განჩინება შეიცვალა

სისხლის სამართლის 15.04.2003
საქმის ნომერი
2კ-78დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
15.04.2003

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 78-დად 15 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. გოგელია

განიხილა დაზარალებულ გ. ჭ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 თებერვლის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა დაზარალებულის საჩივარი ლ. ა-ს მიმართ სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის შესახებ გამომძიებლის 2002წ. 19 დეკემბრის დადგენილების გაუქმების თაობაზე.

საჩივარი ითხოვს რაიონული სასამართლოს ზემოაღნიშნული დადგენილების შეცვლას, გამომძიებლის 2002წ. 19 დეკემბრის დადგენილების გაუქმებას და ლ. ა-ს მიმართ გამოძიების განახლებას.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 4 აპრილს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონულ პროკურატურაში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე გ. ჭ-ზე ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენების ფაქტზე. საქმე გამოსაძიებლად გადაეცა იმავე რაიონის საგამოძიებო სამსახურს.

2002წ. 13 ივნისს სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული ლ. ა. ბოროტი ხულიგნობის ჩადენის და გ. ჭ-სათვის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანების მიყენების ბრალდებით, თუმცა მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა იმის გამო, რომ თავს არიდებდა საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებას. იძულებითი წესით წარმოდგენის შემდეგ ლ. ა. დაკითხულ იქნა დაახლოებით ერთი თვის შემდეგ. წარდგენილ ბრალდებებში მან თავი არ ცნო დამნაშავედ.

გამომძიებელ მ. ფ-ს 2002წ. დადგენილებით ლ. ა-ს მიმართ შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა იმ მოტივით, რომ მისი ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო, ხოლო გ. ჭ-ზე ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენების ფაქტზე აღძრულ საქმეზე შეჩერდა გამოძიება კონკრეტული დამნაშავე პირის დადგენამდე.

აღნიშნული დადგენილება სასამართლოში გაასაჩივრა დაზარალებულმა გ. ჭ-მა და ითხოვა მისი გაუქმება. სასამართლომ გამომძიებლის დადგენილება ჩათვალა კანონიერად და დაზარალებულის საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

კერძო საკასაციო საჩივარი უკანონოდ მიიჩნევს რა სასამართლოს დადგენილებას, ითხოვს მის შეცვლას და გამომძიებლის დადგენილების გაუქმებას.

პალატის სხდომაზე კასატორმა ითხოვა საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი დაუჭირა პროკურორმა დ. ს-მ. ლ. ა-მა და მისი ინტერესების დამცველმა მ. ჟ-მ ითხოვეს გამომძიებლისა და სასამართლოს დადგენილებების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

გამოძიების ხანგრძლივი დროით გაჭიანურების მიუხედავად, სრულყოფილად გამოკვლეული და უტყუარად დადგენილი არ არის საქმის ფაქტიური გარემოებანი. ამის გამო პალატა არ იზიარებს რაიონული სასამართლოს დადგენილებაში გატარებულ იმ მოსაზრებას, რომ საქმეზე სრულყოფილად არის ჩატარებული გამოძიება და მისი განახლების საფუძველი არ არსებობს.

გამოძიებით დადგენილი არ არის რომელ საათზე მოხდა კონფლიქტი გ. ჭ-სა და მისი ყოფილი მეუღლის თანმხლებ პირებს შორის, რა ვითარებაში მიიღო დაზიანება ჭ-მა და როდის იქნა იგი გადაყვანილი საავადმყოფოში.

გამოიძება სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტის დროს დაეყრდნო ლ. ა-ს თანმხლები პირების ჩვენებებს, მაშინ როდესაც აღნიშნულ პირთა ჩვენებები არათანმიმდევრულია და ზოგიერთ არსებით ნიუანსში ერთმანეთს არ ემთხვევა.

გამოძიების მიერ უყურადღებოდ არის დატოვებული კომისიური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა იმის თაობაზე, რომ გ. ჭ. მის სხეულზე არსებულ დაზიანებებს ერთჯერადი ვარდნის შედეგად ვერ მიიღებდა.

გამოძიებას არ გაურკვევია შემთხვევამდე როგორი ურთიერთობა იყო გ. ჭ-სა და ლ. ა-ს ოჯახს შორის.

გამოძიების მიერ დადგენილი არ არის გ. ჭ-ზე დაზიანებათა მიყენების მექანიზმი.

ყოველივე ზემოაღნშინულის გამო პალატა თვლის, რომ საქმეზე გამოძიება ჩატარებულია არასრულყოფილად, საქმის ფაქტიურ გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის გარეშე, რის გამოც უნდა გაუქმდეს გამომძიებლის 2002წ. 19 დეკემბრის დადგენილებები, საქმეზე განახლდეს გამოძიება და საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნეს ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოძიების შემდეგ.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

დაკმაყოფილდეს დაზარალებულ გ. ჭ-ს კერძო საკასაციო საჩივარი და მოცემულ საქმეზე შეიცვალოს ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2003წ. 11 თებერვლის დადგენილება.

გაუქმდეს ისანი-სამგორის რაიონული საგამოძიებო სამსახურის გამომძიებლის 2002წ. 19 დეკემბრის დადგენილება ლ. ა-ს მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და საქმე გამოძიების განახლების მიზნით გადაეცეს იმავე რაიონის პროკურორს.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.