საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 16I 8 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე
განიხილა პროკურორ რ. კ-სა და დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჟ. ი.-მ-ს კერძო საკასაციო საჩივრები აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 20 იანვრის განჩინებაზე, რომლითაც ჯ. და ნ. ფ-ების ბრალდების საქმე დაბრუნდა დამატებით გამოძიებაში.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით ნ. და ჯ. ფ-ებს ბრალი დაედოთ მასში, რომ 2002წ. 9 მაისს, დღისით, 14-16 საათის შუალედში, სოფელ გელაურში ჩაიდინეს ო. მ-ს განზრახ მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით და ჯგუფურად. ხელებით, ფეხებით და ხის ხელკეტებით უმოწყალოდ ნაცემმა მ-მ მიიღო არაერთჯერადი დაზიანებები, რომლებიც როგორც ერთად აღებული, ასევე ცალ-ცალკე, განეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებათა მძიმე ხარისხს. მიღებული დაზიანებების გამო ო. მ. გარდაიცვალა 2002წ. 10 მაისს, დილის 11 საათზე. სიკვდილის უშუალო მიზეზი გახდა სისხლჩაქცევები თავის ქალას ღრუში, რაც გამოწვეულია მრავალი დაზიანებით. ყველა დაზიანება მიყენებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნით.
წინასწარი გამოძიების მიერ ჯ. და ნ. ფ-ების აღნიშნული ქმედება დაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “გ” და “თ” ქვეპუნქტებით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ 2003წ. 20 იანვრის განჩინებით სისხლის სამართლის საქმე ნ. და ჯ. ფ-ების მიმართ დამატებითი გამოძიების ჩასატარებლად დაუბრუნა აჭარის ა/რ პროკურატურას.
საკასაციო საჩივარში პროკურორი რ. კ. თვლის, რომ განჩინებაში მითითებული საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების მოტივები უკანონოა და მოკლებულია ობიექტურ საფუძველს. სახელდობრ: არასწორია განჩინების მოტივები იმასთან დაკავშირებით, რომ არასრულყოფილადაა ჩატარებული გამოძიება ჩხუბის მეორე ეპიზოდზე; გამოკვლეული არ არის, კონკრეტულად რა ქმედებები ჩაიდინეს განსასჯელებმა, წინააღმდეგობრივია განსასჯელთა ჩვენებები “მთავარ დამნაშავესთან” დაკავშირებით; უსაფუძვლოა განჩინების ავტორის პრეტენზია სასამართლო-სამედიცინო კომისიურ ექსპერტიზასთან დაკავშირებით და დაუსაბუთებელია ამ მიზნით ხელახალი ექსპერტიზის დანიშვნის აუცილებლობა.
დაზარალებულის უფლებამონაცვლე ჟ. მ. ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს განჩინების მითითებებს და თვლის, რომ გამოძიება საქმეზეEჩატარებულია ამომწურავად და სასამართლო უფლებამოსილი იყო, საქმეზე მიეღო კანონიერი გადაწყვეტილება. რაც შეეხება საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების არგუმენტებს, მათი გამოიკვლევა შესაძლებელი იყო სრულყოფილი სასამართლო განხილვის პირობებში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც პროკურორი, ასევე დაზარალებული ითხოვენ მოცემული განჩინების გაუქმებას და საქმის ხელახლა განსახილველად სასამართლო კოლეგიაში დაბრუნებას.
პროკურორი ე. ქ. მხარს უჭერს კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას.
დაზარალებულის უფლებამონაცვლის ჟ. მ-ს ადვოკატი თ. შ. და მისი წარმომადგენელი ა. ი. მხარს უჭერენ დაზარალებულის კერძო საკასაციო საჩივარს.
სამოტივაციო ნაწილი:
გამოიკვლია რა საქმის გარემოებები, საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა რა მხარეებს, საკასაციო პალატა თვლის, რომ განჩინება მოცემულ საქმეზე სწორია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო მიიჩნევს, რომ ფ-ებს და მ-ს შორის ჩხუბის დამთავრების შემდეგ ინციდენტი კვლავ გაგრძელდა, სახელდობრ: ო. მ-მ კამათი დაუწყო ა. მ-ს იმასთან დაკავშირებით, თუU რატომ არ დაეხმარა იგი ფ-ებთან ჩხუბში. ო. მ. მოითხოვდა ა. მ-საგან ჩხუბში ჩაბმას და საქმის გარჩევას, რაზედაც ა. მ-მ უარი განაცხადა. ამით განაწყენებულმა ო. მ-მ ა. მ-ს მუშტი დაარტყა. ა. მ-მ ჩაიჩოქა, მაგრამ არ წაქცეულა, შემდეგ წამოიწია და საპასუხოდ საკმაოდ ძლიერად დაარტყა ო. მ-ეს მუშტი მარცხენა თვალბუდის არეში. ამ დარტყმის შემდეგ ო. მ. დაეცა და აღარ წამოწეულა, ხოლო ა. მ. იქაურობას გაეცალა. მიუხედავად იმისა, რომ იქ მყოფი პირები ცდილობდნენ ო. მ-ს გრძნობაზე მოყვანას, იგი გონზე აღარ მოსულა და მეორე დღეს, 11 საათზე, გარდაიცვალა.
სასამართლო კოლეგიამ შეაფასა რა ზემოთ აღნიშნული ეპიზოდი, მიიჩნია, რომ საქმეზე გამოიკვეთა სხვა ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც ასახული არ არის საბრალდებო დასკვნაში. საკასაციო პალატა ეთანხმება სასამართლო კოლეგიას ამაში და თვლის, რომ ამ ეპიზოდის სათანადო შეფასების გარეშე გაურკვეველია მიზეზობრივი კავშირი. მით უფრო, რომ ჩხუბის პირველი ეპიზოდის დამთავრების შემდეგ ო. მ. საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა და მძიმე შედეგის _ სიკვდილის დადგომა _ ფაქტობრივად მოჰყვა ჩხუბის მეორე ეპიზოდს, ანუ ა. მ-ს დარტყმას, რომლის შემდეგ ო. მ. დავარდა, დაკარგა გონება და გრძნობაზე აღარ მოსულა. ასეთ ვითარებაში სასამართლო კოლეგიამ სწორად ჩათვალა, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა წინააღმდეგობრივია დამდგარი შედეგის _ სიკვდილის _ მიზეზობრიობის ნაწილში; ასევე წინააღმდეგობრივია სასამართლო სხდომაზე ამ საკითხთან დაკავშირებით დაკითხულ ექსპერტთა ჩვენებები.ამდენად, სწორია განჩინების მითითება, რომ დამატებითი გამოძიების დროს უნდა დაინიშნოს ხელახალი ექსპერტიზა, ხელახლა უნდა დაიკითხონ ექსპერტები და გამოკვლეულ უნდა იქნეს დაზიანების ხასიათი და ამ დაზიანებების შედეგად სიკვდილის დადგომის შესაძლებლობა.
სასამართლო კოლეგია თვლის, რომ დამატებითი გამოძიების მიერ სწორი შეფასება უნდა მიეცეს ჩხუბში მონაწილე თითოეული პირის ქმედებას. მით უფრო, რომ, როგორც სასამართლო თვლის, ჩხუბის თავდაპირველ ეპიზოდში ინციდენტის ინიციატორი იყო ო. მ.. იგი ასევე ჩხუბის ინიციატორად გვევლინება მეორე ეპიზოდშიც. აქედან გამომდინარე, დამატებითმა გამოძიებამ იურიდიული შეფასება უნდა მისცეს მის ქმედებას, რამდენადაც ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოცემულ საქმეზე სწორი გადაწყვეტილების მისაღებად.
საკასაციო პალატა ეთანხმება სასამართლო კოლეგიას იმაშიც, რომ დამატებით გამოძიებაში დეტალურად უნდა დაიკითხონ მოწმეები, მით უფრო, რომ სასამართლო სხდომაზე ბევრმა მათგანმა შეცვალა ჩვენებები განსასჯელთა სასარგებლოდ. ამასთანავე, დასაკითხია სხვა პირებიც და გამოსაკვლევია ხულოს განათლების განყოფილების მიერ ჩატარებული სამსახურებრივი მოკვლევის შედეგებიც, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს ჩადენილ დანაშაულთან.
დამატებით გამოძიებაში უნდა გაირკვეს აგრეთვე, თუ როგორ უნდა განაწილდეს დაზარალებულის განცხადებაში მითითებული მორალური ზიანის ანაზღაურება განსასჯელებს და იმ შესაძლო მესამე პირს შორის, რომელსაც შეიძლება ასევე დაეკისროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დამდგარი შედეგისათვის. ამასთან, დამატებით გამოძიებაში განსასჯელები ცნობილ უნდა იქნენ სამოქალაქო მოპასუხეებად, რაც ამჯერად გაკეთებული არაა.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა თვლის, რომ განჩინების მოტივები საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების თაობაზე სწორია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად, საკასაციო საჩივრები კი გაზიარებული ვერ იქნება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 20 იანვრის განჩინება ნ. და ჯ. ფ-ების ბრალდების საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების თაობაზე დარჩეს უცვლელად.