საჩივარი არ დაკმაყოფილდა

სისხლის სამართლის 03.07.2003
საქმის ნომერი
2კ-141აპ.-03
დავის ტიპი
საკასაციო საჩივარი
თარიღი
03.07.2003

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ 141-აპ 3 ივლისი, 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით: მ. ისაევი (თავმჯდომარე),მ. გოგელია,ი. ბიბილაშვილი

განიხილა მსჯავრდებულ ო. გ-სა და მისი ინტერესების დამცველის, ადვოკატ ა. კ-ს საკასაციო საჩივრები თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 მაისის განაჩენზე, რომლითაც ცვლილება იქნა შეტანილი თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის განაჩენში ო. გ-ს მიმართ, კერძოდ: ო. გ-ს მოეხსნა საქართველოს სსკ-ს 172-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება.

ო. გ. ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ს 172-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ” და “ე” ქვეპუნქტებით და მიესაჯა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა. საქართველოს სსკ-ს მე-60 მუხლის გამოყენებით აღნიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა მოსკოვის სოლნცევის მუნიციპალური სასამართლოს 2000წ. 11 აპრილის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ო. გ-ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლითა და 6 თვით ქალთა საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით. სასჯელის მოხდა დაეწყო 2000წ. 9 ნოემბრიდან. მას სასჯელის მოხდაში ჩაეთვალა ასევე 2000წ. 3 ნოემბრიდან 6 ნოემბრამდე დაკავებაში ყოფნის დრო.

ამავე საქმეზე ასევე მსჯავრდებულია ო. ხ.. მის მიმართ განაჩენი საკასაციო წესით არ საჩივრდება. ამავე სასამართლოს განჩინებით ასევე ნაწილობრივ გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2001წ. 11 დეკემბრის განაჩენი ო. გ-ს, ი. ბ-სა და რ. კ. მიმართ გ. კ-სა და კ. მ-ს გაშვილების ეპიზოდებში და მასალები სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხის გადასაწყვეტად დაუბრუნდა ქ. თბილისის პროკურატურას.

აღწერილობითი ნაწილი:

განაჩენით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ ო. გ-მა ჩაიდინა არასრულწლოვნით ვაჭრობა, ე.ი. საზღვარგარეთ უკანონოდ გაყვანის მიზნით არასრულწლოვნის ყიდვა, ჩადენილი ჯგუფურად, რაც გამოიხატა შემდეგში:

ო. გ., რომელიც არის ორმაგი მოქალაქეობის მქონე (კანადა, რუსეთი), 2000 წელს ჩამოვიდა საქართველოში და ცხოვრობდა თბილისში, მის მეგობარ მ. ე-თან, დადგენელი წესით პოლიციის ორგანოებში რეგისტრაციის გარეშე. ო. გ-ს საქართველოში ჩამოსვლის მიზანს წარმოადგენდა არასრულწლოვნებით ვაჭრობის ორგანიზება საზღვარგარეთ გაყვანის მიზნით. განზრახვის სისრულეში მოყვანისათვის 2000წ. აგვისტოს ბოლო რიცხვებში ო. გ. დანაშაულებრივად დაუკავშირდა ქ. თბილისის ¹1 სამშობიარო სახლის ერთ-ერთ თანამდებობის პირს. ისინი შეთანხმდნენ, უკანონო გარიგების გზით შეეძინათ ახალშობილი ბავშვი, რათა შემდგომში ო. გ-ს იგი კანადაში გაეყვანა.

ო. გ-ს გააცნეს ¹1 სამშობიარო სახლში ახალმშობიარეები, მატერიალუარად მეტად მძიმე მდგომარეობაში მყოფი ო. ხ., რომელიც შანტაჟითა და მოტყუებით დაარწმუნეს, რომ მას, როგორც დედას, არავინ მისცემდა ბავშვს, რადგან მას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა. ეს უკანასკნელი დათანხმდა, ო. გ-სათვის მიეყიდა ახალშობილი მარიამი 500 აშშ დოლარად, რაც განხორციელდა კიდეც 2000წ. 4 სექტემბერს, როცა მ-მი ოფიციალურად გაწერეს საავადმყოფოდან, რა დროსაც ო. ხ-მა ბავშვი გადასცა ო. გორელიკს, რომელმაც ახალშობილი მარიამი წაიყვანა და მიაბარა ძიძას, ზ. ძ-ს, დროებით მოსავლელად.

მიუხედავად დაპირებისა, ო. გ-მა ო. ხ-ს ნაცვლად დაპირებული 500 აშშ დოლარისა, გადაუხადა მხოლოდ 150 აშშ დოლარი, რომელიც ამ უკანასკნელმა პირადად მოიხმარა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სახელზე წარმოდგენილ საკასაციო საჩივარში მსჯავრდებული ო. გ. აღნიშნავს, რომ მის მიმართ დადგენილი განაჩენი უკანონოა და დაუსაბუთებელი, რის გამოც ითხოვს მის გაუქმებას.

მსჯავრდებულ ო. გ-ს ინტერესების დამცველი ადვოკატი ა. კ. დამატებით წარმოდგენილ საკასაციო საჩივრით ითხოვს განაჩენის გაუქმებას და მიუთითებს, რომ კანონი სისხლისსამართლებრივ დასჯად ქმედებად მიიჩნევს არასრულწლოვნით ვაჭრობას, ო. გ. კი დასჯილია მცირეწლოვნით ვაჭრობისათვის. ასეთს კი მოქმედი სისხლის სამართლის კანონი არ ცნობს.

ადვოკატი ა. კ. საჩივარში აღნიშნავს, რომ წინასწარი გამოძიების დროს ო. გ. ორჯერ იქნა დაკავებული. პირველი დაკავების შედეგ სასამართლომ იგი გაათავისუფლა პატიმრობიდან ყოველგვარი აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გარეშე და სასამართლომ გააუქმა სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილება. ამის შემდეგ ქ. თბილისის პროკურორმა კვლავ გააუქმა სისხლის სამართლის აღძვრის დადგენილება და იმავე ფაქტზე აღძრა სისხლის სამართლის საქმე, რაც, ადვოკატის მოსაზრებით, ყოვლად დაუშვებელია. ადვოკატი ა. კ. აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ დაასაბუთა, რაში გამოიხატებოდა ჯგუფის მიერ არასრულწლოვნით ვაჭრობა, არ არსებობდა “მყიდველთა ჯგუფი” და “გამყიდველთა ჯგუფი”. ასევე არ ყოფილა დადგენილი ბავშვის საზღვარგარეთ უკანონოდ გაყავნის მიზანი. ადვოკატი ა. კ. საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ ო. გ-ს არ ჩაუდენია მასთვის შერაცხული დანაშაული და ითხოვს განაჩენის გაუქმებას.

პალატის სხდომაზე ადვოკატმა ა. კ-მ ვრცლად მიმოიხილა საქმის მასალები. მან მხარი დაუჭირა Yთავის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას, პალატის წინაშე იშუამდგომლა განაჩენის გაუქმებისა და ო. გ-ს მიმართ საქმის წარმოებით შეწყვეტის თაობაზე.

მსჯავრდებულმა ო. გ-მა დეტალურად მიმოიხილა საქმეში არსებული მასალები. მან აღნიშნა, რომ იგი უკანონოდაა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რადგან დანაშაული არ ჩაუდენია. მანვე აღნიშნა, რომ არ მისცემია საბოლოო სიტყვის უფლება და პალატის წინაშე იშუამდგომლა განაჩენის გაუქმების, საქმის წარმოებით შეწყვეტისა და პატიმრობიდან დაუყონებლივ განთავისუფლების შესახებ.

პროკურორი გ. ყ. არ დაეთანხმა საკასაციო საჩივრების მოთხოვნას. მან დეტალურად მიმოიხილა საქმეში არსებული მასალები, კანონიერად მიიჩნია მოცემულ საქმეზე ო. გ-ს მიმართ დადგენილი განაჩენი და იშუამდგომლა მისი უცვლელად დატოვების შესახებ. პროკურორმა წერილობით წარმოადგინა თავისი სიტყვა და მ. მდივნის ავადმყოფობის შესახებ ექსპერტიზის დასკვნა, რაც დაერთო საქმეს.

სამოტივაციო ნაწილი:

პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრების მოტივების საფუძვლიანობა, მოისმინა მხარეთა მოსაზრება და თვლის, რომ ო. გ-ს მიმართ დადგენილ განაჩენში შეტანილ უნდა იქნეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ მას უნდა მოეხსნას დამატებითი სასჯელი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, სხვა ნაწილში კი განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო: პალატა ვერ გაიზიარებს საჩივრების მითითებას იმის შესახებ, თითქოს ო. გ-ს არ ჩაუდენია საქართველოს სსკ-ის 172-ე მუხლის მესამე ნაწილის “გ”, და “ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული. უნდა აღინიშნოს ის გარემოება, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები გამოკვლეული და შეფასებულ იქნა როგორც პირველი ინსტანციის, ასევე _ სააპელაციო სასამართლოს მიერ, რომელთა კომპენტენციაში შედის საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 566-ე მუხლის პირევლი ნაწილის თანახმად, საკასაციო ინსტანციას უფლება არა აქვს, დაადგინოს ახალი ფაქტები ან დამტკიცებულად არ ჩაითვალოს განაჩენსა თუ გასაჩივრებულ სხვა სასამართლო გადაწყვეტილებაში მოყვანილი ფაქტები. აქედან გამომდინარე საკასაციო პალატას უფლება არა აქვს, ეჭვის ქვეშ დააყენოს განაჩენით დადგენილად მიჩნეული ფაქტები.

ამასთან, პალატა ვერ დაეთანხმება ადვოკატ ა. კ-ს საჩივრის მითითებას იმის შესახებ, თითქოს სასამართლოს ჰქონდა გაუქმებული სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილება და პროკურორი არ იყო უფლებამოსილი, ხელმეორედ გაეუქმებინა და შემდგომ აღეძრა სისხლის სამართლის საქმე. პალატა აღნიშნავს, რომ სასამართლოს არ გაუუქმებია სისხლის სამართლის საქმის აღძვრის დადგენილება, არამედ მან დადგენილებაში მიუთითა, რომ საქმე აღძრულ იყო არაუფლებამოსილი პირის მიერ, რის შემდეგ, 2000წ. 6 ნოემბრის, ასეთი დადგენილება სავსებითYკანონიერად გააუქმა ქ. თბილისის პროკურორმა და თვითონვე აღძრა სისხლის სამართლის საქმე. პროკურორის მოქმედება იყო სავსებით კანონიერი და არ ეწინააღმდეგებოდა მოქმედ საპროცესო კანონმდებლობას.

პალატა ასევე ვერ დაეთანხმება ადვოკატ ა. კ-ს საჩივრის მითითებას იმის შესახებ, თითქოს მოქმედი კანონით ისჯება მხოლოდ არასრულწლოვნით ვაჭრობა, ხოლო, რადგან მარიამი იყო მცირეწლოვანი, ო. გ-ს ქმედება არ უნდა ჩათვლილიყო კანონსაწინააღმდეგოდ. ადვოკატის ასეთი მოსაზრება ვერ იქნება გაზიარებული, რადგან საქართველოს სსსკ-ს 44-ე მუხლის 37-ე ნაწილის თანახმად, არასრულწლოვანია პირი, რომელსაც 18 წელი არ შესრულებია, ხოლო მცირეწლოვანია პირი, რომელსაც 14 წელი არ შესრულებია, ამდენად, მცირეწლოვანი, მითუმეტეს, არის არასრულწლოვანი. ადვოკატის ეს მითითება განაჩენის გაუქმების საფუძველი ვერ გახდება.

პალატა ასევე ვერ გაიზიარებს საჩივრის მითითებას იმის შესახებ, თითქოს მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია პირთა ჯგუფის მიერ შეთანხმებას და ბავშვის (იგულისხმება _ მარიამი) საზღვარგარეთ გაყავნის მიზანს. ეს გარემოებები როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო ინტანციის სასამართლომ დეტალურად გამოიკვლია და მისცა მას სწორი სამართლებრივი შეფასება.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მსჯავრდებული უხეშად არღვევდა წესრიგს და მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, სასამართლოს არ აძლევდა საქმის განხილვის საშუალებას. სააპელაციო პალატის 2003წ. 24 აპრილის განჩინებით, ო. გ. გაძევებულ იქნა სასამართლო სხდომის დარბაზიდან და სხდომა გაგრძელდა მის დაუსწრებლად. რადგან ო. გ. გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან, ამის გამო მას საქმის სააპელაციო წესით შემდგომ განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია და ამდენად, არც საბოლოო სიტყვით უსარგებლია. პალატა თვლის, რომ მსჯავრდებულმა ო. გ-მა თვითონ შექმნა იმის საფუძველი, რომ გაძევებული ყოფილიყო სხდომის დარბაზიდან, რის გამოც მისი შემდგომ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიუღებლობა არ შეიძლება საპროცესო კანონის დარღვევად იქნეს მიჩნეული. ამ მოტივით განაჩენის გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მისცა მას სწორი სამართლებრივი შეფასება. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში იქნა მიღებული ის გარემოება, რომ ო. გ. არის ქალი, მის ქმედებას არ მოჰყოლია მძიმე შედეგი, რის გამოც შეუფარდა სანქციით განსაზღვრული სასჯელის მინიმუმი. სასჯელის კვლავ შემცირების საფუძველი კი საქმეში არ მოიპოვება.

პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ო. გ-ს მიმართ განსაზღვრულ სასჯელს არასწორად დაუმატა რუსეთის ფედერაციის მოსკოვის სოლნცევის მუნიციპალური სასამართლოს 2000წ. 11 აპრილის განაჩენით შეფარდებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. პალატა აღნიშნავს, რომ ზემოთ მითითებული განაჩენით ო. გ-ს მსჯავრი დაედო იმისათვის, რომ ჩაიდინა კონტრბანდა, რაც გამოიხატა მასში, რომ საბაჟოს გვერდზე ავლით გაჰქონდა 2.965 აშშ დოლარი. საქართველოს კანონმდებლობით საზღვარგარეთის ვალუტის საბაჟოს გვერდის ავლით გატანა-შემოტანა არ წარმოადგენს სისხლის სამართლებრივ დასჯად ქმედებას, რის გამოც არ არსებობდა საფუძველი ო. გ-ს მიმართ უცხო ქვეყნის განაჩენით შეფარდებულ სასჯელის დამატებისა, ამიტომ ის განაჩენიდან უნდა ამოირიცხოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 561-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტითა და 568-ე მუხლით:

დ ა ა დ გ ი ნ ა :

საკასაციო საჩივრების მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 1 მაისის განაჩენში ო. გ-ს მიმართ შეტანილ იქნეს ცვლილება იმ მიმართებით, რომ განაჩენიდან ამოირიცხოს მითითება მოსკოვის სოლნცევის მუნიციპალური სასამართლოს განაჩენით შეფარდებული სასჯელის _ 6 თვით თავისუფლების აღკვეთის _ დამატების შესახებ. ო. გ-ს მოსახდელად დარჩეს სააპელაციო სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული 5 წლით თავისუფლების აღკვეთა.

სხვა ნაწილში განაჩენი დარჩეს უცვლელად.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.