განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 24.04.2003
საქმის ნომერი
2კ-68აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.04.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 68-აპ 24 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. ისაევი

განიხილა ადვოკატ მ. ჩ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2002წ. 18 ნოემბრის განაჩენი თ. კ-ს მიმართ.

საკასაციო საჩივარი ითხოვს თ. კეკენაძის მიმართ შეფარდებული სასჯელის პირობითად ჩათვლას.

აღწერილობითი ნაწილი:

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული განაჩენით თ. კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს 1960წ. სსკ-ის 108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. შეფარდებული სასჯელიდან მას მოხდილად ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი _ 1997წ. 27 ნოემბრიდან 1999წ. 20 აგვისტომდე და საბოლოოდ მოსახდელად დარჩა თავისუფლების აღკვეთა სამი თვით და 7 დღით.

განაჩენის მიხედვით თ. კ-მ ჩაიდინა შემდეგი დანაშაული:

1997წ. 27 ნოემბერს, დაახლოებით 3 საათსა და 10 წუთზე, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თ. კ. ქ. რუსთავში, მესამე პროფტექნიკური სასწავლებლის სპორტულ მოედანზე, აპირებდა მის გამგებლობაში არსებული “ვაზ-2107” მარკის ავტომანქანის წინა, მარცხენა მაშუქი ფარის დამაგრებას. ამ მომენტში მისკენ უკანა, მარჯვენა მხრიდან ხუმრობით და ხმამაღალი შეძახილით გამოექანა ასევე არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მისი უახლოესი მეგობარი ჯ. ა.. მოულოდნელ შეძახილზე თ. კ. ინსტიქტურად წამოხტა და შეტრიალდა ჯ. ა-სკენ. ამასთან, მარჯვენა ხელი, რომელშიც სახრახნისი ეჭირა, უკან გადაიქნია, რათა ჯ. ა-ს, რომელთანაც შეხუმრებული იყო, შეშინებოდა და რაიმე სახუმარო მოქმედების განსახორციელებლად ახლოს არ მიკარებოდა. ამ დროს თ. კ. არ ითვალისწინებდა მისი ქმედებით მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა უნდა გაეთვალისწინებინა და შეეძლო კიდევაც ამის გათვალისწინება. თ. კ-ს დაუდევრობის შედეგად, სახრახნისი, რომელიც ხელში ეჭირა, მისკენ გამოქანებულ და ინერციით შეჯახებულ ჯ. ა-ს მოხვდა მკერდის არეში და მიიღო გულმკერდის ღრუში შემავალი ჭრილობა. დაჭრილი ჯ. ა. თვითონ თ. კ-მ და იქ მყოფმა პირებმა 5 წუთის განმავლობაში გადაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ, სამედიცინო დახმარების მიუხედავად, იგი 2 საათში გარდაიცვალა.

საკასაციო საჩივარი თ. კ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელიდან მოუხდელი სასჯელის პირობითად შეცვლის საფუძვლად მიიჩნევს იმ გარემოებებს, რომ მსჯავრდებული აღიარებს და გულწრფელად ინანიებს ჩადენილ ქმედებას, არის ახალგაზრდა, ხასიათდება დადებითად, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა მ. ჩ-მა ითხოვა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირეს დაზარალებულის უფლებამონაცვლე ნ. ა-მა, ადვოკატმა თ. ტ-მ და პროკურორმა ე. ქ-მ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ თ. კ-ს უხეშ დაუდევრობას შედეგად მოჰყვა ახალგაზრდა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. ამ ქმედებისათვის სასამართლომ მას მიუსაჯა კანონით გათვალისწინებული სანქციის არამაქსიმუმი. შეფარდებული სასჯელის სრულ მოხდამდე მას დარჩენილი აქვს ოთხ თვეზე ნაკლები დრო, რომლის პირობითად ჩათვლას საკასაციო პალატა მიზანშეწონილად არ თვლის.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 6 თებერვლის განაჩენი თ. კ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.