საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 24.06.2003
საქმის ნომერი
2კ-120აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
24.06.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 120-აპ 24 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. ისაევი,მ. გოგელია

განიხილა დაზარალებულ ი. ს-ს საკასაციო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 13 მარტის განაჩენზე, რომლითაც უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წ. 5 თებერვლის განაჩენი ჯ. ჯ-ს მიმართ.

სამოტივაციო ნაწილი:

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2003 წ. 5 თებერვლის განაჩენით ჯ. ჯ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით და Aშეეფარდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით შეეცვალა პირობით, ერთი წლის გამოსაცდელი ვადით.

განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა დაზარალებულმა ი. ს-მ. სააპელაციო პალატის 2003 წ. 13 მარტის განაჩენით ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენი ჯ. ჯ-ს მიმართ დარჩა უცვლელად.

განაჩენით ჯ. ჯ-ს მსჯავრი დაედო იმაში, რომ მან განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება მიაყენა დაზარალებულ ი. ს-ს, კერძოდ: 2002 წ. 30 ოქტომბერს ჯ. ჯ. იმყოფებოდა რა სტუმრად ქ. ბათუმში, ურთიერთშელაპარაკების დროს ხელი გაარტყა საკუთარ ბინაში მცხოვრებ ი. ს-ს, რითაც მიაყენა განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება _ სახის მიდამოს დაჟეჟილობა, თავის ტვინის შერყევა, მარცხენა ყურში სმენის დაქვეითება 3,3 ბალით ტრავმასთან დაკავშირებით, რასაც შედეგად მოჰყვა ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა სამ კვირაზე მეტი ვადით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით დაზარალებული ი. ს. ითხოვს რა განაჩენის გაუქმებას ჯ. ჯ-ს მიმართ შეფარდებული სასჯელის აშკარად ლმობიერების გამო, მიუთითებს შემდეგ მოტივებზე: დანაშაული ჩაიდინა ჯგუფმა, ამიტომ ჯ. ჯ-ს ქმედება წინასწარ გამოძიებას და სასამართლოს უნდა დაეკვალიფიცირებინათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით. ამასთან, სასამართლოს მხედველობაში უნდა მიეღო ის გარემოება, რომ ჯ. ჯ. არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს და არ იმსახურებდა პირობითი სასჯელის შეფარდებას.

პალატის სხდომაზე დაზარალებულის ინტერესების წარმომადგენელმა, ადვოკატმა ნ. ა-მ ცვლილებით დაუჭირა მხარი საკასაციო საჩივრის მოთხოვნას. მან იშუამდგომლა განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ, რათა ჯ. ჯ-ს ქმედება დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 118-ე მუხლის მეორე ნაწილით, ასევე გადაწყდეს სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს დაზარალებულ ი. ს-ს ცემასა და სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებაში.

დაზარალებული ი. ს. დაეთანხმა ადვოკატ ნ. ა-ს მოთხოვნას. მან იშუამდგომლა განაჩენის გაუქმებისა და საქმის დამატებით გამოძიებაში დაბრუნების შესახებ

მსჯავრდებულ ჯ. ჯ-ის ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა თ. გ-მა ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები, კანონიერად მიიჩნია ჯ. ჯ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

პროკურორმა ბ. გ-მ კანონიერად მიიჩნია ჯ. ჯ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრებები და თვლის, რომ მოცემულ საქმეზე ჯ. ჯ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი არის კანონიერი და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი შემდეგ გარემოებათა გამო: მსჯავრდებულ ჯ. ჯ-ს მიერ ჩადენილი დანაშაული დადგენილია, როგორც დაზარალებულ ი. ს-ს მიერ მიცემული ჩვენებებით, ასევე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული ერთობლივი მამხილებელი მასალებით.

პალატა ვერ გაიზიარებს დაზარალებულ ი. ს-ს საკასაციო საჩივრის მითითებას იმის შესახებ, რომ თითქოს მას სხეულის დაზიანება მიაყენა პირთა ჯგუფმა. მისი ასეთი მითითება არ გამომდინარეობს საქმის მასალებიდან და ეწინააღმდეგება წინასწარი და სასამართლო გამოძიებითY დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს.

პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულ ჯ. ჯ-ს ქმედებას მიცემული აქვს სწორი სამართლებრივი შეფასება და სავსებით კანონიერადაა დაკვალიფიცირებული საქართველოს სსკ-ის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით.

სასამართლომ სასჯელის განსაზღვრისას მხედვლობაში მიიღო ის გარემოება, რომ მსჯავრდებული ჯ. ჯ. პირველადაა სამართალში, მისი წარსული არაფრით არის შებღალული, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და არასრულწლოვანი შვილები, პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია. აღნიშნულ გრემოებათა გათვალისწინებით, ჯ. ჯ-ს მიმართ სსკ-ის 63-54 მუხლების გამოყენება და შეფარდებული სასჯელი _ პირობით სათანადო გამოსაცდელი ვადის დაწესებით კანონიერია.

აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა თვლის, რომ არ არსებობს კანონიერი საფუძველი დაზარალებულის საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართგველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 5 თებერვლის განაჩენი ჯ. ჯ-ს მიმართ დარჩეს უცვლელად.

პალატის განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.