დატოვებულია უცვლელად
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 117-კოლ 24 დეკემბერი, 2002 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ტურავა (თავმჯდომარე),გ. ბორჩხაძე,მ. გოგელია
განიხილა დაზარალებულ ი. ა-ს საკასაციო საჩივარი საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 11 ნოემბრის განაჩენზე, რომლითაც მ. ხ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. მასვე დაზარალებულ ი. ა-ს სასარგებლოდ დაეკისრა 5240 ლარის გადახდა. სამოქალაქო სარჩელი მორალური ზიანის ნაწილში დატოვებულ იქნა განუხილველად.
მ. ხ. სასჯელს იხდის 2001წ. 2 აგვისტოდან.
საკასაციო საჩივარი ითხოვს განაჩენის გაუქმებას და საქმის გადაცემას ხელახალი სასამართლო განხილვისათვის.
აღწერილობითი ნაწილი:
საბრალდებო დასკვნით მ. ხ-ს ბრალი ედებოდა მასში, რომ მუშაობდა რა ჩოხატაურის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაში უბნის ინსპექტორად, პოლიციის უფროსის ბრძანებით 2001წ. 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე მივლინებულ იქნა კურორტ ბახმაროში სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად. მასზე გაპიროვნებული იყო სამსახურებრივი სარგებლობის ,,მაკაროვის” სისტემის ტაბელური ცეცხლსასროლი იარაღი. 2001წ. 2 აგვისტოს, დაახლოებით 23 საათსა და 30 წუთზე, პოლიციის თანამშრომელ ზ. უ-სთან ერთად ლიმონათის შესაძენად შევიდა კურორტის ტერიტორიაზე მდებარე ბ. ბ-ს მაღაზიაში. მაღაზიაში შესვლის შემდეგ გ. ხ-მ ყოველგვარი საბაბის გარეშე ამოიღო მასზე გაპიროვნებული პისტოლეტი, დაუმიზნა ბ. ბ-ს და გაისროლა, რის შედეგადაც თავის არეში მიღებული დაზიანებით ბ. ბ. იქვე გარდაიცვალა. ზემოაღნიშნული ქმედება გამოძიების მიერ დაკვალიფიცირებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის “კ” პუნქტით, ანუ განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით.
საქმის სასამართლო განხილვის დროს სახელმწიფო ბრალმდებელმა მხარი არ დაუჭირა აღნიშნულ ბრალდებას და ითხოვა მ. ხ-ის დასჯა საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.
სასამართლო კოლეგიამ დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა და დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ. ხ-მ ბ. ბ-ს სიცოცხლის მოსპობა ჩაიდინა ცეცხლსასროლ იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობით.
დაზარალებულის საკასაციო საჩივარი მიიჩნევს, რომ სასამართლო კოლეგიამ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებანი, სათანადო ანალიზი არ გაუკეთა მოწმეთა ჩვენებებს, არ დაკითხა ყველა ის მოწმე, რომელთა ჩვენებას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მ. ხ-ს ქმედების სწორი სამართლებრივი შეფასებისათვის, არ გაითვალისწინა მსჯავრდებულის ჩვენებებში არსებული წინააღმდეგობანი, უსაფუძვლოდ დატოვა განუხილველად სასარჩელო მოთხოვნა მორალური ზიანის ნაწილში და დაადგინა უკანონო განაჩენი როგორც სასჯელის განსაზღვრის, ასევე ქმედების იურიდიული კვალიფიკაციის შეფასებისას.
პალატის სხდომაზე ადვოკატმა ე. მ-მა და დაზარალებულმა ი. ა-მ ითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
მსჯავრდებულმა მ. ხ-მ და პროკურორმა გ. მ-მ ითხოეს განაჩენის უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ მოუსმინა მხარეებს, შეისწავლა საქმის მასალები, გააანალიზა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სასამართლო კოლეგიის მიერ საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება გამოკვლეულია სრულყოფილად და ობიექტურად. გამოკვლეულ მტკიცებულებებსა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებს მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება. სასჯელის ღონისძიება განსაზღვრულია სამართლიანად. ყოველივე ამის გამო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივრის იმ მოსაზრებებს, რომ საქმის სასამართლო განხილვა ჩატარდა არასრულყოფილად, ხოლო დადგენილი განაჩენი არაობიექტური და უკანონოა.
საკასაციო საჩივარი სასამართლო გამოკვლევას არასრულყოფილად თვლის მხოლოდ იმის გამო, რომ არ იქნა შესრულებული დაზარალებული მხარის მოთხოვნა განსასჯელის ცოლის ძმის დაკითხვის თაობაზე. პალატას მიაჩნია, რომ მითითებული პირის დაკითხვის გარეშეც სრულყოფილად არის გამოკვლეული საქმის ფაქტობრივი გარემოებანი და ამ ერთი პირის დაუკითხაობის რაიმე ზეგავლენა არ მოუხდენია ჭეშმარიტების დადგენასა და მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი ქმედების სამართლებრივი შეფასების ობიექტურობაზე.
ასევე უსაფუძვლოა განაჩენის უკანონობის თაობაზე საკასაციო საჩივარში მითითებული ყველა სხვა მოსაზრება.
რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვებას, პალატა თვლის, რომ ამით დაზარალებული მხარის ინტერესები არ შელახულა და მას სრული შესაძლებლობა აქვს, სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტებისა და დასაბუთების შემდეგ ზიანის ანაზღაურება ეძიოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ამრიგად, პალატა თვლის, რომ დაზარალებული მხარის საკასაციო საჩივარი მოცემულ საქმეზე უსაფუძვლოა, რის გამოც მისი მოთხოვნა არ შეიძლება დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 568-ე და 571-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სასამართლო კოლეგიის 2002წ. 11 ნოემბრის განაჩენი მ. ხ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.
განჩინება საბოლოოა და მისი გადასინჯვა დაიშვება მხოლოდ ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოების შემთხვევაში.