საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 17.04.2003
საქმის ნომერი
2კ-82დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
17.04.2003

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 82-დად 17 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,მ. ისაევი

განიხილა მსჯავრდებულ კ. თ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 თებერვლის დადგენილებაზე, რომლითაც დაკმაყოფილდა სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციის წარდგინება და იგი 11 თვით სასჯელის მოსახდელად გადაყვანილ იქნა საპყრობილეში.

კერძო საკასაციო საჩივარი სასამართლოს აღნიშნულ დადგენილებას თვლის უკანონოდ და ითხოვს მის გაუქმებას.

აღწერილობითი ნაწილი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 1997წ. 16 იანვრის განაჩენით კ. თ. მსჯავრდებულია ბანდიტიზმისათვის, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახი მკვლელობის მცდელობისათვის და მისჯილი აქვს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა. ¹6 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სასჯელს იხდის 2002წ. სექტემბრიდან. სასჯელის მოხდის პერიოდში ხასიათდება უარყოფითად, როგორც სარეჟიმო მოთხოვნათა სისტემატური დამრღვევი. აღნიშნულის გამო სასჯელაღსრულების დაწესებულების დირექტორმა წარდგინებით მიმართა ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ სასამართლოს და ითხოვა, საქართველოს სსსკ-ის 612-ე მუხლის საფუძველზე, კ. თ-ს სასჯელის მოსახდელად ერთი წლის ვადით საპყრობილეში გადაყვანა. სასამართლომ ძირითადად დააკმაყოფილა წარდგინების მოთხოვნა და მსჯავრდებული კ. თ. 11 თვის ვადით გადაიყვანა საპყრობილეში.

პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ იშუამდგომლა სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულის პირადი საქმის მასალებით უდავოდ დადგენილია, რომ მსჯავრდებული კ. თ. სასჯელის მოხდის დროს სისტემატურად არღვევს სარეჟიმო მოთხოვნებს, რის გამოც არაერთხელ არის დასჯილი დისციპლინური წესით. მიუხედავად ამისა, იგი არ დაადგა გამოსწორების გზას.

სასამართლომ სრულყოფილად და კანონის დაცვით გამოიკვლია სასჯელაღსრულების დირექტორის წარდგინება და მიიღო კანონშესაბამისი დასაბუთებული დადგენილება წარდგინების დაკმაყოფილების თაობაზე.

ამდენად, მსჯავრდებულის მოთხოვნა სასამართლოს დადგენილების გაუქმების თაობაზე სრულიად უსაფუძვლოა და არ შეიძლება დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ კ. თ-ს კერძო საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდეს.

ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2003წ. 21 თებერვლის დადგენილება მსჯავრდებულ კ. თ-ს სასჯელის მოსახდელად საპყრობილის რეჟიმზე გადაყვანის შესახებ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.