლის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ლ. და გ. ა-ების საჩივარი გამომძიებელ ი. ბალაურის 2002 წლის 23 დეკემბრის დადგენილების გაუქმებაზე, დარჩეს უცვლელად.