საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 13.05.2003
საქმის ნომერი
2კ-89აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
13.05.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 89-აპ 13 მაისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,დ. სულაქველიძე

განიხილა მსჯავრდებულ ი. ო-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ დ. ხ-ის საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 მარტის განაჩენზე, რომლითაც თბილისის ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 მარტის განაჩენი ი. ო-ს მიმართ შეიცვალა სასჯელის ნაწილში.

აღწერილობითი ნაწილი:

ისანი-სამგორის რაიონული სასამართლოს 2002წ. 11 მარტის განაჩენით ი. ო. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით და მიესაჯა 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

აღნიშნულ განაჩენში თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 მარტის განაჩენით ცვლილება შევიდა სასჯელის ნაწილში: დანიშნული სასჯელის _ 11 წლის ნაცვლად, ი. ო-ს განესაზღვრა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანარჩენ ნაწილში განაჩენი დარჩა უცვლელად.

განაჩენით ი. ო-ს მსჯავრი დაედო შემდეგში: 2002წ. 29 ოქტომბერს, დაახლოებით 24 საათზე, თავის საცხოვრებელ ბინაში მთვრალ ი. ო-ს ჩხუბი მოუვიდა ალ. ა-თან, რა დროსაც მათ ერთმანეთს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ი. ო. მიხვდა, რომ ა. ა. მასზე ძლიერი იყო და ბოთლი ჩაარტყა თავში, შემდეგ კი სამზარეულოს დანით მიაყენა მრავლობითი დაზიანება _ სულ 28 დაზიანება სხეულის სხვადასხვა ორგანოში. კერძოდ, ორი შემავალი ჭრილობა გულმკერდის ღრუში, მარცხენა ფილტვის მფარავი პლევრის, კედლის ამყოლი პლევრის, ნეკნის შუა კუნთის, კუნთოვანი და ცხიმოვანი ქსოვილის დაზიანებით, ორი ღრმა ჭრილობა კისრის მარცხენა ნახევარში, საძილე არტერიის საუღლე ვენის, კისრის ზერელე და ღრმა კუნთების დაზიანებით. მათგან ოთხი ჭრილობა მიეკუთვნება ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, რომლებიც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშია. მიღებული დაზიანების შედეგად ა. ა. ადგილზევე გარდაიცვალა, ი. ო. კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საკასაციო საჩივარში მსჯავრდებულ ი. ო-ს ადვოკატი დ. ხ. უთითებს, რომ განაჩენში ჩამოყალიბებული დასკვნები არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან, იგი შეუსაბამობაშია მტკიცებულებებთან, რის გამოც უკანონოა. ადვოკატი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ი. ო-ს არ ჰქონია ა. ა-ს მოკვლის განზრახვა. იგი თავდაპირველად იმყოფებოდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, შემდეგ კი გადააცილა აუცილებელი მოგერიების ფარგლებს. ამდენად, მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს არა როგორც განზრახ მკვლელობა, არამედ _ როგორც მკვლელობა ჩადენილი აუცილებელი მოგერიების ფარგლების გადამეტებით.

იგივეს უთითებს თავის საკასაციო საჩივარში მჯავრდებული ი. ო-ც. იგი აღნიშნავს, რომ ა. ა-ს არამართლზომიერმა აგრესიამ აიძულა, მიეღო ზომები საკუთარი თავის დასაცავად, მაგრამ შემდეგ აუცილებელი მოგერიების ფარგლებს გადაამეტა.

საკასაციო პალატის სხდომაზე მსჯავრდებული ი. ო. და მისი ინტერესების დამცველი, ადვოკატი დ. ხ. მხარს უჭერენ საკასაციო საჩივრებს.

პროკურორი ე. ქ.ითხოვს განაჩენის უცვლელად დატოვებას.

სამოტივაციო ნაწილი:

გამოიკვლია რა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრების მოტივთა საფუძვლიანობა, მოუსმინა მხარეებს, პალატამ მიიჩნია, რომ განაჩენი მოცემულ საქმეზე კანონიერია და იგი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემობათა გამო:

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ი. ო. საქმის წარმოების სხვადასხვა სტადიაზე იძლეოდა განსხვავებულ ჩვენებებს. წინასწარ გამოძიებაში იგი უთითებდა, რომ ა. ა-ს მკვლელობა ჩაიდინა ნ. კ-მ. რაიონულ სასამართლოში მან აღიარა დანაშაულის ჩადენა, მოტივად კი დაასახელა ის, რომ ა. ა-მა შეურაცხმყოფელი გამოთქმები იხმარა ნ. კ-ს მიმართ. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას ი. ო-მ ა. ა-ს მკვლელობის მიზეზად დაასახელა ა. ა-ს მიერ ვალის დაუბრუნებლობა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ როგორც რაიონულმა, ასევე სააპელაციო სასამართლოებმა სწორად დასდეს ი. ო-ს მსჯავრი სსკ-ის 108-ე მუხლით. სააპელაციო პალატის განაჩენში სათანადოდაა დასაბუთებული და შეფასებული საქმეზე დაკითხულ მოწმეთა ჩვენებები, რის საფუძველზეც სწორადაა უარყოფილი ი. ო-ს ვერსია იმის თაობაზე, რომ მას არ ჰქონია ა. ა-ს მოკვლის განზრახვა.

სააპელაციო პალატამ განაჩენს ერთ-ერთ საფუძვლად დაუდო შემთხვევის დროს ბინაში მყოფი მოწმის _ ნ. კ-ს ჩვენებები, რომელთა შინაარსიდან გამომდინარე, საქმის სხვა მასალებთან ერთობლიობაში, სწორად დააკვალიფიცირა ი. ო-ს ქმედება განზრახ მკვლელობად.

განაჩენში სათანადოდაა შეფასებული აგრეთვე მოწმეების: ნ. ო-ს, ჟ. ო-ს, ე. ლ-ს, ხ. ბ-ს ჩვენებები და ისინი სწორად არის მიჩნეული გამამტყუნებელი განაჩენის ერთ-ერთ საფუძვლად. მათი ჩვენებების ანალიზის შედეგად სააპელაციო სასამართლომ კანონიერად და დასაბუთებულად უარყო ი. ო-ს ჩვენებები და სწორად მიუთითა, რომ ისინი მოგონილია პასუხისმგებლობის თავიდან დაღწევის მიზნით.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო პალატამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც მსჯავრდებულ ი. ო-ს შეუმსუბუქა დანიშნული სასჯელი 1 წლით.

საკასაციო პალატა ეთანხმება განაჩენს, რომ ი. ო-ს პიროვნული მახასიათებლების გათვალისწინებით შესაძლებელი იყო მისთვის სასჯელის შემცირება _ ნაცვლად 11 წლისა მას სწორად შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა 10 წლით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას განაჩენი მოცემულ საქმეზე როგორც კვალიფიკაციის, ასევე სასჯელის ნაწილში მიაჩნია სწორად და ტოვებს მას უცვლელად, საკასაციო საჩივრებს კი არ იზიარებს უსაფუძვლობის გამო.

სარეზოლუციო ნაწილი:

იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით, პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 5 მარტის განაჩენი ი. ო-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.