საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 17.06.2003
საქმის ნომერი
2კ-138აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
17.06.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 138-აპ 17 ივნისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: თ. ლალიაშვილი (თავმჯდომარე),დ. სულაქველიძე,ი. ბიბილაშვილი

განიხილა თბილისის პროკურატურის და დაზარალებულ თ. თ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წ. 18 აპრილის განაჩენზე, რომლითაც ზ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 118-ე მუხლის I ნაწილით და შეეფარდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა ორი წელი.

აღწერილობითი ნაწილი:

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წ. 18 აპრილის განაჩენით ზ. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 118-ე მუხლის I ნაწილით და შეეფარდა 1 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა ორი წელი.

განაჩენით ზ. გ-ს მსჯავრი დაედო შემდეგი დანაშაულის ჩადენისათვის:

ზ. გ. 2002 წ. 10 იანვარს მეუღლესთან და შვილებთან ერთად იმყოფებოდა თავის საკუთარ საცხოვრებელ ბინაში, მდებარე თბილისში. ზ. გ. იყო მთვრალ მდგომარეობაში. მას ოჯახურ საკითხებთან დაკავშირებით, კამათი მოუვიდა მეუღლესთან, თ. თ-თან. კამათისას ზ. გ-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, კერძოდ, იგი ცემა მცირეწლოვანი შვილების თანდასწრებით, რის შედეგადაც თ. თ-მა მიიღო სხეულის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რამაც მისი ჯანმრთელობის ხანგრძლივი მოშლა გამოიწვია.

აღნიშნული განაჩენი თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2002 წ. 20 სექტემბრის განაჩენით დარჩა უცვლელი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ ზემოაღნიშნული განაჩენი ზ. გ-ს მიმართ გააუქმა და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნა იმავე სასამართლოს სააპელაციო პალატის სხვა შემადგენლობას.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 18 აპრილის განაჩენით ქ. თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონული სასამართლოს 2002 წ. 20 ივნისის განაჩენი შეიცვალა ზ. გ-ს საუარესოდ, კერძოდ: ზ. გ-ს გამოსაცდელი ვადა 1 წელი შეეცვალა 2 წლით. განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

ქ. თბილისის პროკურატურა საკასაციო საჩივრით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წ. 18 აპრილის განაჩენის გაუქმებას და საქმის დაბრუნებას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის იმ მოტივით, რომ განაჩენი არის აშკარად ლმობიერი და არ შეესაბამება ზ. გ-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ბრალის ხარისხსა და დამდგარ შედეგს.

დაზარალებული თ. თ. საკასაციო საჩივრით ასევე ითხოვს აღნიშნული განაჩენის გაუქმებასა და ზ. გ-სათვის უფრო მკაცრი სასჯელის შეფარდებას იმ მოტივით, რომ იგი არ არის გულწრფელი, არ ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, იქცევა ცინიკურად და არა აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა მიტოვებული მცირეწლოვანი შვილების მიმართ.

მსჯავრდებულის ინტერესების დამცველი, ადვოკატი ო. ფ. შესაგებლით ითხოვს თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წ. 18 აპრილის განაჩენის ძალაში დატოვებას.

მსჯავრდებული ზ. გ. ეთანხმება მისი ინტერესების დამცველის მოთხოვნას.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატამ მოუსმინა მხარეებს, პროკურორ ე. ქ-ს, დაზარალებულ თ. თ-ს, მსჯავრდებულ ზ გ-ს, მისი ინტერესების დამცველ ადვოკატ ო. ფ-ს, შეაფასა საქმეში არსებულ მასალები და მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარები არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად გამოიკვლია მსჯავრდებულ ზ. გ-ს აღიარებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის მონანიების გულწრფელობის საკითხი და სწორი დასკვნა გააკეთა იმის თაობაზე, რომ ზ. გ. გულწრფელად აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. სააპელაციო სასამართლომ სწორი შეფასება მისცა ასევე იმ გარემოებასაც, რომ მსჯავრდებულის აღიარება არ არის განპირობებული იძულებით ან რაიმე დაპირებებით. მას შეგნებული აქვს რაც ჩაიდინა, განიცდის და ინანიებს. როგორც საქმის მასალებით დადგენილია, ზ. გ-მ სისხლის სამართლის საქმის წარმოების ყველა ეტაპზე თავი დამნაშავედ სცნო და აღიარა იმ ქმედების ჩადენა, რაც მას ბრალად შეერაცხა. მან დანაშაულის ჩადენის შემდეგ თავისი მოქმედებებით ხელი შეუწყო როგორც წინასწარ, ასევე სასამართლო გამოძიებას.

სააპელაციო სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა ზ. გ-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და იმის მხედველობაში მიღებით, რომ ზ გ. წარსულში არ არის ნასამართლევი, სასჯელის ზომად შეუფარდა პირობითი მსჯავრი ორწლიანი საგამოცდო ვადით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი შესაბამისობაშია მსჯავრდებულის პიროვნებასთან და მის მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმესთან.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 561-ე მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტით, 562-ე, 568-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

თბილისის პროკურატურისა და დაზარალებულ თ. თ-ს საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს 2003 წ. 18 აპრილის განაჩენი ზ. გ-ს მიმართ დარჩეს უცვლელი.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.