საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 93-აპ 24 აპრილი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე,),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე
განიხილა მსჯავრდებულ გ. ც-ს საკასაციო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად იქნა დატოვებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის განაჩენი გ. ც-ს მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2002წ. 6 დეკემბრის განაჩენით გ. ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ და საქართველოს სსკ-ის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 2 წლით, რასაც სსკ-ის მე-60 მუხლის გამოყენებით დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან 1 წელი და საბოლოოდ მოსახდელად განესაზღვრა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 12 თებერვლის განჩინებით დატოვებულ იქნა უცვლელად.
გ. ც-ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ ჩაიდინა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გაქცევა, რაც გამოიხატა შემდეგში: გ. ც-ს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 1995წ. განაჩენით 150-ე მუხლის მესამე ნაწილითა და 17,150-ე მუხლის მესამე ნაწილით მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 4 წლით. სასჯელის მოხდისაგან იგი გათავისუფლდა 1997 წელს პრეზიდენტის შეწყალების აქტით. 1999 წელს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს მიერ გ. ც. გასამართლებულ იქნა სსკ-ის მე-100 მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 91-ე მუხლის მეორე ნაწილით და განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლით მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. გ. ც. ¹2 მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესახლებულ იქნა 2001წ. 5 მაისს.
2002წ. 26 აგვისტოს გ. და ჯ. ც-ებმა მიიღეს ალკოჰოლური სასმელი, რომელიც გ. ც-მ სხვებთან ერთად დაამზადა თავისი დაბადების დღის აღსანიშნავად. ამის შემდეგ გ. ც-მ განიზრახა თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გაქცევა. იმავე დღეს, დაახლოებით 22 საათზე, მან ისარგებლა გუშაგ ო. ხ-ს უყურადღებობით, მიუახლოვდა აკრძალული პერიმეტრის ტერიტორიას და მავთულხლართის ძირში შიშველი ხელებით დაიწყო მიწის თხრა. 15-20 წუთის შემდეგ გ. ც. გაძვრა პირველი პერიმეტრის მავთულხლართიდან და გადავიდა აკრძალულ ზონაში, საიდანაც აძვრა ძირითად კედელზე, გადახტა დაწესებულების გარე ტერიტორიაზე _ რუსთავ-გარდაბნის გზატკეცილთან ახლოს და გაემართა რუსთავის ¹1 საერთო რეჟიმის დაწესებულების მიმართულებით. დაწესებულებასთან მიახლოებისას გ. ც-მ გუშაგს დაუწყო გინება, რა დროსაც იქვე დააკავეს მეორე ჯგუფის თანამშრომლებმა და მოათავსეს რუსთავის ¹1 მკაცრი რეჟიმის საჯარიმო იზოლატორში.
საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული გ. ც. ითხოვს რა სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქებას, მიუთითებს შემდეგ მოტივებზე: იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ჰყავს მოხუცი, ავადმყოფი დედა, რომლის ერთადერთი მარჩენალიც თვითონაა; მის მიერ დანაშაულის ჩადენა გარკვეულწილად განაპირობა მძიმე ოჯახურმა გარემოებებმა.
პროკურორმა ა. ს-მა მხარი არ დაუჭირა საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და იშუამდგომლა განაჩენის უცვლელად დატოვების თაობაზე.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ გამოიკვლია რა საქმის მასალები, მოუსმინა პროკურორს, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივრის მოთხოვნას უარი უნდა ეთქვას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით უდავოდაა დადგენილი მსჯავრდებულ გ. ც-ს მიერ განაჩენით მასზე შერაცხული დანაშაულის ჩადენა, რასაც არც თავად მსჯავრდებული უარყოფს. სააპელაციო სასამართლომ გ. ც-ს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და დაადგინა კანონიერი განაჩენი.
ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ გ. ც-ს განუსაზღვრა სამართლიანი სასჯელი მის საჩივარში მითითებულ შემამსუბუქებელ გარემოებათა გათვალისწინებით და იმის მხედველობაში მიღებით, რომ მსჯავრდებული წარსულში ორჯერაა ნასამართლევი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა არ იზიარებს მსჯავრდებულ გ. ც-ს საკასაციო საჩივრის მოთხოვნას მისთვის სასჯელის შემსუბუქების თაობაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 12 თებერვლის განაჩენი გ. ც-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.