განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 46-კოლ 15 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. გოგელია
განიხილა ადვოკატ ა. ნ-ს საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 11 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც ი. ა. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,214-ე მუხლის მესამე ნაწილით და მიესაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელს იხდის 2002წ. 9 ნოემბრიდან.
საკასაციო საჩივარი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და ი. ა-ს მიმართ საქმის შეწყვეტას მისი უდანაშაულობის მოტივით.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით ი. ა-სთან ერთად სისხლის სამართლის პასუხისგებაში იყვნენ მიცემულნი სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე ა. ა. და თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფ. დ.. მათ ბრალი ედებოდათ შემდეგ დანაშაულში:
2002წ. ნოემბრის დასაწყისში ა. ა. სხვადასხვა წვრილმანი საქონლის შესაძენად ქ. ერევნიდან გაემგზავრა თურქეთის რესპუბლიკაში. გამგზავრების წინ მასთან მივიდნენ მისი ნაცნობები და სთხოვეს სტამბულიდან საქონლის ჩამოტანა. მათ ა. ა-ს აუხსნეს, რომ ჩამოსატანი იყო გარკვეული რაოდენობით ოქროს ნაკეთობები, რომლის ჩამოტანშიც გადაუხდიდნენ შესაბამის საფასურს. ა. ა. 2 ნოემბერს გაემგზავრა თურქეთში მერსედესის მარკის ავტობუსით, რომელსაც მართავდნენ თურქი მძღოლები _ ფაშა დალქილიჩი და ი. ა.. 3 ნოემბერს სარფის საბაჟოს გავლით გადაკვეთეს საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვარი. სტამბულში ჩასვლისა და სასტუმროში დაბინავების შემდეგ, ა. ა. ტელეფონით დაუკავშირდა თავის ნაცნობებს ქ. ერევანში და შეატყობინა რომელ სასტუმროში იყო გაჩერებული. 9 ნოემბერს სასტუმროში ა. ა-თან მივიდა მისთვის უცნობი თურქი ეროვნების ორი მამაკაცი, იკითხეს მისი ვინაობა და პასპორტის ნახვის შემდეგ როცა დარწმუნდნენ მის პიროვნებაში, გადასცეს პოლიეთილენის პარკში შეხვეული ოქროულობა. იმავე ღამით ა. აბ. ფ. დ-სა და ი. ა-ს ავტობუსით გამოემგზავრა სტამბულიდან. გამოსვლის წინ მან ავტობუსის მძღოლებს დ-სა და ა-ს გაუმხილა, რომ თან მოჰქონდა ოქროულობა და სთხოვა მისი დამალვა ავტობუსში ისე, რომ არ გაეგოთ და არ ეპოვათ გარეშე პირებს _ მათ შორის საბაჟოს მუშაკებსაც. მძღოლებმა მას აღუთქვეს დახმარება. თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მოახლოებისას, ქ. ქემალ ფაშაში შესვენების დროს, ფ. დ-მა ა. ა-ს გამოართვა ჩანთა, რომელშიც ოქროს ნაკეთობები ელაგა და მისივე თანდასწრებით დამალა ავტობუსის საბარგულის გვერდით არსებულ სათავსოში, სადაც ეწყო მხოლოდ ავტობუსის სათადარიგო ნაწილები და მძღოლთა ხელსაწყოები. აღნიშნულს ხედავდა ი. ა-ც. ავტობუსის თურქეთის საბაჟოზე შემოსვლის შემდეგ ფ. დ-მა ა. ა-ს განუცხადა, რომ მარშრუტის ბოლომდე ვეღარ მოემგზავრებოდა და უკან ბრუნდებოდა. ა. ა-ს თხოვნის მიუხედავად, ოქროულობის აღმოჩენის თავიდან აცილებისა და უსაფრთხოების მიზნით თურქეთისა და საქართველოს საბაჟო საგუშაგოების გავლამდე მაინც დარჩენილიყო ავტობუსში, ფ. დ-მა მოიმიზეზა პასპორტის უქონლობა, ა. ა. დააიმედა ჩანთა კარგად არის დამალულიო და ავტობუსიდან წავიდა. საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას, სარფის საბაჟო პუნქტზე კონტროლის გავლის დროს ა. ა-მა საბაჟო დეკლარაციაში არ მიუთითა და არც ზეპირად განაცხადა თანქონებული ოქროს ნივთების თაობაზე. ავტობუსის შემოწმების დროს მებაჟეთა მიერ ნაპოვნი იქნა სამალავში არსებული ჩანთა, რომლის გახსნისას მასში აღმოჩნდა 28411 ამერიკული დოლარის ღირებულების საიუველირო ნაწარმი. თავდაპირველად ა. ა-მა განაცხადა, რომ მან არ იცოდა თუ ვის ეკუთვნოდა ეს ნივთები, მაგრამ შემდგომ აღიარა ამ ნივთების მის მიერ წამოღების ფაქტი.
2002წ. 11 ნოემბერს პასუხისგებაში მიცემული და დაპატიმრებულ იქნენ ა. ა. და ავტობუსის მძღოლი ი. ა.. 13 ნოემბერს პასუხისგებაში მიცემული და დაპატიმრებულ იქნა ავტობუსის მეპატრონე და მძღოლი ფ. დ-ც.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიამ ფ. დ-ს მიმართ დაადგინა გამამართლებელი განაჩენი და გაათავისუფლა პატიმრობიდან. ა. ა. სცნო დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,214-ე მუხლის მესამე ნაწილით და მის მიმართ გამოიყენა პირობითი სასჯელი სამი წლის გამოსაცდელი ვადით. ი. ა-ს კი მიუსაჯა სამი წლით თავისუფლების აღკვეთა. საბაჟო წესების დარღვევით გადმოტანილ ოქროს ნივთებს გაუკეთა საპროცესო კონფისკაცია.
განაჩენი ფ. დ-სა და ა. ა-ს მიმართ გასაჩივრებული არ არის.
საკასაციო საჩივარი ი. ა-ს მიმართ განაჩენის გაუქმების მოტივად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქმის მასალებით უტყუარად არ არის დადასტურებული მისი ბრალეულობა, ეჭვი კი მსჯავრდებულის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს. ამასთან, საჩივარი მიიჩნევს, რომ განაჩენი უსამართლოა სასჯელის განსაზღვრის ნაწილშიც.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ა. ნ-მ ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება. პროკურორმა ბ. გ-მ იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მსჯავრდებული ი. ა-ს მიმართ განაჩენით შეფარდებული სასჯელი უნდა შეიცვალოს პირობითი მსჯავრით შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებას, თითქოს დადასტურებული არ არის შერაცხულ დანაშაულში მსჯავრდებულ ი. ა-ს ბრალეულობა. საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით და სრულყოფილი სასამართლო გამოკვლევით უდავოდ დადგენილია, რომ ი. ა. იყო რა სამგზავრო ავტობუსის მძღოლი, დახმარება გაუწია ა. ა-ს თურქეთიდან საქართველოს საბაჟო საზღვარზე ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობათა წესის დარღვევით გადმოტანაში. სასამართლო კოლეგიამ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეზე შეკრებილ იმ მტკიცებულებებს, რომლებიც უდავოდ ადასტურებენ შერაცხულ ქმედებაში მსჯავრდებულ ი. ა-ს ბრალეულობას და ამის შესაბამისად დაადგინა დასაბუთებული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლის გაუქმების კანონიერი საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
ამასთან, საქართველოს სსსკ-ის 496-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს არამარტო დასაბუთებული და კანონიერი, არმედ სამართლიანიც.
საქმის მასალებით და განაჩენით უდავოდ დადგენილია, რომ ჩადენილი დანაშაულის ორგანიზატორი და უშუალო ამსრულებელი იყო მსჯავრდებული ა. ა.. ი. ა-მ კი ამ დანაშაულში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ დახმარების სახით. ასეთ ვითარებაში პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი თანაბარი გარემოებების შემთხვევაში ძირითადი დამნაშავის მიმართ პირობითი სასჯელის გამოყენება, ხოლო დამხმარის მიმართ სასჯელის რეალური ღონისძიების _ სამი წლით თავისუფლების აღკვეთის მისჯა არ შეიძლება ჩაითვალოს სამართლიან განაჩენად (ა. ა-ს მიმართ დადგენილი განაჩენი არ არის გასაჩივრებული, რის გამოც საუარესოდ მისი შებრუნების საკითხზე პალატა ვერ იმსჯელებს). გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან და იმის გათვალისწინებით, რომ მსჯავრდებული ი. ა. არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, პირველადაა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს ოთხი შვილი, მათგან სამი არასრულწლოვანი, თვითონ დაავადებულია ტუბერკულოზით, პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს განაჩენით დანიშნული სასჯელი _ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მას შეეცვალოს იმავე ვადის პირობითი მსჯავრით.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003წ. 11 თებერვლის განაჩენი ი. ა-ს მიმართ შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ მას შეფარდებული სასჯელი _ 3 წლით თავისუფლების აღკვეთა _ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით 3წ. გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებული ი. ა. დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან.
განჩინების ასლი ი. ა-ს ქცევაზე კონტროლის დაწესების მიზნით გადაეგზავნოს თურქეთის რესპუბლიკის სათანადო სამსახურს.
განაჩენი სხვა ნაწილში დარჩეს უცვლელად.
განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, იგი საბოლოოა და არ გასაჩივრდება.