განაჩენი გაუქმდა და საქმე გადაეცა სასამართლოს ხელახლა განსახილველად

სისხლის სამართლის 23.04.2003
საქმის ნომერი
2კ-45დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
23.04.2003

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 45-დად 23 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა ლ. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 დეკემბრის დადგენილებაზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის 2002წ. 20 მარტის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 1 მარტს, მოქალაქე ლ. კ-მა, განცხადებით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურას და მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის აღძვრა ქ. თბილისში, ... მის კანონიერ საკუთრებაში არსებული სახლთმფლობელობის მითვისების, ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის მიერ დოკუმენტების გაყალბების, ნაჩუქრობის ხელშეკრულების გაყალბების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და სხვა ფაქტებთან დაკავშირებით.

განცხადების ირგვლივ პროკურატურამ ჩაატარა შემოწმება და 2002წ. 20 მარტს გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

პროკურატურის მითითებული დადგენილება ლ. კ-მა მიიჩნია არაობიექტურად და მისი გაუქმების თაობაზე კერძო საჩივრით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 აგვისტოს დადგენილებით ლ. კ-ს საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ლ. კ-ს განცხადებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილება და მასალები საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურორს.

სასამართლოს მითითებული დადგენილება ამჯერად უკანონოდ მიიჩნია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა პროკურორმა და მან კერძო საკასაციო საჩივრით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომელმაც დააკმაყოფილა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა და 2002წ. 12 ნოემბრის განჩინებით გააუქმა რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 აგვისტოს დადგენილება სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევის გამო და საჩივარი არსებითი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს.

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 დეკემბრის განჩინებით უარი ეთქვა ლევან კანდელაკს საჩივრის დაკმაყოფილებაზე და თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის 2002წ. 20 მარტის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ დარჩა უცვლელად.

კერძო საკასაციო საჩივარში ლ. კ. აღნიშნავს, რომ რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილება არ გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, რის გამოც ითხოვს მის გაუქმებას.

პროკურორი გ. ბ. ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა კერძო საკასაციო საჩივრის მოტივთა საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, თვლის, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 დეკემბრის დადგენილება უნდა გაუქმდეს და საჩივარი ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა მოსამართლეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით ირკვევა, რომ საჩივარი, რომელიც ეხებოდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურატურის 2002წ. 20 მარტის დადგენილების გაუქმებას, მოსამართლემ განიხილა საქართველოს საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით. სახელდობრ, მოსამართლეს ფაქტობრივად არ ჩაუტარებია სასამართლო პროცესი, კანონით დადგენილი წესით არ მოუწვევია ლ. კ. პროცესზე, არ მოუსმენია მისი განმარტებები საჩივარში აღძრულ საკითხებთან დაკავშირებით, იგი დაკმაყოფილდა მხოლოდ თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული პროკურორის თანაშემწე გ. ბ-ს განმარტებებით კ-ს განცხადების ირგვლივ მის მიერ ჩატარებული შემოწმების მასალებზე გამოტანილი სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის დადგენილების კანონიერებასთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა ითვალისწინებს იმასაც, რომ ლ. კ. თავის კერძო საკასაციო საჩივარში მიიჩნევს რა სასამართლოს დადგენილებას უკანონოდ და ითხოვს მის გაუქმებას, აღნიშნავს, რომ მოსამართლემ მისი დასწრების გარეშე განიხილა საჩივარი, რითაც დაირღვა მისი უფლებები.

პალატა თვლის, რომ საპროცესო კანონმდებლობის ზემოთ მითითებული დარღვევა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია და მიიჩნევს, რომ საჩივარი განხილულ უნდა იქნეს საპროცესო კანონმდებლობის დაცვით, მხარეთა მონაწილეობით.

სარეზოლუციო ნაწილი:

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

ლ. კ-ს საჩივარი დაკმაყოფილდეს.

ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002წ. 19 დეკემბრის დადგენილება გაუქმდეს და საჩივარი ხელახალი არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობას.