საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 25.03.2003
საქმის ნომერი
2კ-67აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
25.03.2003

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 67-აპ 25 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ გ. ბ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 იანვრის განაჩენზე.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 14 თებერვლის განაჩენით გ. ბ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 119-ე მუხლით და მიესაჯა 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 იანვრის განაჩენით ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განაჩენი გ. ბ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

განაჩენით გ.ბაჯაძეს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის: 2000წ. 26 დეკემბერს გ. ბ. თბილისში, მარშალ გელოვანის ქუჩაზე მდებარე ინდუსტრიული ინსტიტუტის პირველ სართულზე განთავსებულ ქაღალდის საამქროში ქეიფობდა მეგობრებთან: ზ. ხ-სთან, მ. ო-თან, მ. კ-თან, ბ. მ-სა და მ. ბ-სთან ერთად. ქეიფის დამთავრების შემდეგ, 24 საათზე, მთვრალი გ.ბ. დარჩა ზ.ხ-სთან. დანარჩენები გავიდნენ გარეთ, გარდა გ.ბ-ს ძმის _ მ.ბ-სა, რომელმაც საამქროში დაიძინა. გ.ბ-სა და ზ.ხ-ს შორის მოხდა ჩხუბი. ჩხუბის პერიოდში გ.ბ-მ წააქცია ზ.ხ. და ურტყამდა ხელ-ფეხს, რა დროსაც ამ უკანასკნელმა დაკარგა გონება და ცემის შედეგად მიიღო ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა. გ.ბ-მ ისარგებლა რა ზ.ხ-ს წაქცევით, კვლავ რამდენჯერმე მიაყენა ფეხით დარტყმა. გ.ბ-მ შეამჩნია, რომ ზ.ხ. გონს ვერ მოდიოდა და მეგობრების დახმარებით იგი დააწვინა საწოლზე. დილით ნახა, რომ ზ.ხ. კვლავ უგონო მდგომარეობაში იყო, გამოუძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას და გადაიყვანეს რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც იგი გარდაიცვალა.

მსჯავრდებული გ. ბ. საკასაციო საჩივრით ითხოვს მისი ქმედების კვალიფიკაციის შეცვლასა და სასჯელის შემსუბუქებას იმ მოტივით, რომ მან დანაშაული ჩაიდინა აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების პირობებში, მის მიერ მიყენებული დაზიანებები არ იყო სასიკვდილო და ზ.ხ. გარდაიცვალა საავადმყოფოში დროული სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობის გამო.

ადვოკატი ნ.დ. ეთანხმება მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვს მის დაკმაყოფილებას.

პროკურორი ბ.გ. ითხოვს გ.ბ-ს მიმართ განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა რა პროცესის მონაწილეებს, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით, კერძოდ, მოწმეების: მ.კ-ს, მ.ო-სა და ბ.მ-ს ჩვენებებით დადასტურებულია, რომ 2000წ. 26 დეკემბერს ისინი ზ. ხ-სთან და ძმებ ბ-ებთან ერთად ქეიფობდნენ ვაშლიჯვარში არსებულ ქაღალდის საამქროში, სადაც დალიეს არაყი. დაახლოებით 23-24 საათზე მ.კ., მ.ო. და ბ.მ. წავიდნენ საამქროდან და გაჩერდნენ იქვე ახლოს მდებარე ჯიხურთან, სადაც გააგრძელეს სმა. გარკვეული პერიოდის შემდეგ გ.ბ. მივიდა მათთან და მ.კ-ს უთხრა, რომ ენახა, რა დღეში ჩააგდო მისი ძმაკაცი. აღნიშნულზე მ.კ. და გ.ბ. შეკამათდნენ, რა დროსაც ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ მას უარესად გალახავდა. საამქროში შესვლისას დაინახეს, რომ ზ.ხ. იატაკზე გულაღმა ეგდო და ცხვირთან სისხლი ჰქონდა. მ.კ-მა მას წყალი მოუსვა, რა დროსაც ზ.ხ-მ ხელი აიქნია. გ.ბ-მ კი თქვა, რომ მას ასეთი სიმთვრალე ჰქონდა. ამის შემდეგ ზ.ხ. დააწვინეს საწოლზე და წავიდნენ. მეორე დღეს გაიგეს, რომ ზ.ხ. ვეღარ ადგა და გ.ბ-მ იგი საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. მათი აზრით, გ.ბ. მხოლოდ ხელით ცემით ისეთ ძლიერ პიროვნებას, როგორიც ზ.ხ. იყო, მის სხეულზე აღმოჩენილ დაზიანებებს ვერ მიაყენებდა.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ მსჯავრდებულმა გ.ბ-მ ზ.ხ-ს დაზიანებები მიაყენა აუცილებელი მოგერიების მართლზომიერების პირობებში. თავად მსჯავრდებულმა გ.ბ-მ რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში განმარტა, რომ 2000წ. 26 დეკემბერს მას და ზ.ხ-ს მოუხდათ შელაპარაკება, რაც გადაიზარდა ჩხუბში. გ.ბ-მ დაარტყა ზ.ხ-ს, რომელიც წაიქცა და თავი ბეტონის იატაკს დაარტყა. ამის შემდეგ გ.ბ-მ დაუძახა მეგობრებს და ზ.ხ. დააწვინეს საწოლზე. მეორე დღეს, როდესაც ისევ უგრძნობ მდგომარეობაში ნახა, დარეკა სასწრაფო დახმარებაში და ზ.ხ. გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც იგი გარდაიცვალა.

პალატას მიაჩნია, რომ რაიონულმა და სააპელაციო სასამართლოებმა სამართლიანად არ გაიზიარეს ზ.ხ-ს ჩვენება იმ ნაწილში, რომ თითქოს მან მხოლოდ ერთხელ დაარტყა ხელი ზ.ხ-ს, რადგანაც საქმეზე ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო დასკვნის მიხედვით, ზ.ხ-ს გვამს გარეგნულად აღენიშნებოდა მრავლობითი ნაჭდევები შუბლის, სახის, კისრისა და კიდურების არეში; სისხლნაჟღენთები ცხვირის, მარცხენა ბარძაყისა და მარჯვენა წვივის არეში. ხელის შეხებით ნანახი იქნა ცხვირის ძვლის მოტეხილობა. შინაგანი გამოკვლევით აღმოჩნდა სისხლჩაქცევები თავის ტვინის მაგარი და რბილი გარსების ქვეშ, ტვინის ნივთიერებაში და მარცხნივ _ VIII-IX ნეკნების მოტეხილობა. გვამზე არსებული ყველა დაზიანება განვითარებული იყო რაიმე მკვრივი და ბლაგვი საგნის (საგნების) მოქმედების შედეგად.

ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ზ.ხ-ს გვამზე არსებულ დაზინებათა ლოკალიზაციის გათვალისწინებით, მათი განვითარება ბეტონისსაფარიან იატაკზე ერთჯერადი დაცემის შედეგად შეუძლებელი იყო. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ ქალა-ტვინის ტრავმა მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისთვის სახიფათოს, რასაც მოჰყვა კიდეც ზ.ხ-ს სიკვდილი.

ამასთან, რაიონულ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექიმმა თ.კ-მ აღნიშნა, რომ საავადმყოფოში მიყვანისას ზ.ხ-ს სიცოცხლის გადარჩენის შანსი ძალიან მცირე იყო, ვინაიდან მას მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიყენებული, რაც სრულიად საკმარისი იყო, რომ სიკვდილი გამოეწვია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ გ.ბ-ს მიერ მიყენებული დაზიანებები არ იყო სასიკვდილო და ზ.ხ. გარდაიცვალა საავადმყოფოში დროული სამედიცინო დახმარების აღმოუჩენლობის გამო.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ გ.ბაჯაძის ქმედება სასამართლომ სწორად დააკვალიფიცირა სსკ-ის 119-ე მუხლით და განსაზღვრული სასჯელის ზომაც შეესაბამება მის პიროვნებას, ჩადენილი ქმედების სიმძიმესა და დამდგარ შედეგს.

ამდენად, პალატას მიაჩნია, რომ განაჩენი გ.ბაჯაძის მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 29 იანვრის განაჩენი გ. ბ-ს მიმართ დარჩეს უცველად.