დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 80-აპ 24 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. ისაევი
განიხილა მსჯავრდებულ ვ. კ-სა და სახელმწიფო ბრალმდებლის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განაჩენის სასჯელის ნაწილში მსჯავრდებულის სასიკეთოდ ცვლილება შევიდა და ვ. კ-ს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის “დ” ქვეპუნქტით მიესაჯა 4 წლით თავისუფლების აღკვეთა. იგი სასჯელს იხდის 2001წ. 2 მარტიდან.
მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი ითხოვს გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და მის უდანაშაულოდ ცნობას.
პროკურორის საკასაციო საჩივარი ითხოვს სასჯელის სიმსუბუქის მოტივით გასაჩივრებული განაჩენის გაუქმებას და საქმის გადაცემას ხელახალი სააპელაციო განხილვისათვის.
აღწერილობითი ნაწილი:
ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 მარტის განაჩენით ვ. კ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენაში: მან პირადი მოხმარების მიზნით, არაერთგზის უკანონოდ შეიძინა, შეინახა და გადაზიდა ნარკოტიკული ნივთიერება. სახელდობრ: 2001წ. 30 იანვარს ქ. თბილისში, ვაგზლის მოედანზე, გამოძიებით დაუდგენელი მოქალაქისაგან 100 ლარად შეიძინა ნარკოტიკული ნივთიერება “ჰეროინი”, რომელიც გადაიტანა ქ. ონში. იმავე წლის 2 თებერვალს იგი დაკავებულ იქნა ონის პოლიციის თანამშრომლების მიერ და პირადი ჩხრეკისას აღმოაჩდა 0,1 გრამი “ჰეროინი”. შემოწმებით დადგინდა, რომ ვ. კ. იმყოფებოდა ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ. მანვე 2001წ. 7 თებერვალს ონის რაიონის სოფ. კვაისში უცნობი მოქალაქისაგან 100 ლარად უკანონოდ კვლავ შეიძინა “ჰეროინი”, რომელიც გადმოიტანა ქ. თბილისში. შეძენილი ნარკოტიკის ნაწილი მოიხმარა, ხოლო დანარჩენს უკანონოდ ინახავდა. 2001წ. 8 თებერვალს, საღამოს, იგი დაკავებულ იქნა ქ. თბილისში. პირადი ჩხრეკისას მას აღმოაჩნდა 0,2 გრამი “ჰეროინი”. შემოწმებისას კი დაუდგინდა “ჰეროინის” მიღების ფაქტი. ზემოაღნიშნული ქმედებისათვის რაიონულმა სასამართლომ მას მიუსაჯა ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა.
მსჯავრდებულის ადვოკატმა განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა და ითხოვა ვ. კ-ს გამართლება. სააპელაციო სასამართლომ საჩივარი მიიჩნია უსაფუძვლოდ. ამასთან, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებზე მითითებით, სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით, ვ. კ-ს რაიონული სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი ორი წლით შეუმცირა. მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი განაჩენის გაუქმების საფუძვლად მიუთითებს წინასწარი გამოძიების დროს საპროცესო ნორმების დარღვევასა და დანაშაულის იძულებით აღიარებაზე.
პროკურორის საკასაციო საჩივარი თვლის, რომ, მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლოს არ გააჩნდა ვ. კ-ს მიმართ კანონის სანქციით გათვალისწინებულ მინიმუმზე მსუბუქი სასჯელის შეფარდების საფუძველი.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ტ. ც-მა ითხოვა მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება და პროკურორის საჩივრის უარყოფა. პროკურორმა ე. ქ-მ მხარი დაუჭირა სახელმწიფო ბრალმდებლის საჩივრის დაკმაყოფილებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილ საჩივართა საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატას მიაჩნია, რომ მსჯავრდებულ ვ. კ-ს ბრალდების საქმეზე წინასწარი გამოძიება და სასამართლო განხილვები ჩატარებულია სრულყოფილად, ობიექტურად და საპროცესო ნორმების დაცვით. ამის გამო არ იზიარებს მსჯავრდებულის საკასაციო საჩივრის მოსაზრებას გამოძიების დროს მტკიცებულებათა მოპოვების უკანონობაზე. სააპელაციო სასამართლომ გამოძიების მიერ შეკრებილ მტკიცებულებებს სწორი და ობიექტური სამართლებრივი შეფასება მისცა და დაადგინა სამართლიანი განაჩენი, რომლის გაუქმებისათვის კანონიერი საფუძველი საკასაციო პალატას არ გააჩნია.
პალატა ასევე თვლის, რომ არც პროკურორის საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ვ. კ-სათვის შეფარდებული სასჯელი _ ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა _ არ შეიძლება ჩაითვალოს ისეთ მსუბუქ სასჯელად, რომლის გამოც განაჩენი შეიძლება გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 17 თებერვლის განაჩენი ვ. კ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.