საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 88-აპ 13 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),ი. ბიბილაშვილი,მ. გოგელია
განიხილა მსჯავრდებულ რ. დ-ს საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 თებერვლის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის განაჩენი მის მიმართ.
აღწერილობითი ნაწილი:
ხარაგაულის რაიონული სასამართლოს 2002წ. 21 ივნისის განაჩენით რ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა”, “გ” ქვეპუნქტებით განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 თებერვლის განაჩენით ხარაგაულის რაიონული სასამართლოს განაჩენი რ. დ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.
რ. დ-ს მსჯავრი დაედო მასში, რომ ის 1992წ. 2 ნოემბერს გ. ბ-სთან, ე. ბ-სთან, მ. ჭ-სა და კ. მ-თან ერთად ყაჩაღურად თავს დაესხა ხარაგაულის რაიონის სოფ. …ში მცხოვრებ ც. და ა. ტ-ების ოჯახს, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით გაიტაცეს სხვადასხვა სახის, 5 მილიონი რუსული რუბლის ღირებულების ნივთი.
საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული რ. დ. ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის წარმოების შეწყვეტას. საჩივარში იგი მიუთითებს, რომ მას დანაშაული არ ჩაუდენია. განაჩენი ემყარება დაზარალებულის და თ. კ-ს, ე. ბ-ის, მ. ჭ-ს არასწორ ჩვენებებს.
საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებულის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა შ. ო-მ საკასაციო საჩივარს მხარი დაუჭირა და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება. ადვოკატმა აღნიშნა, რომ საქმეში არ მოიპოვება უტყუარი მტკიცებები რ. დ-ს ბრალის დასადასტურებლად. სასამართლო გამოძიება ჩატარდა ცალმხრივად, არ დაკითხულან ამავე საქმეზე მსჯავრდებული პირები, რომლებმაც უარყვეს მსჯავრდებულის მონაწილეობა დანაშაულში. ადვოკატმა მოითხოვა განაჩენის გაუქმება და რ. დ-ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა.
სახელმწიფო ბრალმდებლის მხარდამჭერმა პროკურორმა ე. ქ-მ საკასაციო საჩივარს მხარი არ დაუჭირა და რ. დ-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულად მიიჩნია. ამასთან ერთად მოითხოვა სასჯელის შემსუბუქება 4 წლამდე იმის გათვალისწინებით, რომ დანაშაულის ჩადენის დღიდან გავიდა დიდი დრო _ 10 წელი, მსჯავრდებული ნასამართლევი არ არის, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. ე. ქ-მ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ ანალოგიური მოთხოვნა ჰქონდა სააპელაციო სასამართლოში მონაწილე სახელმწიფო ბრალმდებელსაც, რასაც დაეთანხმა დაზარალებულის კანონიერი წარმომადგენელიც.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ განიხილა რა საქმის მასალები, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეების პოზიცია, თვლის, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 თებერვლის განაჩენი რ. დ-ს მიმართ უნდა შეიცვალოს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობით, ამავე საქმეზე მსჯავრდებულების: ე. ბ-ს, მ. ჭ-ს წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ჩვენებებით რ. დ-ს მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა დადასტურებულია და მას სწორი სამართლებრივი შეფასება აქვს მიცემული. ამდენად, უსაფუძვლოა საკასაციო საჩივრის მოტივები განაჩენის გაუქმებისა და რ. დ-ს მიმართ საქმის წარმოებით შეწყვეტის შესახებ.
ამასთან ერთად საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას, კერძოდ იმას, რომ რ. დ. წარსულში ნასამართლევი არ არის, მას დაპატიმრებამდე კანონსაწინააღმდეგო ქმედება აღარ ჩაუდენია, პირიქით, შექმნა ოჯახი და კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, სოფლის საკრებულოს დადებით დახასიათებას, ბრალის ხარისხს _ სხვა მსჯავრდებულებთან შედარებით პასიურ როლს ჩადენილ დანაშაულში, სახელმწიფო ბრალმდებლის მოთხოვნას მის მიმართ სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელის შემსუბუქებაზე, დაზარალებულის კანონიერი წარმომადგენლის განცხადებას _ ზარალის ანაზღაურების გამო მსჯავრდებულზე შეღავათების გავრცელების შესახებ, ასევე, იმ გარემოებებს, რომ დანაშაულის ჩადენიდან გასულია საკმაოდ დიდი დრო, თვლის, რომ მსჯავრდებულ რ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით სასჯელი უნდა გაუნახევრდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით, 568-ე მუხლით, პალატამ
დ ა ა დ გ ი ნ ა :
საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 თებერვლის განაჩენი შეიცვალოს იმ მიმართებით, რომ რ. დ-ს საქართველოს სსკ-ის 55-ე მუხლის გამოყენებით მოსახდელად განესაზღვროს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა.
დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.
პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.