საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 26.06.2003
საქმის ნომერი
2კ-125დად.-03
დავის ტიპი
კერძო საჩივარი
თარიღი
26.06.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 125-დად 26 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),მ. ისაევი,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ შ. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წ. 19 მაისის დადგენილებაზე, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულის ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. დ-ს შუამდგომლობა განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე.

აღწერილობითი ნაწილი:

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002 წ. 31 იანვრის განაჩენით შ. ბ. ნასამართლევი (1961 წელს მსჯავრდებულ იქნა სსკ-ის 150-ე მუხლის II ნაწილით და შეეფარდა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა; 1962 წელს _ სსკ-ის 91-ე მუხლის II, III ნაწილებით და მიესაჯა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა; 1979 წელს _ სსკ-ის 238-ე მუხლის I ნაწილით და შეეფარდა 4 წლით Yთავისუფლების აღკვეთა, 1986 წელს _ სსკ-ის 238-ე მუხლის I ნაწილით და შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1996 წ. 28 თებერვალს გარდაბნის რაიონის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ იქნა საქართველოს სსკ-ის 150-ე მუხლის III ნაწილით და შეეფარდა 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, 1999 წ. 1 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით შეწყალებულ იქნა და დარჩენილი 3 წელი და 6 თვე შეეცვალა პირობით გამოსაცდელი ვადით), ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის I, II, III ნაწილებით და შეეფარდა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით.

შ. ბ. სასჯელს იხდის რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

2002 წ. 29 იანვარს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტმა განიხილა შ. ბ-ს სამედიცინო დოკუმენტაცია და დაუდგინა შემდეგი დიაგნოზი: კარდიოფრაგმული თიაქარი, ეზოფაგობრონქიალური ფისტულა, მეგაკოლინი, მეგარიგმა, შეხორცებული პროცესი მუცლის ღრუში, ქრონიკული კოლიტი, გულის იშემიური დაავადება, ათეროსკლეროზული კარდიოსკლეროზი, მარცხენა თირკმლის პოლიკისტოზი. აღნიშნული დიაგნოზის საფუძველზე და მსჯავრდებულის ასაკის მხედველობაში მიღებით (იგი 65 წლისაა) მისი ინტერესების დამცველმა, ადვოკატმა ც. დ-მ რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით შ. ბ-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევისა და მძიმე ავადმყოფობების დადგენის მიზნით სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების შესახებ და დადებითი პასუხის შემთხვევაში შ. ბ-სათვის სასჯელის მოხდის გადავადება მის გამოჯანმრთელებამდე.

აღნიშნული შუამდგომლობა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წ. 19 მაისის დადგენილებით არ დაკმაყოფილდა იმ მოტივით, რომ შუამდგომლობა საპროცესო ნორმების დარღვევით იქნა წარდგენილი რუსთავის საქალაქო სასამართლოში. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ ადვოკატმა არასწორად მიმართა მას სსსკ-ის 607-ე მუხლის საფუძველზე ამ შუამდგომლობით, ვინაიდან სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ განაჩენის გამოტანისას ან მხოლოდ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევისას განაჩენის გამომტანი სასამართლოს მიერ.

შ. ბ. კერძო საკასაციო საჩივრით მიიჩნევს, რომ საქალაქო სასამართლოს ეს განმარტება არ არის სწორი, ვინაიდან სსსკ-ის 607-ე მუხლი ითვალისწინებს განაჩენის აღსრულების გადავადებას მსჯავრდებულის მძიმე ავადმყოფობის გამო. შ. ბ. კერძო საკასაციო საჩივრით ითხოვს რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილების გაუქმებას და მის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლებას იმ მოტივით, რომ იგი დაავადებულია გულის იშემიური დაავადებით, რაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბრძანებებით დამტკიცებულ დაავადებათა ჩამონათვალშია მითითებული და რაც მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების საფუძველს წარმოადგენს.

პროკურორმა ო. რ-მ მხარი არ დაუჭირა კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნას და ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა პროკურორ ო. რ-ს, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სამართლებრივად სწორი დასკვნა გააკეთა იმის შესახებ, რომ შუამდგომლობა შ. ბ-ს მიმართ სასჯელის მოხდის გადავადების თაობაზე საპროცესო ნორმების დარღვევით იქნა წარდგენილი რუსთავის საქალაქო სასამართლოში. საქალაქო სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ ადვოკატმა არასწორად მიმართა რუსთავის სასამართლოს სსსკ-ის 607-ე მუხლის საფუძველზე ამ შუამდგომლობით, ვინაიდან სასჯელის მოხდის გადავადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ განაჩენის გამოტანისას ან მხოლოდ განაჩენის აღსასრულებლად მიქცევისას განაჩენის გამომტანი სასამართლოს მიერ.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ შ. ბ. ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ იქნა 2002 წ. 31 იანვარს. განაჩენი შევიდა კანონიერ ძალაში და უკვე ერთ წელზე მეტია, რაც მისი აღსრულება მიმდინარეობს. შ. ბ. სასჯელს იხდის რუსთავის ¹1 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. სსსკ-ის 607-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენის აღსრულების გადავადება ხდება იმავე განაჩენით ან განაჩენის გამოტანის შემდეგ _ განჩინებით. სსსკ-ის 616-ე მუხლის თანახმად კი განაჩენის აღსრულების გადავადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს განაჩენის გამომტანი სასამართლო განაჩენის აღსასრულებლად მიქცევისას. საქმის მასალების თანახმად განაჩენი უკვე აღსასრულებლად არის მიქცეული და მიმდინარეობს მისი აღსრულება. ამდენად, საქალაქო სასამართლომ სწორი დასკვნა გააკეთა იმის შესახებ, რომ, ვინაიდან განაჩენის აღსრულება უკვე მიმდინარეობს, მას სსსკ-ის 607-ე მუხლის საფუძველზე ამ შუამდგომლობის განხილვის უფლება არ ჰქონდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საკასაციო პალატამ 2003 წ. 13 თებერვლის განჩინებით მსჯავრდებულ რ. ა-ს საქმეზე იმსჯელა აღნიშნულ საკითხებზე და განმარტა, რომ განაჩენის აღსრულების მიმდინარეობისას შესაბამისი პირობების არსებობისას, ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან განთავისუფლების შესახებ შუამდგომლობის განხილვა დაიშვება სსსკ-ის 608-ე მუხლის საფუძველზე.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე, 623-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

შ. ბ-ს კერძო საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2003 წ. 19 მაისის დადგენილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მსჯავრდებულ შ. ბ-ს ინტერესების დამცველის, ადვოკატ ც. დ-ს შუამდგომლობა განაჩენის აღსრულების გადავადების თაობაზე, დარჩეს უცვლელად.