საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 05.05.2003
საქმის ნომერი
2კ-84დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
05.05.2003

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 84-დად 5 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),თ. ლალიაშვილი,დ. სულაქველიძე

განიხილა მოქალაქე მ. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 მარტის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი საჩივარი ა. ს-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ რაიონული პროკურატურის 2003წ. 2 იანვრის დადგენილების გაუქმების თაობაზე.

კერძო საკასაციო საჩივარი ითხოვს რაიონული სასამართლოს დადგენილების შეცვლას, სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის თაობაზე პროკურატურის დადგენილების გაუქმებას და საქმის აღძვრის მიზნით მასალების რაიონული პროკურორისათვის გადაცემას.

აღწერილობითი ნაწილი:

2000წ. 7 ოქტომბერს მ. კ-მ კრწანისი-მთაწმინდის შინაგან საქმეთა სამმართველოს უფროსს მიმართა განცხადებით, რომელშიც აღნიშნავდა, რომ 2000წ. 5 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის შენობაში პარლამენტარ ს. ს-ს შვილმა ა. ს-მ მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით. მეორე დღეს ქუჩაში მას შეურაცხყოფა მიაყენეს ა. ს-ს მეგობრებმა. აღნიშნულის გამო ითხოვა ა. ს-ს ქმედებაზე მოკვლევის ჩატარება და კანონით გათვალისწინებული ღონისძიების გატარება.

2000წ. 8 ნოემბერს კრწანისი-მთაწმინდის შინაგან საქმეთა სამმართველოს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის განყოფილების უფროსის მოადგილემ გამოიტანა დადგენილება დანაშაულის შემთხვევის არარსებობის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.

აღნიშნული დადგენილება მ. კ-მ გაასაჩივრა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოში. სასამართლოს 2002წ. 26 სექტემბრის დადგენილებით მოკვლევის ორგანოს დადგენილება დატოვებულ იქნა უცვლელად. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატამ დააკმაყოფილა მ. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი, შეცვალა რაიონული სასამართლოს დადგენილება, გააუქმა მოკვლევის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადასცა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ პროკურატურას.

პროკურატურაში ჩატარებული შემოწმების შემდეგ, 2003წ. 2 იანვარს, კვლავ გამოტანილ იქნა სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის დადგენილება ა. ს-ს ქმედებაში სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული დანაშაულის არარსებობის გამო.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონულმა სასამართლომ 2003წ. 19 მარტის დადგენილებით არ დააკმაყოფილა მ. კ-ს საჩივარი პროკურატურის ზემოაღნიშნული დადგენილების გაუქმების თაობაზე.

მ. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ სასამართლოს დადგენილება არის დაუსაბუთებელი და უკანონო. მოსამართლემ არასწორი განმარტებები მისცა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცალკეულ ნორმებს და ყურადღების გარეშე დატოვა ის ფაქტი, რომ პროკურატურაში მისი განცხადება შემოწმდა არასრულყოფილად.

პალატის სხდომაზე კასატორმა ითხოვა კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება, რასაც მხარი არ დაუჭირა პროკურორმა მ. ნ-მ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა წარმოდგენილი საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ პროკურატურამ არასრულყოფილად შეამოწმა მ. კ-ს საჩივარი, არ გამოავლინა ა. ს-ს მიერ საქართველოს პარლამენტის შენობაში ხულიგნობის ჩადენის ფაქტი და საბოლოოდ მიიღო არაობიექტური დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. პროკურატურის მიერ ჩატარებული შემოწმებით სრულყოფილად არის დადგენილი ის გარემოება, რომ ა. ს-ს ქმედება მ. კ-ს მიმართ არ ატარებდა ხულიგნურ ხასიათს, კამათს არ გამოუწვევია საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და თანამშრომელთა მოცდენა, მიმართული არ იყო საზოგადოებისადმი უპატივცემულობისაკენ და არ ატარებდა ძალადობრივ ხასიათს. ამას ადასტურებს არა მარტო ყველა გამოკითხული პირი, არამედ, პირველ რიგში, თვით მ. კ-ს განმარტება, რომელიც ვერ უთითებს წესრიგის დარღვევას, საზოგადოებისადმი უპატივცემულობას ან ხულიგნობისათვის დამახასიათებელ სხვა გარემოებებზე. მოკვლეულ მასალებს პროკურატურამ მისცა სწორი სამართლებრივი შეფასება და მიიღო დასაბუთებული დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ. გამომდინარე აქედან, რაიონული სასამართლოს დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. კ-ს საჩივარი პროკურატურის დადგენილების გაუქმების თაობაზე, სავსებით დასაბუთებული და კანონიერია, რის გამოც ის უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მ. კ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2003წ. 19 მარტის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. კ-ს საჩივარი სისხლის სამართლის საქმის არაღძვრის შესახებ პროკურატურის 2003წ. 2 იანვრის დადგენილების გაუქმებაზე უარის თქმის თაობაზე, დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.