საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 114-კოლ 6 მარტი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა მსჯავრდებულ ვ. გ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 28 ოქტომბრის განაჩენზე, რომლითაც ვ. გ. ცნობილია დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მიესაჯა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
სასჯელის მოხდა ვ.გოიაევს დაეწყო 2002 წლის 1 მარტიდან.
აღწერილობითი ნაწილი:
განაჩენით ვ. გ-ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ ჩაიდინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შენახვა, გადაზიდვა, რაც გამოიხატა შემდეგში:
2002 წლის 1 მარტს ვ. გ. ქ. ცხინვალში შეხვდა ვინმე “ალიკას”, რომელმაც სთხოვა მას ერთი-ორი დღით საიმედო ადგილზე ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინის” შენახვა. “ალიკას” განმარტებით, “ჰეროინი” იყო ძალზედ უხარისხო და ორი დღის შემდეგ აპირებდა გამყიდველისათვის უკან დაბრუნებას.
ვ. გ. დათანხმდა და ,,ალიკას” შესანახად გამოართვა ორი ცალი პოლიეთილენის პარკში შეხვეული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება, საიდანაც ერთი შეკვრა შეინახა სამხედრო ქურთუკის ჯიბეში, რომელიც ტანზე ეცვა, მეორე შეკვრა კი _ თავის მანქანის სავარძელზე დადებულ ქურქში.
იმავე დღეს, დახლოებით 14 საათზე, ვ. გ. ქ. ცხინვალის ავტოსადგურში შეხვდა მეუღლის დეიდაშვილს, ქ. ვლადიკავკაზში მცხოვრებ ა. კ-ს, მასთან ერთად წავიდა “ერგნეთის ბაზრობაზე”, ხოლო შემდეგ გაემგზავრნენ სოფ. ზემო არცევის მიმართულებით. იმის გამო, რომ ა. კ-ს სციოდა, ვ. გ-ვმა თავისი მეორე ქურქი ჩააცვა მას. გორის რაიონის სოფ. ტყვიავის მახლობლად ვ. გ-მა გააჩერა ავტომანქანა და ელოდებოდა ძიებით დაუდგენელ პირებს, რა დროსაც იგი ა. კ-თან ერთად დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა და ორივესგან ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი 71,7 გრ. ფხვნილი, საიდანაც ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” იყო განსაკუთრებით დიდი ოდენობის _ 50,19 გრამი.
2002 წლის 3 მარტს ა. კ-ს მიმართ გამოტანილი იქნა დადგენილება სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, რადგან მის მიერ ჩადენილი ქმედება არ იყო მართლსაწინააღმდეგო.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ვ. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ა. კ. აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, აღძვრის დადგენილების ჩათვლით ჩატარებულია სისხლის სამართლის საპროცესო ნორმების დარღვევებით. განაჩენი ემყარება საეჭვო მტკიცებულებებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ გ-ს შერაცხული დანაშაულებრივი ქმედება არ ჩაუდენია.
აღნიშნულის გამო, ადვოკატი ა. კ. ითხოვს გ-ს მიმართ განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას ან განაჩენის გაუქმებასა და საქმის დაბრუნებას დამატებითი გამოძიებისათვის ან ხელახალი სასამართლო განხილვისათვის. ამასთან ადვოკატი ითხოვს გ-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლას.
საკასაციო პალატის სხდომაზე ადვოკატმა ა. კ-მ მხარი დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას.
საკასაციო პალატის სხდომაზე მონაწილე სახელმწიფო ბრალდებულმა ე. ქ-მ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა, განაჩენი ვ. გ-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად, დასაბუთებულად და მოითხოვა მისი უცვლელდ დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი ვ. გ-ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატამ შეფასება მისცა რა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, გააანალიზა ადვოკატ ა. კ-ს საკასაციო საჩივრის მოტივები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არ მოიპოვება ისეთი ხასიათის პროცესუალური დარღვევები, რომლებიც საფუძვლად დაედება განაჩენის გაუქმებას და გ-ს მიმართ საქმის წარმოების შეწყვეტას ან საქმის დამატებით გამოძიებაში ან ხელახალი სასამართლო განხილვისათვის გადაცემას.
უსაფუძვლოა ადვოკატის საკასაციო საჩივრის მოტივი იმის შესახებ, რომ თითქოსდა მსჯავრდებულ გ-ს ბრალად შერაცხული დანაშაული არ ჩაუდენია.
ვ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია საქმეში არსებული შემდეგი მტკიცებულებებით:
თავად ვ. გ-ს ჩვენებები წინასწარ გამოძიებაში, სადაც იგი თავს მთლიანად ცნობს დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში, აღიარებს, რომ ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი” ორ ცელოფანის პარკში ცალ-ცალკე შეხვეული, 2-3 დღით შესანახად მიაბარა ნაცნობმა პიროვნებამ ვინმე “ალიკამ”. გ-ს განმარტებით ერთი შეკვრა ჩადო ქურთუკში, რომელიც მას ეცვა, ხოლო მეორე შეკვრა შეინახა “დუბლიონკაში”, რომელიც ავტომანქანის უკანა სავარძელზე ედო.
გოიაევის ჩვენებებით დადგენილია ისიც, რომ თავის ახლობელს ა. კ-ს, რომელსაც ეცვა ტყავის ქურთუკი და შესცივდა, ავტომანქანის სალონში დადებული “დუბლიონკა” შესთავაზა. ის, რომ “დუბლიონკაში” ნარკოტიკული ნივთიერება იდო, მას არ გახსენებია და ამის თაობაზე არც კ-სთვის ყოფილა ცნობილი.
ასეთივე შინაარსის ჩვენება მისცა ა. კ-მა ეჭვმიტანილის სახით დაკითხვისას და მსჯავრდებულ გ-თან დაპირისპირებისას.
მოწმეების _ თ. მ-ს და ლ. ს-ს ჩვენებებით დადგნილია, რომ ისინი, როგორც დამსწრეები, ესწრებოდნენ უცნობი პირის ჩხრეკას სოფ. ტყვიავის მახლობლად, რა დროსაც უცნობ მამაკაცს ტანზე ჩაცმული მოწვანო ფერის სამხედრო ქურთუკიდან ამოუღეს ცელოფანში შეხვეული მოთეთრო ფერის ფხვნილი, უცნობმა, რომელიც ვ. გ. აღმოჩნდა, განაცხადა, რომ ეს ნივთიერება შესანახად გადასცა სხვამ. ოქმი შედგა პოლიციის განყოფილებაში და მოაწერეს ხელი.
მოწმეებად დაკითხულმა ზ. მ-მა და ო. ა-მ, რომლებიც ესწრებოდნენ ა. კ-ს პირად ჩხრეკას როგორც დამსწრეები, დაადასტურეს, რომ ა. კ-ს “დუბლიონკიდან” ამოუღეს ცელოფანში გახვეული მოთეთრო ფერის ფხვნილისებრი ნივთიერება. უცნობის თქმით, აღიშნული ნივთიერება მას არ ეკუთვნოდა. ამოღებული ნივთიერება დაილუქა და შედგა ოქმი.
მართალია, ვ. გ-საგან ამოღებული ნივთმტკიცების დალუქვის კონვერტს ხელს არ აწერს ლ. ს., მაგრამ პალატა თვლის, რომ კოლეგიამ სწორად მიიჩნია მითითებული დარღვევა ფორმალური ხასიათის დარღვვად, რადგან დადგენილია, რომ ლ. ს. რეალურად ესწრებოდა ჩხრეკას და ოქმს ხელს აწერს, ამდენად, საკასაციო საჩივრის მოტივს ამ ნაწილში პალატა არ იზიარებს.
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ვ. გ-საგან ამოღებული 30,9 გრ. ნარკოტიკული ნივთიერებიდან “ჰეროინი” იყო 21,63 გრამი, ხოლო ა. კ-საგან ამოღებული 40,8 გრ. ნარკოტიკული ნივთიერებიდან “ჰეროინი” იყო 28,3 გრამი.
პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოტივს იმის თაობაზე, რომ წინასწარი გამოძიებით დაირღვა საქართველოს სსსკ-ის 323-ე მუხლის მე-8 ნაწილის მოთხოვნა, რაც სხვა დარღვევასთან ერთად განაჩენის აუცილებელ გაუქმებას იწვევს.
პალატა აღნიშნავს, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში არ ყოფილა დარღვეული საპროცესო კანონის ზემოაღნიშნული მოთხოვნა, რადგან ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალება შემთხვევის ადგილზე დამსწრეთა მონაწილეობით იქნა დალუქული, შემდგომ ექსპერტიზის ჩატარებისას, ექსპერტის მიერ ლუქის გახსნისას და დალუქვისას დამსწრეთა მონაწილეობას მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს:
ექსპერტის ცნობით და რ. ჩ-ს ჩვენებით დადგენილია, რომ გ-ს სისხლის სამართლის საქმეზე დართული ნივთმტკიცების კონვერტის გახსნისას გვარი, ნაცვლად “მ-სა” იმიტომ ეწერა “მ.”, რომ გაკრული ხელით იყო ნაწერი და რაც ამოიკითხა ის დაწერა, ხოლო სხვა გვარი, გარდა გ-სა, არ წერებულა, ამიტომ ადვოკატის საკასაციო საჩივარს ამ ნაწილშიც პალატა არ იზიარებს.
საჩივრის მითითება იმის შესახებ, რომ თითქოს მსჯავრდებული გ. წინასწარი გამოძიებისას არ გასცნობია საქმის მასალებს, პალატა ვერ დაეთანხმება, საქმის მასალების გასაცნობად წარდგენის ოქმში თვით მსაჯავრდებული გ. მიუთითებს, რომ თარჯიმნის დახმარებით ადვოკატ გ. წ-სთან ერთად გაეცნო საქმის მასალებს და შუამდგომლობაც გ-ს მიმართ კვალიფიკაციის შეცვლის მოთხოვნით დააყენა მისმა ინტერესების დამცველმა ადვოკატმა გ. წ-მ.
საკასაციო პალატა თვლის, რომ წინასწარი გამოძიების სტადიაზე მსჯავრდებულ გ-ს დაცვის უფლება არ დარღვეულა, გ-ს დაკითხვებს ესწრებოდა თარჯიმანი და ადვოკატი, ამიტომ ამ მოტივით განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ზემომითითებული და საქმეში არსებული სხვა მტიცებულებების ერთობლიობით, გ-სათვის ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენა დადასტურებულია, განაჩენი დასაბუთებულია და არ არსებობს მისი გაუქმების და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი. რაც შეეხება სისხლის სამართლის კანონის ზოგიერთ დარღვევას, პალატა მათ მიიჩნევს არმტკიცებულად და თვლის, რომ ისინი არ წარმოადგენენ განაჩენის გაუქმების აუცილებელ საფუძველს, მათზე ადვოკატ კ-ს გაეცა პასუხი განჩინებით. ზემოაღნიშნულის გამო, პალატა არ იზიარებს ასევე ადვოკატ ა. კ-ს საჩივრის მოტივს გ-ს პატიმრობიდან განთავისუფლების თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე 568-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ადვოკატ ა. კ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002 წლის 28 ოქტომბრის განაჩენი ვ. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.