განჩინება შეიცვალა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 69-აპ 24 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა ადვოკატ ლ. შ-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 იანვრის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 აგვისტოს განაჩენი ფ. ბ-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 29 აგვისტოს განაჩენით ფ. ბ-ს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის “ა” ქვეპუნქტით ერთობლივად განესაზღვრა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ამავე განაჩენით სსკ-ის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “დ” ქვეპუნქტებით, 181-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით ნ. კ-ს სასჯელის ზომად განესაზღვრა 5, ხოლო გ. ყეინოშვილს _ 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
საკასაციო პალატა საქართველოს სსსკ-ის 567-ე მუხლის შესაბამისად, სრული მოცულობით ამოწმებს საქმის მასალებს, მათ შორის მსჯავრდებულების: ნ. კ-სა და გ. ყ-ს მიმართაც, რომლებსაც განაჩენი საკასაციო წესით არ გაუსაჩივრებიათ.
ნ. კ-ს, ფ. ბ-ს და გ. ყ-ს მსჯავრი დაედოთ იმისათვის, რომ მათ ჩაიდინეს თ. და თა. შ-ის ძარცვა და მათგან ფულის გამოძალვა. სახელდობრ, მათი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
2001წ. 7 სექტემბერს ნ. კ-მა თავის ნაცნობებს გ. ყ-სა და ფ. ბ-ს შესთავაზა, გაეძარცვათ მისი ახლობელი თ. შ., რომელსაც სამსახურიდან სახლში წასვლისას ყოველდღიურად ხელჩანთაში ჰქონდა ფული. გ. ყ. და ფ. ბ. შეთავაზებულ წინადადებას დათანხმდნენ. მათ გადაწყვიტეს თ. შაიშმელაშვილს ჩასაფრებოდნენ თავისსავე საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში, ქ. თბილისში,. ნ. კ-მა გ. ყ-ს და ფ. ბ-ს შეატყობინა, რომ თ. შ. მეუღლე თა. შ-თან ერთად 10 სექტემბერს, საღამოს, დაახლოებით 21 საათისათვის, მიდიოდა სახლში. იმავე დღეს, დაახლოებით 22 საათზე, გ. ყ. და ფ. ბ. მივიდნენ დაზარალებულთა საცხოვრებელ კორპუსთან და მე-4 სართულის ბაქანზე ჩაუსაფრდნენ მათ. როდესაც თ. შ. კიბეებზე ადიოდა, ხოლო მეუღლე თა. შ. ჩამორჩა, მას რადგან ეზოში ავტომანქანა დააყენა, ნიღაბაფარებულმა გ. ყ-მა და ფ. ბ-მა შენიშნეს მესამე სართულის ბაქანზე ასული თ. შ., დაეშვნენ ძირს და გ. ყ-მა მას გამოსტაცა ხელჩანთა და გაიქცნენ. ხელჩანთაში ფული არ აღმოჩნდა, რის შესახებაც მათ შეატყობინეს ნ. კ-ს. მეორე დღეს, 11 სექტემბერს, ნ. კ-მა გ. ყ-სა და ფ. ბ-ს შესთავაზა, თ. შ-სათვის მუქარით გამოეძალათ სამი ათასი აშშ დოლარი. დათანხმდნენ რა ამ წინადადებას, გ. ყ-მა და ფ. ბ-მა რამდენჯერმე დაურეკეს დაზარალებულს და მუქარით მოსთხოვეს სამი ათასი აშშ დოლარი. უარის შემთხვევაში ისინი დაზარალებულს ემუქრებოდნენ ოჯახის წევრების განადგურებით.
რამდენჯერმე დაკავშირების შემდეგ თა. შ. შეუთანხმდა მათ, რომ 500 აშშ დოლარს მიუტანდა ალექსანდროვის ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, ამერიკის საელჩოს წინ.
2001წ. 18 სექტემბერს, 15 საათსა და 30 წუთზე, ყ. და ბ. იმყოფებოდნენ საქენერგოს შენობასთან. ყ. საფრთხის თავიდან აცილების მიზნით შეუთანხმდა თავის ნაცნობ ა. ა-ს, რომ ის მისულიყო ფულის გამოსართმევად შ-თან, რისთვისაც დაპირდა 50 ლარს, თვითონ კი დადგნენ ბაღში, მოშორებით.
როდესაც დათქმულ ადგილზე, აშშ საელჩოს წინ, მივიდა ლურჯი ფერის ავტომანქანა ვაზ 2106, ა. ჩაუჯდა მძღოლს ავტომანქანაში და თა. შ-ს სიძემ შ. კ-მა, მოთხოვნის თანახმად, გადასცა მას 200 აშშ დოლარი. ა. ავტომანქანიდან გადმოსვლისთანავე დააკვეს პოლიციის თანამშრომლებმა ყ-თან და ბ-თან ერთად. ნ. კ. კი დააკვეს თავის საცხოვრებელ ბინაში.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებულ ფ. ბ-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ლ. შ. ითხოვს ძარცვის მსჯავრდების ნაწილში განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოებით შეჩერებას. საჩივარში მითითებულია, რომ მსჯავრდებულებს ძარცვა არ ჩაუდენიათ და ისინი ამ ეპიზოდში უკანონოდ არიან მსჯავრდებულნი. წინასწარი გამოძიების დროს მათ აღიარებითი ჩვენებები მიცემული აქვთ პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ზემოქმედების შედეგად. ადვოკატი ითხოვს ფ. ბ-ს მიმართ გამოძალვისათვის დანიშნული სასჯელის შემსუბუქებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულმა ფ. ბ-მა და მისმა ადვოკატმა ლ. შ-მ მოითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერმა პროკურორმა ე. ქ-მ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა. განაჩენი ფ. ბ-ს მიმართ მიიჩნია კანონიერად და მოითხოვა მისი უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 იანვრის განაჩენი ფ. ბ-ს, ნ. კ-სა და გ. ყ-ს მიმართ უნდა შეიცვალოს.
საკასაციო პალატა არ ეთანხმება საკასაციო საჩივრის მოთხოვნას ძარცვის მსჯავრდების ეპიზოდში განაჩენის გაუქმებისა და ფ. ბ-ს მიმართ საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ.
წინასწარი გამოძიების დროს მსჯავრდებულების: ფ. ბ-ს, ნ. კ-ს, გ. ყ-ს ურთიერთმამხილებელი ჩვენებებით, დაზარალებულების: თ. და თა. შ-ების, ასევე იმავე საქმეზე მსჯავრდებულ ა. ა-ს განმარტებებით, ნივთმტკიცებით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობით ფ. ბ-ის, ნ. კ-სა და გ. ყ-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული.
საჩივრის მოტივები, რომ განაჩენი დაეყრდნო წინასწარი გამოძიების დროს მსჯავრდებულების მიერ ფიზიკური ძალადობის შედეგად მოპოვებულ აღიარებით ჩვენებებს, უსაფუძვლოა. საქმეში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მოიპოვება.
ამასთან ერთად, საკასაციო პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულებს განაჩენით დანიშნული სასჯელები უნდა შეუმცირდეთ თითო წლით. საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ გ. ყ. და ნ. კ. წარსულში ნასამართლევები არ არიან, ფ. კ-ს ნასამართლობა ამჟამად გაქარწყლებული აქვს. გ. ყ-ს და ნ. კ-ს კმაყოფაზე ჰყავთ მცირეწლოვანი შვილები, ფ. კ.ი დაავადებული ქრონიკული ჰეპატო-ხოლეცისტიტით.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 31 იანვრის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ ფ. ბ-ს, ნ. კ-ს და გ. ყ-ს სასჯელი შეუმცირდეთ თითო წლით და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვროთ: ნ. კ-ს _ 4 წლით, ხოლო ფ. ბ-სა და გ. ყ-ს თითოეულს _ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.