საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 19.06.2003
საქმის ნომერი
2კ-112დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
19.06.2003

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 112-დად 19 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: ნ. გვენეტაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ხ. ფ-ს კერძო საკასაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003 წ. 15 აპრილის დადგენილებაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

აბაშის რაიონის სასამართლოს 1995 წ. 2 მაისის განაჩენით ხ. ფ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით და მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის კოლონიაში მოხდით.

ხ. ფ.ე სასჯელს იხდის 1995 წ. 6 ოქტომბრიდან, სასჯელის მოხდას იგი დაასრულებს 2005 წ. 6 ოქტომბერს.

მსჯავრდებულმა ხ. ფ-მ განცხადებით მიმართა წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ, რაც არ დაკმაყოფილდა.

კერძო საკასაციო საჩივრით მსჯავრდებული ხ. ფ. ითხოვს წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003 წ. 15 აპრილის დადგენილების გაუქმებას და საჩივრის დაკმაყოფილებას.

საკასაციო პალატის სხდომაზე პროკურორმა ო. რ-მ მხარი არ დაუჭირა საჩივრის მოთხოვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატა გაეცნო რა საქმის მასალებს, შეამოწმა საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, თვლის, რომ საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

მსჯავრდებულ ხ. ფ-ს ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაული, კერძოდ, საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლით (1960 წ.) გათვალისწინებული დანაშაული _ განზრახ მკვლელობა. ამასთან, მსჯავრდებულს ამჟამად მოსახდელად დარჩენილი აქვს სასჯელის საკმაოდ დიდი ნაწილი _ 2 წელი, 3 თვე და 20 დღე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს დადგენილება ამ ეტაპზე ხ. ფ-ს სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ კანონიერია და არ არსებობს კერძო საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 562-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

მსჯავრდებულ ხ. ფ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003 წ. 19 აპრილის დადგენილება ხ. ფოფხაძის მიმართ დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.