განჩინება შეიცვალა
გადაწყვეტილების ტექსტი
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ 128-დად 1 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: გ. ბორჩხაძე (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი
განიხილა ა. ღ-ს კერძო საკასაციო საჩივარი თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 ივნისის დადგენილებაზე, რომლითაც ა. ღ-ს უარი ეთქვა საჩივარზე და ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის შინაგან საქმეთა სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის, დ. ყ-ს, 2003 წლის 31 მარტის დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ უცვლელად იქნა დატოვებული.
აღწერილობითი ნაწილი:
2003 წლის 6 მარტს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შს სამმართველოს მეორე განყოფილებაში შესამოწმებლად და გადაწყვეტილების მისაღებად შევიდა ა. ღ-ს განცხადება.
განცხადებაში ა. ღ. მიუთითებდა, რომ 2003 წლის 17 ივნისს იგი გაათავისუფლეს სააქციო საზოგადოება “ეი-ი-ეს” თელასის შემოსავლების დეპარტამენტის ინსპექტორის თანამდებობიდან. მან სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზაღაურების მოთხოვნით სარჩელით მიმართა სასამართლოს, მაგრამ მისი სარჩელი რაიონული, საოლქო და უზენაესი სასამართლოების მიერ არ დაკმაყოფილდა.
ა. ღ-ს განცხადებით, 2000 წლის 6 ივნისის ¹რ-263 ბრძანება, რომელიც შეეხებოდა ენერგოგასაღების გაუქმებასა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ფზი-კბ-ის დარიცხვის ფუნქციების შემოსავლების განყოფილების დაქვემდებარებაში გადასვლას და 2000 წლის 22 ივნისის ¹კ-265 ბრძანება მისი (ღ-ს) ფზი-კბ-ის განყოფილების რეორგანიზაციასთან დაკავშირებით შემოსავლების დეპარტამენტში გადაყვანის შესახებ, ყალბია. ისინი შეიქმნა მხოლოდ 2003 წელს, მისი სარჩელის საოლქო სასამართლოში განხილვის დროს, ამასთან, ამ ბრძანებების არსებობის შესახებ მანამდე მისთვის ცნობილი არ ყოფილა. ასევე ყალბია ხელმოწერები ამ ბრძანებებზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ა. ღ. ითხოვდა სისხლის სამრთლის საქმის აღძვრასა და გრაფიკული ექსპერტიზის ჩატარებას.
ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შს სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსმა, გამოიკვლია რა საჩივარში მოყვანილი გარემოებები, 2003 წლის 31 მარტს გამოიტანა დადგენილება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ.
ა. ღ. არ დაეთანხმა ზემოაღნიშნულ დადგენილებას და საჩივრით მიმართა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს დადგენილების გაუქმების მოთხოვნით.
2003 წლის 3 ივნისის დადგენილებით დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა საჩივარი და უცვლელად დატოვა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შს სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის 2003 წლის 31 მარტის დადგენილება.
კერძო საკასაციო საჩივარში ა. ღ. ითხოვს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შს სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის 2003 წლის 31 მარტის დადგენილების გაუქმებასა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად საქმის მასალების პროკურატურაში გადაგზავნას.
საკასაციო პალატის სხდომაზე ა. ღ-მა მხარი დუჭირა საჩივრის მოთხოვნას.
პროკურორმა თ. შ-მ მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ კერძო საკასაციო საჩივარს და ითხოვა, როგორც, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის შს სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის 2003 წლის 31 მარტის დადგენილების, ასევე რაიონული სასამართლოს დადგენილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
პალატამ განიხილა წარმოდგენილი საქმის მასალები, მოუსმინა მხარეებს და მიიჩნია, რომ კერძო საკასაციო საჩივრის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
პალატა თვლის, რომ ა. ღ-ს განცხადების ირგვლივ ჩატარებული მოკვლევა და სასამართლო განხილვა არასრულყოფილია. არ არის გამოკვლეული განცხადებაში მითითებული ისეთი გარემოებები, რომელთა გამორკვევასაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მისაღებად, კერძოდ: არც მოკვლევისა და არც მოცემული საქმის სასამართლო განხილვის პროცესში არ გარკვეულა, იყო თუ არა რეალურად გაცემული 2000 წლის 6 ივნისს ¹რ-263 და 2000 წლის 22 ივნისს ¹კ-265 ბრძანებები, ვის მიერ და ვის ჰქონდა მათი გაცემის უფლებამოსილება, მით უფრო, რომ ჯ. ს. და ქ. რ. თავის ახსნა-განმარტებებში უთითებენ, რომ ბრძანება ჯ. ს-ს ფაქსიმილეთი, ს-ს საზღვარგარეთ ყოფნის დროს, თავისი ხელით დაამოწმა ქ. რ-მ. არ შემოწმებულა არც ა. ღ-ს განცხადებაში მითითებული გარემოებები იმის თაობაზე, რომ ¹რ-263 და ¹კ-265 ბრძანებებზე ხელმოწერები არის თუ არა შესრულებული ამ დოკუმენტებზე მითითებული პიროვნებების მიერ.
პალატა თვლის, რომ ა. ღ-ს განცხადებაში მითითებული გარემოებები უნდა შემოწმდეს სრულყოფილად და მხოლოდ ამის შემდეგ იქნეს მიღებული სამართლებრივი გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე, 568-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა :
კერძო საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2003 წლის 3 ივნისისა და დიდუბე-ჩუღურეთის შს სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის 2003 წლის 31 მარტის დადგენილებები სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე უარის თქმის შესახებ და მასალები სრულყოფილად შემოწმებისა და სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად გადაეგზავნოს ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ პროკურატურას.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.