საჩივარი არ დაკმაყოფილდა
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 63-კოლ 13 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: დ. სულაქველიძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,თ. ლალიაშვილი
განიხილა მსჯავრდებულების _ ლ. და ლ. ჩ-ების საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წ. 4 აპრილის განაჩენზე.
აღწერილობითი ნაწილი:
ლე. და ლა. ჩ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სამართლო კოლეგიის 2003 წ. 4 აპრილის განაჩენით მსჯავრდებულნი არიან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის _ ბინაში უკანონო შეღწევით ყაჩაღობის ჯგუფურად ჩადენის გამო, რისთვისაც სასჯელის ზომად განესაზღვრათ: ლე. ჩ-ს _ თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, ხოლო ლა. ჩ-ს _ თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით, სასჯელის მკაცრი რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.
განაჩენის მიხედვით ლე. და ლა. ჩ-ების მიერ ჩადენილი დანაშაული გამოიხატა შემდეგში:
ძმები _ ლე. და ლა. ჩ-ები ცხოვრობდნენ ქ. თბილისში. 2001 წ. თებერვლიდან ისინი საცხოვრებლად გადავიდნენ ოზურგეთის რაიონის სოფ. …ში. იმავე წლის მაისის ბოლოს გაიცნეს მიმალვაში მყოფი, სოფ. ..ში მცხოვრები მ. ს., რომელსაც მანამდე _ 2000 წ. 27 ნოემბერს ჩადენილი ჰქონდა კ. ჩ-ს განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში და იძებნებოდა.
2001 წ. ივნისის ბოლო რიცხვებში ლე. და ლა. ჩ-ები მ. ს-სთან ერთად იმყოფებოდნენ ოზურგეთის რაიონის სოფ. ..ში მცხოვრებ ზ. გ-ს ოჯახში, სადაც ლ. ნ-სგან შეიტყვეს, რომ თვის ბოლოს თურქეთიდან უნდა ჩამოსულიყო სოფ. ..ში მცხოვრები რ. ჭ., რომელსაც გარკვეული თანხა უნდა ჩამოეტანა. 2001 წ. 5 ივლისს ლ. ნ-მ მათ აცნობა, რომ რ. ჭ. თურქეთიდან და რომელიც იმყოფებოდა თავისი ძმის _ ჯ. ჭ-ს ოჯახში.
ლე. და ლა. ჩ-ებმა დაამზადეს ნიღბები, შეიარაღდნენ დანებით და, მ. ს-სთან ერთად, რომელსაც ხელთ ჰქონდა ლითონის მილი, 2001 წ. 6 ივლისს, ღამით, დაახლოებით 2 საათზე, თავს დაესხნენ თავისი საცხოვრებელი სახლის აივანზე მძინარე ჯ. ჭ-ს და შეუკრეს ხელ-ფეხი, რის შემდეგაც უკანონოდ შეაღწიეს ბინაში, სადაც დახვდათ ბავშვი, აგრეთვე ორი ქალი _ რ. ჭ. და გ. კ.. თავდამსხმელებმა დანების მუქარით ქალებს მოსთხოვეს ფული, რა დროსაც რ. ჭ-ს მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მათ დაზარალებულებს წართვეს 1000 ლარი, 210 აშშ დოლარი, 20 ლარად ღირებული მაჯის საათი, რაც ურთიერთშორის გაინაწილეს და მიიმალნენ.
აღნიშნული განაჩენის თაობაზე მსჯავრდებულებმა _ ლე. და ლა. ჩ-ებმა საკასაციო საჩივრით მიმართეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, რომლითაც ითხოვენ მის გაუქმებას და მათ მიმართ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტას იმ მოტივით, რომ არ ჩაუდენიათ მათთვის განაჩენით ბრალად შერაცხული დანაშაული.
საკასაციო განხილვისას მსჯავრდებულების _ ლე. და ლა. ჩ-ების ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ნ. მ-მ მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება.
ვინაიდან საკასაციო საჩივრის განხილვისას მსჯელობა იყო ლე. და ლა. ჩ-ების მიერ იმავე განაჩენით მსჯავრდებულ მ. ს-სთან ერთად ჩადენილი დანაშაულის თაობაზე, საქმის განხილვაში მონაწილეობის მისაღებად დაშვებულ იქნა აგრეთვე მ. ს-ს ინტერესების დამცველი, ადვოკატი ა. ჩ., რომელმაც მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ამასთანავე მოითხოვა სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტა მ. ს-ს მიმართაც იმ მოტივით, რომ მას არ ჩაუდენია განაჩენით მისთვის ბრალად Dშერაცხული ქმედებები.
პროცესში მონაწილე პროკურორი ბ. გ. მხარს არ უჭერს საკასაციო საჩივარს და ითხოვს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წ. 4 აპრილის განაჩენის უცვლელად დატოვებას.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ, მოუსმინა რა მხარეებს და შეისწავლა საქმის მასალები, მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
წინასწარი გამოძიების ეტაპზე სისხლის სამართლის საქმის წარმოებისას მიცემულ თავიანთ ჩვენებებში ლე. და ლა. ჩ-ები დეტალურად აღწერენ მათ მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს: თუU როდის, სად, რა ვითარებაში და ვისი ინფორმაციის საფუძველზე განახორცილეს მათ ყაჩაღური თავდასხმა ჭ-ების ოჯახზე, როგორ ამზადებდნენ ამ დანაშაულს და რა როლი შეასრულა თითოეულმა მათგანმა ყაჩაღობის ჩადენაში, შემთხვევის ადგილს და სხვა ისეთ დეტალებს, რაც სხვა პირს არ შეეძლო მათთვის ეკარნახა ჩვენებების მიცემისას.
ამავე დროს მათ ჩვენებებში წარმოდგენილი გარემოებების ნამდვილობა დასტურდება დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, საიდანაც დგინდება, რა ვითარებაში დაგეგმეს მსჯავრდებულებმა აღნიშნული დანაშაულის ჩადენა, რა საშუალებებით განახორციელეს რა ნიშნებით შეძლეს დაზარალებულებმა დანაშაულში მონაწილე პირების შეცნობა. მითითებული და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები ერთობლიობაში ქმნიან დამაჯერებელ და დასაბუთებულ საფუძველს დასკვნებისათვის მსჯავრდებულთა ბრალეულობის თაობაზე, ასევე როგორც წინასწარი გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის ობიექტურობაზე.
პალატამ სარევიზიო წესით განაჩენი გადაამოწმა მსჯავრდებულ მ. ს-ს მიმართაც, მაგრამ არ აღმოჩნდა საფუძველი წარდგენილი ბრალდების მიხედვით მის ბრალეულობაში ეჭვის შესატანად, რის გამოც მის მიმართ განაჩენი ვერ გადაისინჯება, რადგან იგი არის კანონიერი და სამართლიანი.
აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, პალატას მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წ. 8 აპრილის განაჩენი მსჯავრდებულთა მიმართ უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ, იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
მსჯავრდებულების – ლე. და ლა. ჩ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2003 წ. 4 აპრილის განაჩენი მჯავრდებულების – ლე. და ლა. ჩ-ების მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.